მარკიზ დე სადი – ოგუსტინ დე ვილბლანში ანუ სასიყვარულო თვალთმაქცობა

Posted 3:00 PM by Nina in თემები ,

desad-

ავტორი: არილი

ბუნების ანომალიათაგან ერთობ ყბადაღებული და ყველაზე უცნაურად მიჩნეული იმ ფსევდო-ფილოსოფოსთა მიერ, რომელთაც ყველაფრის გაანალიზება სწადიათ და ბოლომდე მაინც ვერაფერს ხვდებიან ხოლმე, - საუკეთესო მეგობარს ეუბნებოდა, ერთ მშვენიერ დღეს, მადმუაზელ დე ვილბლანში, ვის შესახებაც სწორედ ახლა მოგითხრობთ, - ის უცნაური ლტოლვაა, რომელიც თავისებური აზროვნებისა თუ ტემპერამენტის მქონე ქალებს მათივე სქესის არსებათა მიმართ გაუჩნდათ. თუმცა კი უკვდავ საფომდეც და მისი ეპოქის შემდეგაც ძნელად თუ ვიპოვით მსოფლიოს რომელიმე კუთხეს, რომელიმე ქალაქს, სადაც ამგვარი მიდრეკილების მქონე ქალები არ დაბადებულან და ასეთი საფუძვლიანი მტკიცებულებების გათვალისწინებით, განა გაცილებით გონივრული არ იქნებოდა, რომ თავად ბუნება დაგვედანაშაულებინა მეტად უცნაურ თავშექცევაში და არა ეს ქალები – ბუნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში? არადა, მათ მუდამ ჰკიცხავდნენ და რომ არ ყოფილიყო ის შეუვალი წინააღმდეგობა, რითიც ჩვენი სქესი ყოველთვის გამოირჩეოდა, ვინ იცის, მოიფიქრებდა თუ არა ვიღაც ჟაკ კუჟასი, ვინმე ბარტოლ დე სასოფერატო ან მავანი ლუი მე-9 იმ კანონებს, რომელთა წყალობითაც ამ მგრძნობიარე და უბედურ არსებებს კოცონზე დაწვავდნენ. მათ ხომ ეგონათ, რომ ეს კანონები იმ კაცებსაც თანაბრად განსჯიდა, რომლებიც ასეთივე მანკიერი თავისებურებით გამოირჩეოდნენ და ამ უკანასკნელთ, თავის მხრივ, ალბათ სრულიად კეთილშობილური მიზნები ამოძრავებდათ, როცა ფიქრობდნენ, ერთმანეთის მშვენივრად გვესმის და სხვა არც აღარავინ გვჭირდებაო. ისიც კი წარმოიდგინეს, თითქოს სექსუალური კავშირი, რაც ესოდენ უცილებელია გამრავლებისთვის, შეიძლებოდა სულაც არ ყოფილიყო ასეთივე მნიშვნელოვანი სიამოვნების მიღებისთვის. არსთა გამრიგეს ნამდვილად არ მოეწონება, ამ საქმეში თუ ჩავერევით, არა, ძვირფასო? – განაგრძობდა საუბარს მშვენიერი ოგუსტინ დე ვილბლანში და დროდადრო ნაზად ჰკოცნიდა მეგობარ ქალიშვილს, რომელიც ოდნავ ეჭვნარევი მზერით შეჰყურებდა, - კოცონზე დაწვის, ზიზღის, სარკაზმის, ანუ იმ იარაღის გამოყენების ნაცვლად, ჩვენს დროში რომ მთლად დაბლაგვებულა, განა უკიდურესად მარტივი არ იქნებოდა, რომ ყველას საკუთარი გულის კარნახით განეხორციელებინა ის ქმედება, რომლის მიმართაც საზოგადოება სრულ გულგრილობას ამჟღავნებს, რაც ასე სულერთია ღმერთისთვის და ალბათ უფრო მეტად სასარგებლოა ბუნებისთვის, ვიდრე გვგონია... რატომ უნდა გვეშინოდეს ამ გადახრის? ნამდვილი ბრძენკაცის თვალში, შესაძლოა იგი სხვა უფრო დიდ გადახრებზე მიანიშნებდეს, თუმცა ვერასდროს დამიმტკიცებენ, რომ ამ ყველაფერს სერიოზული საფრთხის გამოწვევა შეუძლია... ოჰ, ღმერთო ჩემო, ნუთუ იმის ეშინიათ, რომ ერთისა თუ მეორე სქესის გადახრები და ახირებები მთელს სამყაროს დაღუპავს, ადამიანთა უძვირფასეს მოდგმას გააუფასურებს და მათი ეგრედ წოდებული დანაშაული სრულად აღგვის მას პირისაგან მიწისა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი ვეღარ გამრავლდება? თუ დავფიქრდებით, იოლად მივხვდებით: ყველა თითქოსდა გზააბნეული სული სრულიად უმნიშვნელოა