ეკლესიის გარშემო ატეხილი აურზაური
Posted 9:00 PM by anano in თემები პოლიტიკა, რელიგია, ცხოვრების სტილი, ჰიუსტონ
ავტორი – ჰიუსტონ
ამ ბოლო ხანებში უამრავი კრიტიკა მესმის ქართული მარლმადიდებლური ეკლესიისა. კრიტიკოსები არიან ყველგან, ინტერნეტშიც, მეგობარ-ახლობლებშიც, ნათესავებშიც და ავტობუსებშიც. ეს საკითხი კი დღითიდღე უფრო და უფრო პოპულარული ხდება. რას შეეძლო გამოეწვია ასეთი გაუცხოება ეკლესიის მიმართ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე მკვიდრი მართლმადიდებლობის მრავალსაუკუნოვანი დამცველი ერისა? საინტერესოა, რა პროტესტი უნდა გაჩნდეს ისეთი შემწყნარებელი და ჰუმანური რელიგიის მიმართ როგორიც მართლმადიდებლობაა? შესაძლოა, რომ მან ამოწურა თავისი რესურსები და როგორც ნიცშე ამბობდა, ღმერთიც უკვე დიდი ხანია რაც მკვდარია?
ერთი შეხედვით, ეკლესიის მიმართ ამგვარი კრიტიკა სხვადასხვა ორგანიზაციათა და პირების არც ისე ჰუმანური და ლიბერალური მოქმედებების შედეგი უნდა იყოს. ყველას ახსოვს მელ გიბსონის ”ქრისტეს ვნებანი”-ს ჩვენების აკრძალვის მოთხოვნები, პროტესტი დენ ბრაუნის ”და ვინჩის კოდის” წინააღმდეგ, ჰელოუინის დარბევა, იაღოველების თავში ჯვრის რტყმევით დევნა და ა.შ.. ლოგიკურია, რომ ასეთ აგრესიასა და უჩვეულო აკრძალვებს პროტესტი გამოეწვია ხალხში, რომელიც ევროპულ ღირებულებებზე დებს თავს და დემოკრატიზაციას განიცდის. დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი აზრის გამოხატვის თავისუფლებაა, რისი აკრძალვა არც რელიგიას, არც კანონსა და არც რაიმე სხვა დოქტრინას შეუძლია. ამგვარი შეუთანხმებლობა სახელმწიფო სტრუქტურასა და მის ძლიერ რელიგიურ მოთამაშეებს შორის წარმოქმნის პროტესტის გრძნობას ხალხის გარკვეულ ნაწილში. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო შესაძლოა ერთსა და იმავე მხარეს იყვნენ, ყოველთვის არიან გაღმივლები, რადიკალური ჯგუფები, რომლებიც გრძელვადიანს ვერა, მაგრამ მოკლევადიან ამინდს მაინც ქმნიან მანამ, სანამ ისინი უმცირეობას წარმოადგენენ. ეკლესია ძლიერი ორგანიზაციაა და მას უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია ხალხზე. თუმცა, მაშინ, როდესაც ხალხი მასში რწმენას კარგავს, იკარგება ეკლესიის ძალაც და ფუნქციაც და იგი ფუჭი ხდება. ეკლესიაში რწმენის დაკარგვა სრულიადაც არ ნიშნავს ათეიზმს თუმცა, არ გამორიცხავს მას.
მაშ, კვდება თუ არა ღმერთი? ღმერთის სიკვდილი ჯერ კიდევ შორსაა და კითხვა სწორედ ასე უნდა ჟღერდეს: კვდება თუ არა ეკლესია და რა იწვევს ამას?
http://spacecrusader.wordpress.com/