სტეფანი მაიერი - მეპატრონე

Posted 1:21 PM by anano in თემები ,

   

 

ავტორი – Nicole

თავი III

წინააღმდეგობა

_ სახელი ეუცხოება, _ ჩაიბუტბუტა მკურნალმა. უჩვეულო შეგრძნება დამეუფლა. მაძებრის მხრიდან საამო ცვლილება მომელამუნა. `არომატი, _ გავიფიქრე, _ რომელიც არაფრით ესადაგება ამ სტერილურ, ყოველგვარ სურნელს მოკლებულ ოთახს.~ `სუნამო, _ მიკარნახა ახალმა გონებამ, _ ყვავილების მათრობელა სურნელი.~

_ გესმით ჩემი? _ ჩამეკითხა მაძებარი და ანალიზი შემაწყვეტინა, _ გონს მოვიდა?

_ ნუ ჩქარობთ, _ მკურნალის ხმა უწინდელზე რბილად ჟღერდა. თვალი არ გამიხელია. გონებამ საჭირო სიტყვები და ტონი მიკარნახა.

_ საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად დაზიანებულ სხეულში მომათავსეს, ასეა, მაძებარო?

მან აღშფოთებით ამოიხვნეშა. ხელზე რაღაც შემეხო და გამითბო.

_ რა თქმა უნდა, არა, _ დამარწმუნა მამაკაცმა, _ არსებობს რაღაცები, რასაც მაძებრებიც ვერ ბედავენ.

მაძებარმა კვლავ ამოიხვნეშა. `დაგიცაცხანა,~ _ შემისწორა მეხსიერებამ.

_ მაშ ეს გონება რატომაა დაბინდული?

დუმილი.

_ სკანერი უჩვენებს, რომ ყველაფერი იდეალურადაა, _ ამოღერღა ბოლოს და ბოლოს მაძებარმა (კი არ მარწმუნებდა, გამომწვევად მელაპარაკებოდა, თითქოს მეკამათებოდა), _ სხეული სავსებით გამოჯანმრთელდა.

_ რისგან? თვითმკვლელობის თითქმის წარმატებული მცდელობისგან? _ ჯერ კიდევ ვბრაზობდი. მიჩვეული არ ვიყავი მრისხანებას, ამიტომ მისი მოთოკვა მიჭირდა.

_ ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა...

მკურნალმა შეაწყვეტინა:

_ რა არ მოგწონს? სამეტყველო ფუნქცია აშკარად წესრიგშია.

_ მეხსიერება? _ ვცდილობდი იმ ინფორმაციისთვის მიმეკვლია, მაძებარს რომ სჭირდებოდა. კვლავ დუმილი ჩამოწვა, მაგრამ რაღაც შეიცვალა. ჩემ მიერ წაყენებულ ბრალდებათა შემდეგ თითქოსდა ატმოსფერო განიმუხტა. დამაინტერესა, ეს როგორ განვსაზღვრე. უცნაურია, მაგრამ ხუთი გრძნობის გარდა, კიდევ ერთ, ფარულ, ბოლომდე შეუცნობელ გრძნობას ვფლობდი. ინტუიცია? თითქმის შესაფერისი სიტყვაა. გეგონება ხუთი გრძნობა არ კმაროდეს.

მაძებარმა ჩაახველა, სამაგიეროდ, მკურნალი ალაპარაკდა.

_ მოდი, ნუ შეგაშინებს... როგორ ვთქვა... მეხსიერების გარკვეული პრობლემები... გარემოებათა გათვალისწინებით, გასაკვირი არაფერია.

_ რაზე მელაპარაკებით?

_ სხეულის მეპატრონე მეამბოხეთა რიცხვში იყო, _ მაძებრის ხმაში აღგზნება სჭვიოდა, _ ადამიანები, რომლებმაც იციან, რა ელით ჩანერგვის შემდეგ, გაცილებით ძნელად დასამორჩილებელნი ხდებიან. თქვენი რეციპიენტი ჯერ კიდევ წინააღმდეგობას გიწევთ. პასუხის მოლოდინში ორივე გაჩუმდა.

წინააღმდეგობას მიწევს? გამტარი არ მემორჩილება? მრისხანება დამეუფლა.

_ ჩანერგვამ წარმატებით ჩაიარა? _ კბილებში გამოვცერი და ხმა შემეცვალა.

