“ნიჭიერის” პროლოგი: ძუძუები და “ცოტნე დადუ-ანი”, ანუ, რაღაც სადღიურო ჩანაწერების მსგავსი…
Posted 3:30 PM by anano in თემები doin.ge, Mchxapneli, იუმორი, კონკურსი, საქართველო, შოუ ბიზნესი
ავტორი – Mchxapneli
warning: “გარეშე პირთა შესვლა სასტიკად ნებადართულია. გთხოვთ, წარმოადგინეთ თავისუფალი დრო და წაკითხვის სურვილი“
დრო? “full”-ია!
წაკითხვის სურვილი? sur(e), will!
ძალიან კარგი, მაშინ დავიწყოთ…
“ელემენტარულია, უოტსონ”
“ნიჭიერს” ზღაპრული ოთახი აქვს. არა იმიტომ, რომ კედლებიდან რძე, თაფლი, ან, მაიონეზი გადმოდის… უბრალოდ, იქამდე მისასვლელად “ცხრა ზღვისა და ცხრა მთის გადალახვაა” საჭირო. “ნოკიის” ენით თუ ვიტყვით - ძალიან გრძელი, მთვრალი “snake”-ის ფორმის დერეფანი უნდა გაიარო და თუ სადმე მინოტავრი არ შეგხვდა, ერთ უბრალო კარს მიადგები. ამ კარს დამოუკიდებლად რომ მიაგნო, მინიმუმ ძალიან ნიჭიერი უნდა იყო. ალბათ, ესეც სიმბოლურია.
ოთახში მდებარე ორი დიდი მონიტორი და ერთ-ერთ მათგანთან მდგარ ყავაშემორჩენილ ჭიქაში ჩამწვარი სიგარეტი, მიუთითებს, რომ ამ მონიტორებთან მსხდომ ადამიანებს ძალიან რთული სამუშაოთი აქვთ. თუმცა, თუ დედუქციას ფეხებისკენ გავუშვებთ და სემირამიდას ბაღების ბედს ვწევთ, შეგვიძლია, უბრალოდ მონიტორს შევხედოთ და მივხვდებით, რომ ეს მემონტაჟეების ადგილია. მონტაჟის სირთულისა და მნიშვნელობის საჩვენებლად კი მცირე კულინარიული წიაღსვლაა საჭირო (მით უმეტეს, როცა ”შიდა სამზარეულოზე” ვსაუბრობთ): ”ცალ-ცალკე ხორცი, კარტოფილი, მაკარონი, მწვანილი, თუ სანელებლები რაც არ უნდა გემრიელი იყოს, თუ მზარეული ცუდი აღმოჩნდა, შეუძლებელია საბოლოო პროდუქტი (სავარაუდოდ, სუპი) ასევე გემრიელი გამოვიდეს”.
ფსევდო-ფილოსოფოსობას ჩემი დედუქცია ინტრიგანობასაც უთავსებს და ხედავს რა, თიკა ფაცაციას სახეს, როდესაც პროექტის ბლოგერებს აცნობენ, ხვდება, რომ წამყვანმა ისევე იცის ბლოგის რაობა, როგორც მე სიბრტყეზე გადაჭიმულ პარალელურ ხაზებში ჩაყრილი ნოტებისა.
კედელთან კი მაცდურად და მიმზიდველად აწყვია მონაწილეთა ანკეტები. დედუქცია მკარნახობს, რომ ძაღლის თავის სუნი სცემს. მეც ვემორჩილები ნიუტონის აღმოჩენილ კანონს და ვცდუნდები…
“ძუძუები! ძუძუები! ძუძუები!”
“- დაბადების წელი
- ოცდაცხრა
- ათას ცხრაას… არა? – ჰუმორით ვკითხე
- რასაკვირველია
- სქესი!
- ვასილი მქვია – იმანაც ჰუმორით მომიგო.” - გურამ დოჩანაშვილი
სხვებისაგან განსხვავებული დასაწყისი არც პოტენციური ნიჭიერების ანკეტებს აქვს და რა თქმა უნდა, უცნაური “ჰუმორი” აქაც საგრძნობია. თუნდაც, გრაფა “გვიამბეთ თქვენი ოჯახის წევრებზე”, პასუხით: “სტომატოლოგია მსახიობური მისწრაფებებით”.
ზოგიერთი მონაწილის საკონტაქტო ნომრების გრაფაში მეგობრის, მეგობრის დედის და მეგობრის ბიძის ნომერიც კია მითითებული.
კითხვაზე “ვინ წამოგყვებათ საგულშემატკივროდ” პასუხი არის როგორც მოკლე და მკაფიო, მაგალითად: “კობა”, ასევე უფრო ინფორმაციული – “დაქალი მანანა” და ყოვლისმომცველი: “მამა - ესა და ეს”. დასამახსოვრებელია ასევე 8 და 9 წლის ბავშვების დუეტის პასუხი: “დედა და ბებია, დედა და ბებია”
თუმცა, ყველაზე საინტერესო მაინც ანკეტის ბოლო ნაწილია, სადაც მონაწილეები თავიანთ ფარულ ნიჭს ააშკარავებენ. ასე მაგალითად:
-
“ვიცეკვებ ბრეიგდანსს”
-
“ჩავიდებ მუშტს პირში” (რამდენმა გაიფიქრეთ და სცადეთ: “აბა მე თუ ვიზამ ამასო?”
)
-
“დავწვები ლურსმებზე და შუშის ნამსხვრევებზე”
-
“დავიმსხვრევ ბლოკს თავზე”
-
“ვიცოცებ კედელზე”
-
“შევჭამ ხინკალს”
-
“ჩავყლაპავ რკინის ნივთებს, დავაყოლებ ბევრ წყალს და მერე უკან ამოვიღებ”
-
”ვიცეკვებ სტრიპტიზს…”
სტრიპტიზი – როგორც ქალბატონმა აღნიშნა “ცეკვის ხელოვნებაა”, რომელსაც ასევე თავისებური ნიჭი სჭირდება. მაშასადამე, როდესაც სცენაზე “ზემოთხსენებული ქვესათაურის“ დემონსტრირება მოხდება, სანამ ამერიკელი მასონების აუგად მოხსენებას გადაწყვეტთ და ჩვენი ტრადიციების გადაშენების პერსპექტივებს დასახავთ, გახსოვდეთ, რომ შეიძლება უფრო უარესიც მომხდარიყო. თქვენ ხომ ვერც იფიქრებდით, რომ არსებობდა “ნიჭიერი”, რომელიც ამტკიცებდა, რომ “ავტობუსს ზემოდან შარდის ნაკადს გადაავლებდა”, ან, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, “გადააფსამდა”. წარმოიდგინეთ შუა სცენაზე მდგარი ავტობუსი და…ნარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მიმინდია
საერთოდ კი, ნიჭებში უდავო უპირატესობა “მუსიკის ფონზე იოგების ძაბვის პროცესს” აქვს. თუმცა, ზოგიერთ მონაწილეს იმდენი სიმღერა აქვს რეპერტუარში ჩამოწერილი, ნომრის წარდგენას აპირებს, თუ, სოლო-კონცერტის გამართვას, ძნელი სათქმელია.
დასკვნის სახით რომ ჩამოვაყალიბო, ამ ანკეტების ეკრანიზაცია, მინიმუმ, ძალიან სახალისო მაინც უნდა გამოდგეს.
დედა, რა იყო ეს, ა?