როგორია ექიმი ჰაუსი სინამდვილეში

Posted 8:00 PM by anano in თემები , , ,

 

ავტორი – lika151

ბრიტანულ სერიალ “ექიმი ჰაუსის” პოპულარობა მთავარი როლის შემსრულებელმა ჰიუ ლორიმ განაპირობა. როდესაც სერიალის ავტორმა და რეჟისორმა ის პირველად დაინახა, ხმამაღლა განაცხადა, რომ მხოლოდ ეს ადამიანი თუ შეძლებდა ჰაუსის განსახიერებას. თქვა, როლს ან ის ითამაშებს, ან საერთოდ არ გადავიღებ სერიალსო. ასე რომ, ფსონი ჰიუზე გააკეთეს და არც შემცდარან.

ბრიტანული გამოკითხვებით, ექიმი ჰაუსი ყველაზე სექსუალურ ექიმად აღიარეს სამედიცინო ტიპის სერიალებში. “დავეთანხმები იმ ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ ექიმი ჰაუსი მიმზიდველი მამაკაცია. მასში არის რაღაც ბაირონისეული. ჩემი გმირი ბაირონივით ნაიარევი და მარტოხელა გენიოსია”, – აცხადებს მსახიობი ჰიუ ლორი, რომელიც თითო სერიაში 200.000 დოლარს იღებს.

იგი თვლის, რომ მისი პერსონაჟი განსაკუთრებული ადამიანია. “ექიმი ჰაუსი ბინძური სულის ადამიანია, უხეშია და სხვისი აზრი არ ადარდებს. რეალურ ცხოვრებაში ასეთი ადამიანი რომ არსებობდეს, აუცილებლად ციხეში მოხვდებოდა. მომწონს, რომ ამ ადამიანში ორი პიროვნება ცხოვრობს. ერთი რვა წლის ბავშვია, მეორე კი ადამიანი, რომელიც დრაკონს ებრძვის”, – ამბობს ლორი.

თავდაპირველად ლორი დარწმუნებული იყო, რომ სერიალი ჩავარდებოდა და პირველი ათი სერიის შემდეგ პროექტი არსებობას შეწყვეტდა.

“იმდენად ვიყავი სერიალის წარუმატებლობაში დარწმუნებული, რომ, როცა გადაღებების გამო სასტუმროში გავჩერდი, ბარგი არც კი ამოვალაგე”, – აღიარა ჰიუმ. რეალობამ კი სხვა რამ აჩვენა – სერიალმა რეკორდები მოხსნა! ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ მსახიობს ბრიტანული იმპერიის საპატიო ორდენი გადასცა ამ როლის შესრულებისათვის.

ჰიუ ლორი 1959 წლის 11 ივნისს ოქსფორდში დაიბადა. განათლება პრესტიჟულ კერძო სკოლაში მიიღო, შემდეგ კემბრიჯის უნივერსიტეტი დაამთავრა ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის განხრით. სწორედ უნივერსიტეტში სწავლისას დაინტერესდა სამოყვარულო თეატრით, სადაც მისი პარტნიორები იყვნენ ემა ტომპსონი და სტივენ ფრაი. ამ უკანასკნელთან ლორიმ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. სტივენთან ერთად უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაწერა კომედიური სპექტაკლის სცენარი და ერთობლივად დადგეს სცენაზე. ამ სპექტაკლის გამო ლორიმ და ფრაიმ თეატრალური ჯილდო და პერსპექტიული წინადადებები მიიღეს.

კინოსამყაროში ლორიმ სახელი გაითქვა, როგორც მუსიკალური კომედიის ჟანრის მსახიობმა. მოგვიანებით ჩამოაყალიბა თავისი როკჯგუფი და კონცერტებსაც მართავდა. 1996 წელს კი გამოუშვა რომანი, სახელწოდებით “იარაღით მოვაჭრე”, რომელიც უმალ ბესტსელერად იქცა. 2004 წელს მსახიობმა რადიკალურად შეიცვალა იმიჯი, როდესაც სერიალში “ექიმი ჰაუსი” მუშაობას დათანხმდა. ამ სერიალმა მას “ოქროს გლობუსი” და ამერიკული პოპულარობა მოუტანა.

ტელესერიალის გარდა, კინომანებისათვის ლორი ნაცნობია ფილმებით: “გრძნობა და გონება”, “101 დალმატინელი”, “ადამიანი რკინის ნიღბით”, “ფენიქსის გაფრენა” და “ყველაფერი შესაძლებელია, პატარავ!”.

საინტერესო ფაქტები ჰიუ ლორის შესახებ

იხილეთ ვრცლად...

http://ilmfb.wordpress.com/



0 comment(s) to... “როგორია ექიმი ჰაუსი სინამდვილეში”