ავტორი – შიო ფასადური
ეს სევდიანი ამბავი, ქობულეთის სანაპიროზე მოხდა.
1980 წლის ცხელი ზაფხული იდგა. ზღვის სანაპიროზე ვისვენებდი. მარტო ჩავედი ქობულეთში, მსურდა სიმარტოვეში მეპოვა ჭეშმარიტება, მთელი დღეები სანაპიროზე დავბორიალებდი, ზღვის ტალღები მისველებდა ფეხებს და სიგრილის განცდას ენით აუწერელი სიამოვნება მოჰქონდა, კენჭებს და ლოკოკინებს ვაგროვებდი, თოლიებს ვკვებავდი, ქვიშაზე ჩემს სახელს ვწერდი და შემდეგ ვუყურებდი, ზღვა როგორ შლიდა მას...
დილით, ჩვეულებისამებრ, გამოვედი პლაჟზე. ადრე იყო. მზე ჯერ არ ამოწვერილიყო ზღვიდან ბოლომდე, სანაპირო ცარიელი იყო, ზუსტად ისე, როგორც ჩემი გული...
ზღვასთან შენ იდექი, ზურგით ჩემკენ. ლამაზი ჩალის ქუდი გეხურა, უღელტეხილზე ყიდიან ეგეთებს, მსუბუქი ნიავი კაბას გიფრიალებდა. თავიდან არ მოგაქციე ყურადღება, მაგრამ შენ შემომხედე და გამიღიმე, თვალთ დამიბნელდა. მივხვდი, რომ ვიპოვე ის, რასაც ვეძებდი. მანამდე არ მჯეროდა ერთი ნახუით შეყვარების, მაგრამ, შენმა შემხედვარემ, დავიჯერე...
მოულოდნელად ქარმა დაუბერა და ჩალის ქუდი წაგართვა, ქერა თმები უხეშად აგიწეწა, ქუდი კი ზღვაში შეაგდო. იმწამს შემოვიძარცვე ტანსაცმელი და ზღვაში შევცურე შენი ქუდის დასაბრუნებლად. ვიეჭვიანე ზღვაზე, რომელსაც გულში ჩაეკრა შენი თავსაბურავი. უფრო და უფრო შორს მივცურავდი, მივდევდი ჩალის ქუდს, მაგრამ ზღვა არ მნებდებოდა, დინებას ის კიდევ უფრო შორს შეჰქონდა. ჩემი ქართული ხასიათი არ მაძლევდა უფლებას, სტიქიას დავნებებოდი, ამიტომ გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა, მეჯობნა ზღვისთვის, რომელიც ქვიშაზე ჩემს სახელს შლიდა...
უკან მოუხედავად მივცურავდი, ქუდს ვერ ვეწეოდი, მაგრამ არც ჩამოვრჩებოდი. უკან მოხედვის მეშინოდა, მაგრამ მივცურავდი... დევნა დიდხანს გაგრძელდა.. მანამ სანამ ქუდი ტალღებმა ნაპირზე არ გარიყა, მეც გავედი ნაპირზე, სასურველი ნივთი ხელში ავიღე და კმაყოფილმა მივიხედ-მოვიხედე...
ასე მოვხვდი ბულგარეთის ემიგრაციაში, ტრუსების ამარა. 30 წელი ვეღარ დავბრუნდი უკან, მაგრამ საბოლოოდ მაინც გავიტანე ჩემი და საქართველოს დავუბრუნდი.
მაშინვე ქობულეთს გავემგზავრე. ქუდს ხელიდან არ ვუშვებდი, ვეფერებოდი, დილით ადრე პლაჟზე გავედი და რაოდენ გავოცდი, როცა შენ იქ აღარ დამხვდი, ალბათ ვერ გაუძელი სევდას და უდროოდ დატოვე ეს ქვეყანა.
მართალია, შენი სახე აღარ მახსოვს, მაგრამ მეც ვერ ვიცოცხლებ უშენოდ დიდხანს, ზღვას ჩავბარდები და ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით იმქვეყნიურ საქართველოში.