_ დიახ, _ მომიგო მკურნალმა, _ რვაას ოცდაშვიდივე საცეცი საიმედოდაა ჩანერგილი საკვანძო ადგილებში.

ამდენი შენაერთი არც ერთ წინა გამტარში არ ამოქმედებულა. სულ რაღაც ას ოთხმოცდაერთი საცეცი დარჩა თავისუფალი. შესაძლოა სწორედ ამდენი შენაერთის გამო გამიმძაფრდა ემოციები. თვალის გახელა გადავწყვიტე. მკურნალის სიტყვები უნდა შემემოწმებინა. ჩემ მიერ ხილული სინათლის უკანასკნელი სხივი ოკეანის სიღრმეს ფატრავდა, თუმცა ამ თვალებს უფრო კაშკაშა სინათლეც ეხილათ, ასე რომ, საშიში არაფერი იყო. თვალი ოდნავ გავახილე, ვცდილობდი, წამწამი არ დამეხამხამებინა

_ შუქი ჩავაქრო?

_ არა, მკურნალო, მივეჩვევი.

_ ჩინებულია, _ აშკარად უხაროდა, რომ ასე სწრაფად შევენივთე სხეულს. ორივე მოთმინებით მელოდა. ჩემმა გონებამ საშუალო ზომის პალატა ამოიცნო სამედიცინო დაწესებულებაში. ეს საავადმყოფო გახლდათ, შავ-თეთრ პანელებიანი ჭერით. დრო და დრო, გარკვეული ინტერვალის შემდეგ პანელებს სწორკუთხა ლამფები ცვლიდა. ოთახს ღია მწვანე კედლები ჰქონდა _ მშვიდი, მაგრამ ავადმყოფობის ფერი. ჩემი ახალშეძენილი თვალსაზრისით, უხეირო არჩევანი გახლდათ.

ჩემ წინ მდგომნი ოთახზე გაცილებით საინტერესოდ გამოიყურებოდნენ. მკურნალის დანახვისთანავე გულში გავივლე _ `ექიმი.~ მას უსახელო ფირუზისფერი უნიფორმა ეცვა. სახეზე უცნაური ფერის თმა ეზრდებოდა, მეხსიერებამ მიკარნახა, _ ჟღალიაო.

ჟღალი! აგერ უკვე სამი ცხოვრება ფერებს ვერ ვარჩევდი და ეს მოოქროსფრო ჟღალი თმაც კი ნოსტალგიას მიღვივებდა.

მისი სახე ჩვეულებრივი, ადამიანური მეჩვენა, თუმცა, მეხსიერებამ მამცნო: `კეთილი.~ მაძებრის უკმაყოფილო ქშენა მომესმა.

ძალიან პატარა ტანის იყო და მდუმარედ რომ მდგარიყო, უცბად ვერც კი შევამჩნევდი. უსახური გახლდათ, როგორც ბნელი ლაქა ნათელ ოთახში. თავით ფეხამდე შავი ემოსა _ კონსერვატორული კოსტიუმი აბრეშუმის ზედატანზე. კუპრივით თმა ყურებს უკან გადაევარცხნა. სახის კანი მკურნალისაზე მუქი ჰქონდა _ შავგვრემანი იყო.

ადამიანთა სახეებს შორის განსხვავება თითქმის უმნიშვნელო გახლდათ, თუმცაღა, მეხსიერება მკარნახობდა, რომ ქალის სახე, პირქუში, გადმოკარკლულ თვალებზე წამოფარებული ხშირი წარბებით, მრისხანებას არა, მაგრამ დაძაბულობას, გაღიზიანებას ნამდვილად გამოხატავდა.

_ ასე ხშირად ხდება? _ მკურნალს შევხედე.

_ არცთუ ხშირად, _ აღიარა მკურნალმა, _ ჩვენს განკარგულებაში სქესობრივად მომწიფებული რეციპიენტები ცოტაა. უმწიფარნი კი ადვილად დასამორჩილებელნი არიან. თუმცა, თქვენ თავად მოითხოვეთ მოწიფული გამტარი. ასე არაა?

_ დიახ.

_ ჩვეულებრივ, ყველაფერი პირიქითაა. ადამიანის სიცოცხლე ჩვენთვის ჩვეულზე გაცილებით ხანმოკლეა.

