by zazagabunia
ალბათ მკითხველის ერთ ნაწილს, ჩემი გვარის გასწვრივ მოცემულმა ამ ფრაზამ ლოგიკურად ჩემივე ოცნებაზე აფიქრებინა, თუმცა მეორე და ვფიქრობ უფრო დიდი ნაწილი ადვილად მიხვდებოდა, რომ მოცემული ესსე მარტინ ლუთერ კინგის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ სიტყვას ეხება, რომელიც 1963 წლის 28 აგვისტოს ვაშინგტონში წარმოთქვა.
ვისაც ამ მოვლენის ამსახველი ვიდეო-მასალა აქვს ნანახი გაახსენდება ის საერთო სახალხო დღესასწაული, რომელიც შტატების ფერადკანიანმა მოსახლეობამ კინგის ხელმძღვანელობით ვაშინგტონში ეროვნულ პარკში გამართა.
ლუთერ კინგი ნათლად წარმოაჩენს ადგილის სიმბოლურ მნიშვნელობას, რომლის მისია ვითარების დრამატული ნაწილის ხაზგასმაა. სიმბოლური იყო თავად აფრო-ამერიკელი მსმენელებისთვისაც. 1939 წელს მომღერალ მარიან ანდერსონს უარი უთხრეს კონსტიტუციური დარბაზის გამოყენებაზე, ამის მიზეზი კი მისი რასობრივი კუთვნილება იყო. თუმცა პრეცედენტი მაინც შედგა. პირველად ლედი ელეანორ რუზველტმა მოაწყო საჯარო კონცერტი ლინკოლნის მემორიალის წინ, რომელიც სწორედ ანდერსონმა გახსნა `ამერიკით~. მისი სიმღერა ნაკლებად იყო კულტურული თუ შემოქმედებითი მნიშვნელობის და უფრო არსებული სოციალური პრობლემით იყო ნაკარნახევი, რადგან მომღერალი კარგად იაზრებდა რა რომ მისი მსგავსი ამერიკელები არ იყვნენ მოაზრებულნი ამ სიმღერის სიტყვებში.
თუმცა მანიფესტაციის მასშტაბურობასა და მგზნებარე აფრო-ამერიკელთა დასამახსოვრებელ სახეებზე მეტად ხაზგასმას თავად ლუთერ კინგის მიერ წარმოთქმული სიტყვა იმსახურებს.
კინგმა დაუკავშირა ერთმანეთს სამი ამერიკული დოკუმენტი და მიანიჭა მათ განახლებული მნიშვნელობა.
მათ შორის პირველი იყო დამოუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც იცავდა პრინციპს `ყველა ადამიანის თანასწორობის შესახებ~. ამას კინგი უწოდებდა ამერიკულ `დილემას~. მისი ოცნება იყო, რომ ერი `გაზრდილიყო და ცხოვრებაში გაეტარებინა ნამდვილი, ჭეშმარიტი მიშვნელობა~ ამ რწმენისა.
მეორე გახლდათ ლინკოლნის 1863 წლის გეცბურგის მიმართვა, რომელიც წარმოადგენდა გარდამავალ ეტაპს დამოუკიდებლობის დეკლარაციის დაპირებების შესრულებისთვის. მესამე კი იყო ჰიმნი `ამერიკა~. კინგი ჭვრეტდა იმ დღეს, როდესაც `ღვთის ყველა შვილს ექნებოდა საშუალება ახალი მნიშვნელობით ემღერა, “ჩემო ქვეყანა შენ ხარ თავისუფლების ტკბილი მიწა, შენ გიმღერი~.
თუმცა ლუთერი აშკარად გამოხატავს უკმაყოფილებას არსებული ვითარებით, მეტიც ის ამერიკას დამფუძნებელი მამების მიერ მოქალაქეთათვის მიცემული პირობის შეუსრულებლობასა და ფერადკანიანთადმი ზერელე დამოკიდებულებაში დებს ბრალს: “ჩვენ დღეს ჩამოვედით ჩვენივე სახელმწიფოს დედაქალაქში, რათა მივიღოთ ის ვალი, რომელიც ამერიკის სახელმწიფოს არქიტექტორებმა განუკუთვნეს ყველა მოქალაქეს. დღეს კი შავკანიანებს არ ეძლევათ ამ წმინდა ვალის მიღების საშუალება, თუმცა მიუხედავად ამისა მე არ მინდა ვირწმუნო, რომ სამართლიანობის ბანკი გაკოტრებულია”.
ჩემი აზრით, ამ სიტყვის მთავარი ღირსება გახლავთ ის, რომ მას ახასიათებს მჭიდრო კავშირი ისტორიულ კონტექსტთან. ტექსტის შინაარსი ავლენს მცდელობას დიდი წინაპრის, აბრაამ ლინკოლნის ბრძნულ გადაწყვეტილებას დაუკავშიროს გარდაუვალი აუცილებლობა, რომელიც მწვავედ დგას იმ დროის ამერიკულ საზოგადოებაში, რათა ამ მაღალი, მორალური ინსტანციიდან, ისტორიული გადმოსახედის შუქზე ნათლად აჩვენოს ის ნაპრალი, რომელიც გაჩნდა ისტორიასა და თანამედროვეობას, დეკლარირებულსა და აღსრულებულს შორის…
http://zazagabunia.wordpress.com/