ესტაფეტა

Posted 7:00 PM by Nina in თემები

Fantasy-art-random-4954525-1280-800

ავტორი:ბესო ხვედელიძე

(პიესა)

მოქმედი პირები:
მე
პაპა
მამა
შვილი
ხალხი

სურათი 1

ღამე. ლამფის შუქით განათებული მწირად გაწყობილი ოთახი. მე ხის დაფაზე დანით ბოსტნეულს ვჭრი. იქვე ღუმელი გიზგიზებს. ისმის დანის რიტმული რაკუნი. თან ჩემთვის ვღიღინებ. კარზე კაკუნია. იღება კარი. შემოდის თეთრწვერა პაპა.

მე (დარბაზს):ღამით პაპა მოვიდა... დაღვრემილი ჩამოჯდა ჯირკზე და ზურგი ღუმელს მიუშვირა... (პაპა ჯირკზე ჯდება და ხელისგულებს ითვალიერებს) ზურგს ითბობდა, თან ხელისგულებზე ისე იყურებოდა, თითქოს იქიდან რაღაცის ამოკითხვა სურდა. ასე გაზეთს ჩასჩერებიან ხოლმე. ან წიგნს. აქ ჯერ არც ერთი გვაქვს და არც მეორე. ნუ, ეს მხოლოდ ჯერჯერობით... შესაძლოა სამუდამოდაც! ეს სიტყვაც ხომ საერთოდ სხვანაირად ჟღერს აქ. “სა-მუ-და-მოდ”... “სა-მუ-და-მოდ”...  (პაპას) ახლა რაღა, პაპა?

(პაუზა)
პაპა (ხელისგულებს წყვეტს მზერას): ძროხებიც აღარ ზმუიან. 

(პაუზა)

მე (დარბაზს): ამის გაგონებაზე თვალი ფანჯარაში მთვარისებური მნათობზე გამიშტერდა... კაი ხანს შევყურებდი... რომ გამოვფხიზლდი, თავი გადავაქნიე და პაპას შევხედე. (პაპას) მერე?
პაპა (ხელის ჩაქნევით): რაღა მერე?.. რაღა დარჩა... ძაღლი აღარ ყეფს, კატა აღარ კნავის, ქათამი აღარ კაკანებს, ღორი, ვირი, ცხენიც... ყველანი ჩუმად არიან. ხომალდიც აღარ გამოჩენილა რა ხანია... რამე ცუდი ამბავი ხომ არაა იქით? (პაპა ზევით იხედება)
მე: აბა მე საიდან უნდა ვიცოდე, პაპა, ეგეთები...
პაპა: უნდა იცოდე!.. შენ ყველაზე კარგად უნდა იცოდე...  ეგეთი რა ხდება იქით, ასე რომ ჭიატებს ეს დღეები?.. ხან ჩაქვრება, ხან აინთება...
მე: აბა რაღა მახსოვს, პაპა... იმდენი ხანი გავიდა... ბოლოს, შემთხვევით გაჩენილმა ხანძრებმა რომ იმატა იქ, ეგ ახლაც კარგად მახსოვს... და თვითმკვლელობებმა... მეტი არაფერი...
პაპა: შემთხვევით არაფერი არ ჩნდება!
(პაუზა)
მე (დარბაზს): ცოტა ხანს ჩუმად შევყურებდით ერთმანეთს. მერე მე ისევ ბოსტნეულის ჭრა განვაგრძე. (ისმის დანის კაკუნი) (პაპას) ჩამოფრინდება ბოლო-ბოლო ეგ ოხერი ხომალდიც... სად წავა?.. ჩვენ იქით საით აქვთ გზა...
პაპა: ჯანდაბაში!.. იგვიანებს... ვერ ატყობ, რომ სხვანაირად იგვიანებს?.. პირუტყვიც კი გრძნობს რაღაცას...
(პაუზა)
მე: და ახლა ძროხებიც?
პაპა: და უკვე ძროხებიც... (პაპა ხელისგულებზე იხედება. სიჩუმეს კვლავ დანის რაკუნი არღვევს)
მე: ეგრეა ეტყობა... (ფეჩზე ქვაბს ვდგამ და შიგნით დაჭრილ ბოსტნეულს ვყრი)
პაპა: რა ეტყობა?!
მე: ... ეგრეა ეტყობა საჭირო! (ფეჩში შეშას ვუკეთებ) შენ თვითონ არა თქვი, შემთხვევით - არაფერი ხდებაო?

სიჩუმე. ისმის შეშის ტკაცუნი.