_ ვიცი... მითხარით, უწინაც წაწყდომიხართ ამ... წინააღმდეგობას?

_ პირადად? ერთადერთხელ.

_ მომიყევით, _ გავჩუმდი და შემდეგ თავაზიანად დავძინე, _ გეთაყვა...

მკურნალმა ამოიოხრა.

გულხელდაკრეფილმა მაძებარმა თითები აათამაშა წინამხრებზე. მოუთმენლობის ნიშანი იყო. ლოდინი არ სურდა.

_ ეს ოთხი წლის წინ მოხდა, _ დაიწყო მკურნალმა, _ ერთმა სულმა დაიჟინა, მოწიფული მამაკაცის სხეულში ჩამნერგეთო, გამტარი კი მეამბოხეთა შორის ცხოვრობდა დედამიწაზე შეჭრის დღიდანვე. იცოდა, რაც ელოდა, თუკი დაიჭერდნენ.

_ ისევე, როგორც ჩემმა გამტარმა.

_ სწორედაც რომ, _ მკურნალმა ჩაახველა, _ ოღონდ იმ სულისთვის ეს მეორე სიცოცხლე იყო. ბრმათა სამყაროდან მოვიდა.

_ ბრმათა სამყაროდან? _ ჩავეკითხე და ჩემდა უნებურად, თავი გვერდზე გადავხარე.

_ მაპატიეთ, თქვენთვის ხომ უცნობია ჩვენ მიერ შერქმეული მეტსახელები. მგონი, იმ პლანეტაზე ნამყოფი ხართ, _ ჯიბიდან ხელსაწყო _ კომპიუტერი ამოიღო და სწრაფად შეავლო თვალი, _ დიახ, თქვენი პლანეტაა, მეშვიდე, ოთხმოცდამეერთე სექტორში.

_ ბრმათა სამყარო? _ ამჯერად მიუკერძოებლად ვკითხე.

_ როგორ გითხრათ... იქაურ მკვიდრთათვის ეს `მომღერალი სამყაროა.~

თავი დავუქნიე. ასე არ ჯობია?

_ ვისაც იქ ფეხი არ დაუდგამს, ისინი ღამურების პლანეტას ეძახიან, _ წაიბუტბუტა მაძებარმა.

ავიმრიზე. წარმოსახვამ საზიზღარი მფრინავი მღრღნელის სურათები დამიხატა და თვალები მოვჭუტე.

_ რამდენადაც ვიცი, მაძებარო, იქ არასდროს ყოფილხართ, _ დაცინვით შენიშნა მკურნალმა, _ თავდაპირველად ამ სულს სიმღერაზე მარდს ვეძახდით მომღერალ სამყაროში, თუმცა, მალე თავისი გამტარის სახელი _ ქევინი დაირქვა და, წარსულის შესატყვისად თავისი მოწოდების _ მუსიკალური შემსრულებლობის ნაცვლად, გამტარისავე საქმიანობა _ მექანიკოსობა არჩია. ამ გარემოებამ მისი ნუგეშისმცემელი გააფაციცა, თუმცა, ყველაფერი ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებში რჩებოდა, მანამ, სანამ ქევინი არ აწუწუნდა, მეხსიერებაში ჩავარდნები მაქვსო. მაშინ ის სამკურნალო დაწესებულებაში დააბრუნეს, სადაც უამრავი გამოკვლევა ჩავატარეთ გამტარის ტვინში უმცირესი გადახრის აღმოსაჩენად. ზოგმა მკურნალმა განსხვავება შენიშნა პაციენტის პიროვნულ გამოვლინებებსა და საქციელში. ყველა კითხვაზე ის პასუხობდა, რომ არ ახსოვს თავისი ზოგიერთი ქმედება და განცხადება. ნუგეშისმცემელთან ერთად გამოკვლევები განვაგრძე და დავასკვენით, რომ ქევინის სხეულს დროდადრო გამტარი მართავდა.

_ მართავდა? _ გავოცდი, _ სულის დაუკითხავად? გამტარმა სხეულის დაბრუნება შეძლო?

_ სამწუხაროდ, კი. ქევინი ვერ გაუმკლავდა, ვერ დათრგუნა გამტარი. ძალა არ ეყო.