ბუნებისთვის და ის არა მხოლოდ არ განსჯის მათ, არამედ ათასობით მაგალითითაც გვიმტკიცებს, რომ მისთვის ისინი ბოლომდე მისაღებნი არიან და ეს გზააბნეულები რომ აღიზიანებდნენ, განა შეიწყნარებდა ათასობით შემთხვევაში? მისთვის გამრავლება რომ უმთავრესი იყოს, ნუთუ ქალს უფლებას მისცემდა, რომ მხოლოდ მესამედი სიცოცხლე მოეხმარებინა ამ საქმისთვის და ექნებოდა კი ბუნების წიაღში შობილ არსებათა ნახევარს იმავე გამრავლების საპირისპირო ლტოლვა, რასაც მისი კანონები მაინც ჯიუტად ითხოვენ? უკეთ რომ ვთქვათ, ადამიანები განგების ნებით მრავლდებიან, მაგრამ იგი სულ მცირედითაც არ ავალდებულებს მათ და რა თქმა უნდა, ყოველთვის მრავლად გამოჩნდებიან ისეთი სულდგმულნი, რომლებსაც ამგვარი ვალდებულება არ შეაწუხებთ. ის არც იმ ხალხის მიდრეკილებებს ზღუდავს, ვისაც გამრავლება არ დაუსახავს მთავარ მიზნად და თვით ეს აზრიც კი ზიზღსა ჰგვრის. დაე, განაგოს ყველაფერი ამ გულმოწყალე დედამ, ვირწმუნოთ, რომ მისი შესაძლებლობები ამოუწურავია და ჩვენი საქციელით მას ოდნავადაც ვერ შევურაცხყოფთ, ხოლო იმ დანაშაულის ჩადენა, ბუნების კანონებს რომ დაარღვევდა, ნამდვილად არ ხელგვეწიფება.
მადმუაზელ ოგუსტინ დე ვილბლანში, რომლის საუბარშიც ერთგვარი ლოგიკა დავინახეთ, ოცი წლის ასაკში საკუთარი თავის ბატონ-პატრონი გახლდათ: მისი წლიური შემოსავალი 30 000 ლივრს შეადგენდა და თავისებური მიდრეკილებების გამო, გადაეწყვიტა, რომ არასდროს გათხოვილიყო. იგი კეთილშობილი ბრძანდებოდა, თუმცა წარჩინებულ გვარს ნამდვილად არ ეკუთვნოდა. ინდოეთში გამდიდრებული კაცის შვილი იყო, რომელმაც გამგზავრებისას შინ პატარა გოგონა დატოვა, მაგრამ მერე ისე გარდაიცვალა, რომ ქალიშვილის გათხოვება ვერ მოასწრო. უნდა ვაღიაროთ, რომ მასაც ხშირად ჰქონია ისეთივე სახის ახირებები, სულ ცოტა ხნის წინ ოგუსტინი რომ ხოტბას ასხამდა - ზიზღით, რასაც ქორწინების მიმართ განიცდიდა. არ ვიცი, რა იყო მიზეზი: პრინციპები თუ განათლება, სასქესო ორგანოს თავისებური მდებარეობა თუ მხურვალე სისხლი (ის მადრასში გახლდათ დაბადებული), ბუნების კარნახი, თუ რაც გნებავთ, ის იფიქრეთ - მადმუაზელ დე ვილბლანშს კაცები სძულდა და მთლიანად გაეტაცებინა იმას, რაც უმანკო ყურებს “ლესბოსელობად” მოესმით ხოლმე. მას მხოლოდ საკუთარი სქესის არსებები აღელვებდნენ და ყოველგვარ წყურვილს სწორედ ამ გრაციებთან იკმაყოფილებდა, ამური კი ჭირივით სძულდა.
ოგუსტინი დიდ დანაკარგს წარმოადგენდა კაცებისთვის: ტანმაღალი, თვალწარმტაცი, უმშვენიერესი წაბლისფერი თმით, ოდნავ კეხიანი ცხვირით, უბადლო ტუჩ-კბილითა და ისეთი მეტყველი, ისეთი ცოცხალი თვალებით... კანიც ისეთი ქათქათა და ნაზი ჰქონდა... მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ვნებისამშლელ სურათს ქმნიდა. რასაკვირველია, როგორც კი თვალს შეავლებდნენ მას, ვინც მთლიანად სიყვარულისთვის იყო შექმნილი და ვისაც მტკიცედ გადაეწყვიტა, კაცებისგან მცირედიც არაფერი მიეღო, ბუნებრივად იქმნებოდა გარემოებანი, სადაც ოგუსტინს მისი მიდრეკილების მისამართით გამოთქმული უამრავი სარკასტული შენიშვნისთვის ყურის მოყრუება უწევდა.

იხილეთ ვრცლად>>>

 

http://arili2.blogspot.com/



0 comment(s) to... “მარკიზ დე სადი – ოგუსტინ დე ვილბლანში ანუ სასიყვარულო თვალთმაქცობა”