პირველად იყო... ლაქა
Posted 4:00 PM by Nina in თემები tavisufleba.org, ია ანთაძე, პოლიტიკა, საქართველო
ავტორი ია ანთაძე
დღეს 7 იანვარია, ქრისტეშობა. სულ რამდენიმე დღეა, ახალი წელი დაიწყო. როგორც ყოველ შობა-ახალწელს, ახლაც მაქვს განცდა, რომ ჩემ წინ გაშლილია დრო, ისეთივე ხელუხლებელი, ისეთივე მიმზიდველი, როგორც პირველი თოვლი ტრიალ მინდორზე.
რა მოუვა ამ დროს? რა დაიწერება მასზე? რა დაიხატება? რა ლაქები დაედება? რა შუქი მოეფინება? ვისი ვარსკვლავი აინთება? ვისი – ჩაქრება?
* * *
2010 პირდაპირ ვარდის მურაბის ლაქით დაიწყო.
4 იანვარს ტელეკომპანია „იმედმა“ გვაცნობა, რომ ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევით, გამოკითხულთა 60% მიხეილ სააკაშვილის მესამე საპრეზიდენტო ვადით არჩევის მომხრეა.
კარგად მახსოვს, რუსეთშიც ზუსტად ასე დაიწყო: 2006 წელს, „ლევადა–ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 58% დადებითად აფასებდა საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც პუტინს საშუალებას მისცემდა, კენჭი მესამე საპრეზიდენტო ვადით ეყარა. რაც გამოვიდა ამ საქმიდან, ყველამ ვნახეთ: პუტინი რუსეთის ხელისუფლებიდან არსად წასულა. 4 იანვრის „ქრონიკის“ ინფორმაციასაც ქარი რომ არ წაიღებს და ეს ლაქა სულ უფრო მეტად რომ ჩააკვდება ქართულ პოლიტიკას, ეჭვი არ მეპარება.
* * *
ბერტოლდ ბრეხტის ერთ პერსონაჟს ეკითხებიან, რას აკეთებთ, როცა ვინმე გიყვართო. ისიც პასუხობს – პროექტს ვადგენ და მერე ვზრუნავ, რომ ისინი ერთმანეთს მოერგონო. ეკითხებიან – ვინ ვის უნდა მოერგოსო, ადამიანი პროექტს თუ პროექტი ადამიანსო. ისიც პასუხობს, ცხადია, ადამიანი პროექტსო.
როდესაც ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდა, თავისი სიყვარული სამშობლოს მიმართ ზუსტად ასეთი პროექტის შედგენით გამოხატა. პროექტი ჩვენს რეფორმაციას გულისხმობს და ერთი დღითაც არ წყდება ზრუნვა, რომ როგორმე ამ პროექტს მოგვარგონ. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ორი ვადა ამისთვის ვერ იკმარებდა. „დომინანტი პარტიის“ მოდელზე საუბარიც 2004 წლიდანვე დაიწყო.
ასეთი დამოკიდებულება ადამიანის მიმართ ნიშნავს, რომ მე სუსტი ვარ და ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ძალიან ვუყვარვარ, იცის, როგორ გამაძლიეროს, როგორ გამხადოს უფრო თანამედროვე, უფრო ლიბერალური, უფრო კონკურენტუნარიანი. სწორედ ჩემი სიყვარულის გამო, ის გარდამქმნის ისეთად, როგორიც გაცილებით ძლიერი და ახალ სამყაროსთან უკეთ ადაპტირებული ვიქნები. მე კი, ამ სიყვარულის პასუხად, მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადით უნდა ავირჩიო...
http://www.tavisupleba.org/content/blog/1924001.html