ზაზა ბურჭულაძის ფრთები

Posted 2:00 PM by Nina in თემები , ,

post-29-1180997688

ავტორი მალხაზ ხარბედია

Bookmark and Share
 

ქართულ ლიტერატურულ ჟარგონში ახალი სიტყვა გაჩნდა, adibas-ი. მართალია, სიტყვა მანამდეც არსებობდა ყოფაში, მაგრამ ახლა იგი უკვე ლიტერატურაში გაფორმდა, სულ მალე კი ალბათ მოვა დრო, როდესაც ლევან ბრეგაძე ან ჟარგონის სხვა მკვლევრები თავიანთ ნაშრომებშიც შეიტანენ ამ სიტყვას. მით უმეტეს, ავტორს უკვე აკადემიური განმარტებაც აქვს მზად, რომელიც ეპიგრაფივით უძღვის წიგნს: “ადიბასი – 1. ყალბი ადიდასი. 2. ზოგადად სუროგატი, იმიტაცია. 3. ნებისმიერი ყალბი, ფალსიფიცირებული რამ: ნივთი, საგანი, სიტუაცია, მოვლენა, და ა.შ.”.
ჩემთვის წიგნის ასეთი შესავალი ძალიან საყურადღებო იყო, რადგან, როგორც მის ნაწერებს ხშირად ვატყობდი ხოლმე, ზაზა ყოველთვის ბევრს (ზოგჯერ ზედმეტად ბევრსაც) მუშაობდა ლექსიკონებთან.
მას აქვს წიგნები, რომლებიც სავარჯიშოები უფრო გეგონება, სადაც იგი თვეების თუ წლების მანძილზე ლექსიკონებიდან ან რომელიმე ენამახვილი მთარგმნელის მარაგიდან ამოკრებილი სიტყვებითაა აწყობილი.
ზაზა თავიდანვე ძალიან ბევრს მუშაობდა ენაზე, ბევრს ეძებდა, გაუთავებლად არჩევდა სიტყვებს, შედეგად კი ხშირად გამოსდიოდა სრულიად კარიკატურული და დამღლელი კონსტრუქციები, რაც ერთი მხრივ ღვლარჭნილი ფსევდო-ქართული იყო, მეორე მხრივ კი, აზრის გადმოცემის ფსევდოაკადემიური, უმწიფარი მცდელობები.
მაგალითად, მისი პირველი რომანი, “სულთათანა” (2000) სავსეა ასეთი ენობრივი “სამშობიარო ტკივილებით”. ნებისმიერ გვერდზე შეგიძლიათ გადაშალოთ და ასეთ რამეებს შეხვდებით: “მახსოვრობის სკივრიდან ერთბაშად ამოაგონდა, დედის მომუშტული ხელის მტევანში მოჭმუჭნილი ოფლით მონამული ზეწარი როგორ მოიმჩვარა, როგორც კი მომუშტვას დედამ თავი ანება...”, “ისედაც მბჟუტავმა შუქმა სულ მთლად ჩაქრობისკენ ქნა პირი”, “ბუნებრივ კანონზომიერებათა აშკარა უგულებელყოფისა და შეუფარავი დაცინვის თვალსაჩინო ნიმუშია ის, რასაც სპილოს ძვლის კუნძულის აბორიგენები სჩადიან თავიანთ მიცვალებულებთან”.
შემდეგი ძალიან მკვეთრი ნაბიჯი იყო “წერილი დედას” (2002), სადაც პირველ პირში გულახდილად მოთხრობილმა თითქმის რეალურმა ამბავმა ცოტათი დაჩრდილა ეს “ლინგვისტური თამაშები”, თუმცა ზაზამ აღარ განავითარა ეს მიმართულება და მომდევნო რამდენიმე წელი მან არჩია სრული ტექსტუალობის გზით ევლო, წარმოედგინა წარმოუდგენელი, ეწერა იმის მიუხედავად, სათქმელი ჰქონდა თუ არა. ამ პერიოდში ჩამოყალიბდა ალბათ ზაზას სურვილი თუ ახირება, რომ მისი წიგნები საზრისის ქექვით, და რაღაც კონცეფციებით წაეკითხათ და სწორედ ამიტომაც მოხდა, რომ მის “მინერალურ ჯაზს” (2003) ამდენი “კომენტატორი” დაესია (თუ დაასიეს). რა თქმა უნდა, არც ზაზა იყო რობ-გრიე და არც კომენტატორები იყვნენ ბარტი-ტოდოროვი-კრისტევები. ამიტომ, როგორც ადრეც აღვნიშნე, ახალი ლიტერატურისა და ძლიერი ახალი მწერლის ასპარეზზე გამოყვანის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა (უფრო სწორად ნაჩქარევი იყო). ზაზა ბურჭულაძის ანცობები, მისი ნაგროვები ლექსიკა, ჩანიშნული სახელები და დასახელებები, ხუმრობები და უხამსობები, ქადაგებები და ხულიგნობები ხშირად ისევ ვერ ეწერებოდა წიგნის საერთო ქსოვილში და ავტორის მცდელობები თავისი მკვეთრად გამოხატული, ძლიერი იდიოლექტი შეექმნა (როგორც ეს თავის დროზე მოახერხეს, ვთქვათ, ჩაკ პალანიკმა ან ვლადიმირ სოროკინმა), უშედეგოდ მთავრდებოდა.
მოკლედ, დროებით ზაზას ნაწერი დაშორდა რეალობასაც, “აუცილებლობისა და ალბათობის” უძველეს, არისტოტელესეულ პრინციპსაც, ენასაც, რომელმაც მოგვიანებით სრულიად უშედეგოდ გაიბრძოლა “სახარება ვირისაში” (2004), ხოლო Enfant terrible-ის ხვედრი, რომელიც მან ჯერ კიდევ “სიმპსონებიდან” და “წერილი დედას”-იდან მოყოლებული აირჩია, სულ უფრო ბუნდოვანი, უშედეგო და უინტერესო ხდებოდა. ჯვარცმა და რომაელი ჯარისკაცები არსად ჩანდნენ, ზაზამ მოიწყინა.
გარკვეული პერიოდის მანძილზე, განსაკუთრებით რამდენიმე ტოკ-შოუში მონაწილეობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პერიოდში, ბურჭულაძე გასცდა კიდეც ლიტერატურის ფარგლებს და ვიტრინაში დაიკავა ადგილი…

იხილეთ ვრცლად>>>

http://www.tavisupleba.org/



0 comment(s) to... “ზაზა ბურჭულაძის ფრთები”