ნუთუ მეც უმწეოდ მიმიჩნევენ? იქნებ მართლაც სუსტი ვარ, რაკიღა პასუხების მიღება ვერ შევძელი? უსუსურიც კი, რადგან გამტარის აზრები მიტრიალებს თავში, სადაც, წესით, მხოლოდ მეხსიერების ადგილია. არადა, თავი ყოველთვის ძლიერი მეგონა. გულისრევა ვიგრძენი. საკუთარი სისუსტის მრცხვენოდა.

მკურნალი განაგრძობდა:

_ რიგი მოვლენების შემდეგ, გადაწყდა...

_ რომელი მოვლენების შემდეგ? მკურნალი გაჩუმდა და თვალი ამარიდა.

_ რომელი მოვლენების? _ დავიჟინე, _ უფლება მაქვს, ვიცოდე.

მან ამოიოხრა:

_ გაქვს. გონწართმეული ქევინი... თავს დაესხა მკურნალს... _ შუბლი შეჭმუხნა, _ მუშტით იატაკზე დააგდო და სანამ ის გულწასული იწვა, სკალპელს დასწვდა. უგრძნობლად მყოფს მივუსწარით, გამტარი სხეულიდან სული ამოჭრას ლამობდა...

მეტყველების უნარი კარგა ხნით დავკარგე. ბოლოს ამოვღერღე:

_ მერე რა მოუვიდა?

_ საბედნიეროდ, რეციპიენტმა დიდხანს ვერ შეინარჩუნა კონტროლი, სერიოზულ ზიანს გადაურჩა. ქევინი უმწიფარ არსებაში გადანერგეს. გამტარის შენარჩუნებას აზრი არ ჰქონდა. ახლა ქევინი სავსებით ჩვეულებრივი შვიდი წლის ბიჭუნაა, თუმცა, სახელი დაიტოვა. მეურვეები თვალყურს ადევნებენ, რომ მუდამ მუსიკის ზემოქმედების ქვეშ იყოს, რაც ჩინებულად გამოსდით... _ ბოლო სიტყვები აშკარად ჩემს გასამხნევებლად წარმოთქვა.

_ რატომ? _ ხმის დასაწმენდად ჩავახველე, _ რატომ არავინ აგო ამისათვის პასუხი?

_ საერთოდ, _ ჩაერია მაძებარი, _ ყველა ბროშურაში ნათლადაა ნათქვამი, რომ მოწიფული ადამიანის ასიმილაცია გაცილებით რთულად მიმდინარეობს, ვიდრე ბავშვისა. ამიტომაცაა რეკომენდებული ნორჩი გამტარების გამოყენება.

_ ქევინს ისედაც არ გაუმართლა, _ წავიბუტბუტე.

_ დიახ, მაგრამ თქვენ თავადვე უგულებელჰყავით რეკომენდაციები, _ მან გულხელი ისე დაიკრიფა, თითქოსდა დაზავებას მთავაზობდა, რადგან სხეული დამეძაბა, რის გამოც ვიწრო საწოლზე მტკიცე ქსოვილი აშარიშურდა, _ თუმცა, არ გადანაშაულებთ, ბავშვობა ძალიან დამღლელია. თანაც, თქვენ განსაკუთრებული სული ხართ, მშვენივრად გაუმკლავდებით, ეს ხომ მორიგი გამტარია და მეტი არაფერი. გარწმუნებთ, მოკლე ხანში ის სავსებით დაგემორჩილებათ.

მაძებარს ვუცქერდი და მიკვირდა, როგორი მოთმინებით ელოდა ჩემს აკლიმატიზაციას. ვგრძნობდი, რომ იმედგაცრუებული იყო, რადგან ჩემგან პასუხები ვერ მიიღო. ისევ გავბრაზდი.

_ აზრად არ მოგსვლიათ, რომ თავადაც შეგეძლიათ ამ სხეულის ქექვა პასუხის მისაღებად? _ ჩავეკითხე. ის დაიძაბა.

_ მე ხტუნია არა ვარ.

_ რა აქვს მხედველობაში?

_ მეტსახელია, _ განმარტა მკურნალმა, _ იმათი, ვისაც გამტარის სასიცოცხლო ციკლი არ დაუსრულებია.

