ბაგრატიონ მუხრან ბატონის სასახლე, კავშირგაბმულობის სახლი
Posted 3:00 PM by Nina in თემები burusi, თბილისი, ისტორიაავტორი ბურუსი
იქ, სადაც ახლა კავშირგაბმულობის სახლია, ბაგრატიონ მუხრან მუხრან ბატონის სამსართულიანი სახლი იდგა, რომელიც აიგო 1877 წელს არქ. ფონ-სკოიანის მიერ შედგენილი პროექტით. ამ სახლში იყო თბილისის შეკრებილობა (სობრანიე). 1921 წლის ზაფხულს მომხდარი ხანძრის შემდეგ ამ შენობიდან მხოლოდ კედლებიღა დარჩა. თბილისის საქალაქო საბჭომ 1928 წელს ეს ადგილი კავშირგაბმულობის დაწესებულების შენობის ასაგებად გამოჰყო.
დაინგრა დამწვარი შენობის კედლები. მოსკოვში დამუშავდა ხუთსართულიანი შენობის პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ (1930 წელს) დაიწყო მშენებლობა. მშენებლობა 1934 წელს დამთავრდა. შენობა აგებულია რკინა-ბეტონის კარკასებით, რომელიც შევსებულია აგურით და ტუფით.
შენობის გარე გაფორმება ვერ აკმაყოფილებდა რუსთაველის პროსპექტზე არსებული შენობისადმი წაყენებულ მოთხოვნილებას.
საქალაქო საბჭომ 1934 წლის 16 ნოემბრის დადგენილებით კავშირგაბმულობას წინადადება მისცა ჩაეტარებინა მისი მშრალი და უშინაარსო ფასადის საფუძვლიანი რეკონსტრუქცია თანამედროვე გემოვნებისა და მოთხოვნილების მიხედვით.
ამ საკითხის მოგვარება სხვადასხვა მიზეზების გამო გაჭიანურდა და მხოლოდ 1954 წლის 5 ნოემბერს დამთავრდა, ზეძირკვლის მოპირკეთება კი – 1955 წლის 25 აპრილს.
ფასადის რეკონსტრუქცია შესრულდა ცნობილი არქიტექტორის ივანე ჩხენკელის პროექტით.