ავტორი:ბასილ კობახიძე
“და როცა მიხვდა პავლე, რომ მათ შორის ზოგნი სადუკეველნი არიან, ზოგნი კი ფარისეველნი...”
(საქმე მოციქულთა 23:6)
თანამედროვე მართლმადიდებელ ეკლესიას შერჩენილი აქვს შუასაუკუნეების ეკლესიის სამი მნიშვნელოვანი განზომილება: დუმილის კულტურა, ჩაკეტილობის კულტურა და დომინირების კულტურა.
დუმილის კულტურა მოითხოვს, რომ ეკლესიის წიაღში არსებული პროცესები, სხვადასხვა სიტუაციები, კონფლიქტები და გადაწყვეტილების მიღების მექანიზმები სრულიად დაფარული იყოს საზოგადოებისაგან. დუმილი ეკლესიის სისტემის მნიშვნელოვან გარანტად ითვლება, ამიტომაც მისი დამრღვევი სასტიკად ისჯება.
ჩაკეტილობის კულტურა უარყოფს ეკლესიის სისტემის ნებისმიერ ექსპერტიზას და ანალიზს. სისტემა საკუთარ თავში ჩაკეტილი სამყაროა, მისი ხელმძღვანელები ზეადამიანები არიან, ამიტომაც არანაირი გარეშე კონსულტანტი არ სჭირდებათ. ეს კი სრულ სტაგნაციას და გახევებას იწვევს. ჰაერი დახუთულია, ახალი იდეები არ იბადებიან. ამგვარი მდგომარეობა იწვევს არა საეკლესიო სისტემის აფეთქებას, არამედ მის შიგნიდან ლპობას.
დომინირების კულტურა ნიშნავს საეკლესიო ხელისუფლების ბოროტად გამოყენებას. სისტემის ხელმძღვანელობა მინიჭებულ ძალაუფლებას იყენებს მხოლოდ ერთი მიზნით – საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისათვის.
მრავალი ანალიტიკოსი თვლის, რომ მართლმადიდებელი ეკლესიისათვის მთავარი საფრთხე ფუნდამენტალისტები არიან. მაგრამ ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები აჩვენებენ, რომ პოსტ-კომუნისტური ქვეყნების, და მათ შორის საქართველოს, მართლმადიდებელი ეკლესიების მთავარ პრობლემას სულ სხვა, გარეგნულად შედარებით ნორმალური ადამიანები წარმოადგენენ.
უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა დასის განხილვა. უმწვავესი პრობლემაა სასულიერო დასის დაბალი ინტელექტუალური დონე. მღვდელმთავრების და მღვდლების აბსოლუტურ უმრავლესობას არა აქვს თეოლოგიური განათლება (ცალკე პრობლემაა, რომ ამგვარი განათლების მიღება საქართველოში შეუძლებელია). გაუნათლებლობა კი ნოყიერი ნიადაგია საკუთარი თავის საკრალიზაციისა და “ხალხური” რელიგიისათვის. სამღვდელოებას საკმაოდ დიდი გავლენა აქვს საქართველოს რელიგიურ, საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამიტომაც საინტერესოა რა დაჯგუფებებისაგან შედგება იგი, როგორია მათი რელიგიური წარმოდგენები, მსოფლმხედველობა და იდეოლოგია. ჩვეულებრივ სამღვდელოების შემდეგი სურათი წარმოჩინდებოდა: ერთ მხარეს რადიკალური ფუნდამენტალისტები, მეორე მხარეს ლიბერალები (ისინი საქართველოს ეკლესიაში უკვე გაანადგურეს), ხოლო შუაში დიდი ჭაობი, რომელიც მრავალრიცხოვანი, სრულიად ინერტული და გაუნათლებელი კონფორმისტებისაგან შედგება. მაგრამ ისმის კითხვა: ვის უპყრია მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელისუფლების სადავეები? ვის ეყრდნობა საეკლესიო ხელისუფლება და ვისგან შედგება თვით ეს სახელისუფლებო სისტემა? აშკარაა, რომ რადიკალური ფუნდამენტალისტებს სახელისუფლებო ბერკეტები არ გააჩნიათ. პირიქით, ისინი თვითონ წარმოადგენენ იერარქიული ხელისუფლების მარიონეტებს. მცირერიცხოვანი ლიბერალებიდან ზოგი გააძევეს, ზოგი იყიდეს, ზოგიც კი გატეხეს. გამოდის, რომ საქართველოს ეკლესიას ჭაობი მართავს?
უკვე მრავალი წელია, ზუსტად ამ ჭაობიდან გამოიკვეთნენ სასულიერო პირები, რომელთაც შეიძლება ახალი სადუკეველები ეწოდოთ. სწორედ ახალი სადუკეველები წარმოადგენენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სახელისუფლებო სისტემის წევრებს.
როგორც ცნობილია სადუკეველები და ფარისეველები იესო ქრისტეს პერიოდის იუდეაში არსებულ რელიგიურ-პოლიტიკური პარტიებს წარმოადგენდნენ. სადუკეველები ყოველთვის ელტვოდნენ სიმდიდრესა და ძალაუფლებას. ისინი არამარტო ხელისუფლების იდეოლოგიურ სამსახურში იყვნენ, არამედ ითავისებდნენ მის კულტურას და მენტალობას. ფაქტიურად სადუკეველთა პარტია ყოველთვის ეკლესიის საზღვარზე ბალანსირებდა, რადგან მას ნაკლებად აინტერესებდა კონკრეტულად საეკლესიო საქმეები. მისი ნამდვილი ინტერესი იყო ქონება, მაღალ წრეებში ტრიალი, გავლენის მრავალფეროვანი მექანიზმები და ფული, ფული, ფული, ფული...
სადუკეველებს ნამდვილი რელიგიური და სულიერი ცხოვრება ნაკლებად აინტერესებდათ. ისინი ასწავლიდნენ, რომ გარდაცვალების შემდეგ არც მარადიული ტანჯვა და არც მარადიული ნეტარება არ არსებობს; უარყოფდნენ ანგელოსების და დემონების არსებობას და მკვდრეთით აღდგომას. “იმ დღეს მიადგნენ მას სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ არსებობს აღდგომა...” (მათე 22: 23); “ვინაიდან სადუკეველნი ამბობენ რომ არ არის არც აღდგომა, არც ანგელოზი, და არც სული;” (საქმე 23:8). საკმაოდ ელინიზირებული, გავლენიანი და მდიდარი სადუკეველები ახლოს იყვნენ სახელისუფლებო წრეებთან. რომის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებებისა და იერუსალიმის ტაძრის დანგრევის შემდეგ, სადუკეველები პოლიტიკური არენიდან გაქრნენ, მაგრამ მათი სულისკვეთება მეორედ იშვა მართლმადიდებელ ეკლესიაში.