ავტორი: მაია მუხიგული
სიმსუქნე ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის ჭარბი განვითარებაა. სიმსუქნის დიაგნოზს სვამენ, როდესაც ადამიანის წონა იდეალურ წონასთან შედარებით 20%-ით არის მომატებული.
ცხიმის დაგროვება დეპო-ორგანოებში ხდება. კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის მდგომარეობა დამოკიდებულია ადიპოციტების (ცხიმის შემცველი უჯრედების) რაოდენობასა და სიდიდეზე. სიმსუქნის დროს ადიპოციტები დიდდება და მათში დიდი რაოდენობით ცხიმი გროვდება. სიმსუქნე შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს, როგორც ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული დაავადება; სიმსუქნის დროს მაღალია რეციდივების (განმეორებების) განვითარების რისკი.
კლინიკურად გამოყოფენ სიმსუქნის 4 ხარისხს, მიმდინარეობის თავისებურებათა მიხედვით კი ორ სტადიას: პროგრესულსა და სტაბილურს.
არსებობს სიმსუქნის ორი სახე: პირველადი, ანუ სპონტანური სიმსუქნე, რომელიც გარკვეული მიზეზის საფუძველზე განვითარებული დაავადებაა და მეორადი სიმსუქნე, რომელიც სხვა დაავადების შედეგად ვითარდება, ან სხვადასხვა პათოლოგიის თანამდევი სინდრომია. ეს პათოლოგიებია:
შაქრიანი დიაბეტი, ტიპი II
არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა)
ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება (გიდ)
ჰიპერლიპიდემია (სისხლში ლიპიდების მომატებული რაოდენობა)
აპნოე (სუნთქვის დარღვევა)
რეპროდუქციული (გამრავლების) დისფუნქცია
ონკოლოგიური დაავადებები
ქოლელითიაზი (ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება)
ვენების ვარიკოზული გაგანიერება
პოდაგრა (ნიკრისის ქარი)
ოსტეოართროზი და სხვ.