თავი დავუქნიე. ყველა სამყაროში ამგვარ პროცესს სხვადასხვა სახელი ერქვა, მაგრამ არასდროს არავინ ხუმრობდა ამ თემაზე. კითხვების დასმას მაძებრისთვის იმის თქმა ვარჩიე, რაც ვიცოდი:

_ მას მელანი სთრეიდერი ერქვა. ალბუკერკში, ნიუ მეხიკოში დაიბადა. ლოს-ანჯელესში იყო, როცა შემოჭრა დაიწყო. რამდენიმე წელი იმალებოდა, სანამ არ შეხვდა... ჰმ, მომიტევეთ, ამას მოგვიანებით გავარკვევ. სხეულმა 20 წელი იცოცხლა. ჩიკაგოში ჩავიდა... _ თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე, _ რამდენიმე ეტაპი განვლო, განსაცდელს მუდამ მარტო აღწევდა თავს. მანქანა მოპარულია. დეიდაშვილს, შერონს ეძებდა, იმედოვნებდა, რომ ის ჯერაც ადამიანი იყო. არავის შეხვედრია და არც კონტაქტი დაუმყარებია, სანამ არ მიაგნეს, თუმცა... _ დავიძაბე, სიცარიელის მორიგი კედლის გადალახვას ვლამობდი, _ დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ მგონია, რომ სადღაც ბარათი დატოვა...

_ ესე იგი, ფიქრობდა, რომ ვიღაც ძებნას დაუწყებდა? _ თავშეუკავებლად იკითხა მაძებარმა. _ დიახ, ის ვიღაცას სჭირდება. თუ არ შეხვდება... _ კბილი კბილს დავაჭირე, რომ წარმოუდგენელი სისქის შავი კედელი გამერღვია, მაგრამ ამაოდ ვეხლებოდი და სიმწრის ოფლში გავიწურე. მაძებარი და მკურნალი თვალს მდუმარედ მადევნებდნენ.

სხვა ფიქრმა გამიტაცა... მოღრიალე ძრავის ხმა და ადრენალინის მკვეთრი ამოფრქვევა ყოველ ჯერზე, როცა გზაზე მორიგი ავტომანქანა გამოჩნდებოდა... ეს უკვე ურიგო არაა, თანაც ჯერჯერობით ხელს არავინ მიშლის. მეხსიერების ტალღებს გავყევი, თუმცა, ღამეულ, ცივ ქალაქში გასეირნება გამოვტოვე, იქამდე, სანამ იმ შენობას არ მივადექი, რომელშიც მომაგნეს... მე კი არა, მას მიაგნეს. მაკანკალებდა.

_ ნუ დაიძაბებით, _ დაიწყო მკურნალმა, მაგრამ მაძებარმა რაღაც წაუსისინა. წამით შევყოვნდი იმ საზარელ მომენტზე, როცა მიპოვეს: გონების დამბინდავი, ყოვლისწამლეკავი, მწვავე სიძულვილი ვიგრძენი მაძებრებისადმი, ძლივსღა ვუძლებდი, მაგრამ მაინც მივეცი საშუალება მეხსიერებას, თავისუფლად ედინა, რათა მომეტყუებინა და მისი თავდაცვა შემესუსტებინა.

ის დამალვას ცდილობდა, მაგრამ თავშესაფარს ვერ მიაგნო; ფანქრის ნატეხით მუყაოს ნაჭერზე წერილი დაჩხაპნა და საჩქაროდ კარის ქვეშ ამოსდო...

_ მეხუთე კარი მეხუთე დერეფანში, მეხუთე სართულზე. მისი გზავნილი იქაა.

მაძებრის ხელში მინიატიურულმა ტელეფონმა გაიელვა. რაღაცას სწრაფ-სწრაფად ჩურჩულებდა ყურმილში.

_ ის ფიქრობდა, რომ შენობა უსაფრთხო იყო, _ განვაგრძე მე, _ ყველამ იცოდა, რომ დანგრევას უპირებდნენ. ვერ მიხვდა, როგორ მიაგენით. შერონი იპოვეთ?

დავიზაფრე, ხელები დამიბუჟდა. ეს კითხვა მე არ დამისვამს, მაგრამ მან ისე ბუნებრივად გაიჟღერა, რომ მაძებარს ეჭვი არაფერში შეჰპარვია.

იხილეთ ვრცლად...

http://nicole-neversaynever.blogspot.com/



0 comment(s) to... “სტეფანი მაიერი - მეპატრონე”