პაპა: და ჩვენც რომ... 
მე: ჩვენ რა?
პაპა: აგერ სიმონა ამბობს...
მე: რაო?
პაპა: სიტყვებიო...
მერე: ჰო...
პაპა: ძლივს ვიხსენებო... აგერ მეც _ გუშინ შეშას ვჩეხავდი და ვერ გავიხსენე...
მე: რა ვერ გაიხსენე?
პაპა: რატომ დავჩეხე... მერე კი გამახსენდა, მაგრამ ეგ მერე... სახლში რომ შევბრუნდი...
მე: ვბერდებით ალბათ... აქ დროც კი თითქოს სხვანაირად გადის... ვერ ატყობ?
პაპა: როგორ?!.. (ფეხზე დგება) ძროხებიც ბერდებიან?!.. ჩემი ჯეკაც?!.. ალიას ცხვრებიც აღარ კიკინებენ, აღარც ბუზები, კოღოებიც...
მე: ამ სიცივეში ბუზი სად ნახე?! 

პაპა კვლავ ხელს იქნევს. მერე დოინჯი იყრის და შემომყურებს.

პაპა (მკაცრად): აწი შენ უნდა თქვა!... გამოხვალ, იტყვი და ახსნი!.. სხვანაირად ვერ იქნება!
მე: აბა მე საიდან, პაპა? მე აგერ ფეჩზე ქვაბის შემოდგმა ვიცი და მახსოვს... კაკლის მორეკვა კიდევ... ცხენების დაჭედვაც ვიცი... ჰა-ჰა - კეცზე მჭადის დაკრობა... მეტი რა უნდა ვთქვა?
პაპა: ვიდრე ეგენიც არ დაგვვიწყებია.
მე: და რატომ მაინცდამაინც მე?
პაპა: მაშ ვის ვკითხოთ? ვითომ ვერ ხვდები!.. ვინ რა იცის... შენ კიდევ ყველაზე ახალგაზრდა ხარ... თან სულ ბოლოს შენ ჩამოფრინდი იქიდან...
მე: კი მაგრამ, ბრძენი დაილია სოფელში? ჩამოვფრინდი თორემ, მეც დიდი ვინმე ვიყო... ვისზე მეტი ვარ აქ?
პაპა: აღარაფერში ვვარგივართ-მეთქი!.. ეგეც გვავიწყდება... (პაპა კარისკენ მიდის და იქიდან იყურება) კარგად იფიქრე, ვიდრე ყველა დავდუმებულვართ...
მე (აგდებით): ჰო... კაი... შემეშვი ერთი, თუ კაცი ხარ...
პაპა: თორემ ვინღა იტირებს პანაშვიდებზე... (პაპა გადის)

სურათი 2

აბოლებული მიწა. ირგვლივ სულ ნანგრევები. ირგვლივ გვამები ყრია სხვდასხვა პოზებში. სიჩუმე. ხმა ნანგრევებიდან.

შვილი (გამწარებით): აააა... ვაი... მიშველეთ! არავინა ხართ?!
მამა: აქ ვარ, შვილო... აგერ... შენს გვერდით!
შვილი: სად აბა, სად?!
მამა: გადარჩი?
შვილი: გადავრჩი?... კი... მგონი კი... ააა... ვეღარაფერს ვხედავ!
მამა: ჩემკენ გადმოტრიალდი!.. ეგრე... უჰ!!.. როგორ დაგსისხლიანებია თვალები... სულ წურწურით მოგდის ყურებიდან, ცხვირიდან, პირიდანაც...
შვილი: რა?
მამა: სისხლი - სხვა რა უნდა იყოს!
შვილი: ვაიმე, ვკვდებიი!!... მიშველეეთ!
მამა: დაწყნარდი!... ყვირილით რას უშველი... გაუძელი, შვილო! შენს თვალებს მაინც არაფერი შეხებია - ორივე მთელი გაქვს!...
შვილი: მართლა, მამა?
მამა: გაუძელი-მეთქი!... წესით აწი ჩვენებიც უნდა გამოჩნდნენ, და ლაზარეთშიც გადაგვიყვანენ... იქ კიდევ, მხედველობასაც აღგიდგენენ და ყველაფერს.
შვილი: საერთოდ ვეღარაფერს ვხედავ, მამა!
მამა: გაუძელი-მეთქი! ჩვენების მოსვლამდე გაუძელი... აუცილებლად გვიშველიან! უბრალოდ, შეიძლება, მერე სათვალის ტარება მოგიწიოს.
შვილი: ვაი, ჩემო უბედურო თავო!
მამა: შეიძლება-მეთქი!... დარწმუნებული არა ვარ, შვილო...

იხილეთ ვრცლად>>>

 

http://demo.ge/



0 comment(s) to... “ესტაფეტა”