საბჭოთა კავშირი

Posted 1:13 PM by Nina in თემები , , ,

9ejs1xdthw2xpyv

ავტორი: ლაშა ბუღაძე

საბჭოთა კავშირის დაშლიდან 19 წელი გასულა. არა 100, არა 500, არა 1000, არამედ მხოლოდ 19 წელი.  

თითქოს ბევრი არ არის, მაგრამ მაინც როგორი შორეულია ცხრამეტი წლის წინანდელი სამყარო. 

თურმე, რამდენი რამ არ გვქონდა 19 წლის წინ, რაც დღეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ინტერნეტი, მაგალითად. მობილური ტელეფონი. საერთაშორისო აეროპორტი. საკაბელო ტელევიზია. ათეულობით ტელე-არხი. სუპერმარკეტები. სახელწოდება "საქართველო" (ჩვენ გვერქვა საქ. სსრ). კოკა-კოლა. უცენზურო სიტყვები ლიტერატურულ ტექსტებში. კომპაქტ-დისკები. კერძო ბანკები. "ყვითელი" ჟურნალები... და კონსტიტუცია, რომელიც მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არის განკუთვნილი.   

წარმოიდგინეთ, 19 წლის წინ ჯერ კიდევ მოსკოვი იყო ჩვენი დედაქალაქი. 19 წლის წინ დანარჩენი მსოფლიოსათვის ჩვენ რუსები ვიყავით.  დაუფიქრდით: მხოლოდ 19 წელია, რაც რუსები აღარ ვართ. 

კარგი, შევეშვათ 19 წელს, გავიხსენოთ რა ხდებოდა თუნდაც 25, ჰა, 30 წლის წინ! ლენინზე და სტალინზე ისედაც ბევრი დაწერილა. მე ჩერნენკოს ეპოქის შვილი ვარ. მასზე დავწერ. ხომ გახსოვთ ჩერნენკო? ბოლოს წინა გენერალური მდივანი... მომღიმარი მონღოლოიდი...  

ჩემი ბავშვობა - ჩერნენკოა. თუმცა ჩემს თაობას სხვა უფროსებიც ჰყავდა: ბრეჟნევი, ანდროპოვი და - ადგილობრივი - შევარდნაძე.  

მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში (საბჭოურ წლებში) სამჯერ გამიცდა სკოლა არასამუშაო დღეს. პირველად ბრეჟნევის დაკრძალვის გამო, მეორედ - თუ არ ვცდები, ერთ წელიწადში - ანდროპოვის, ხოლო მესამედ (ესეც, მგონი, გენ-მდივნად დანიშვნიდან ერთ წელიწადში მოკვდა) ხსენებულმა ჩერნენკომ ჩაგვიშალა გაკვეთილები.  

მაშინ live-ში მხოლოდ სამხედრო აღლუმებსა და გენერალურ მდივანთა დაკრძალვებს გვიჩვენებდნენ და ეს მოხუცებიც სწორედ ასე, წითელ კუბოებში ჩასვენებულები დამამახსოვრდნენ.      

იყო სამი ტელე-არხი: მოსკოვის პირველი (ცენტრალური - ასე ერქვა), მოსკოვის მეორე და თბილისი ("თბილისზე გადართე!" - გახსოვთ ეს სიტყვები?). ღამის 10 საათზე სამივე არხზე საბჭოთა კავშირის მთავარი საინფორმაციო გადაცემა - ვრემია - იწყებოდა და ის 250 000 000 ადამიანი, რომელიც საბჭოეთის მოქალაქედ ითვლებოდა, ვრემიას მკაცრი წამყვანებიდან (დიქტორებიდან) იგებდა სსრკ-სა და პლანეტის ამბებს.  

მართალია, უხვად არაფერი ყოფილა საბჭოეთში, მაგრამ ეხლა რომ ვფიქრობ, ყველაზე მეტად მაინც სატელევიზიო გადაცემები და მხატვრული და ანიმაციური ფილმები (მულტფილმები) გვაკლდა, რადგან თუკი რამე გვახარებდა, ეს სწორედ ახალი (ან ძველი, მაგრამ საყვარელი) ფილმებისა და მულტფილმების ცქერა იყო. ისედაც მწირ და ერთფეროვან საბჭოურ ტელე-ეთერში დამთრგუნველად მცირე დრო ეთმობოდა კინოსა და მულტიპლიკაციას, და მე მახსოვს (არ ვტყუი), რომ ლოცვა ბავშვობაში სწორედ ტელევიზორთან ჯდომისას ვისწავლე: ღმერთს მულტფილმების გაშვებას ვევედრებოდი. ზოგჯერ ერთი-მეორეს მიყოლებით სამ ან ოთხ საბჭოურ (უმეტესად თოჯინურ) მულტფილმს გვაჩვენებდნენ თბილისზე და მეც გულმხურვალედ ვიწყებდი ლოცვას: ღმერთო, ისე ჰქენი, რომ კიდევ ერთი მულტფილმი გაუშვან-მეთქი. მაგრამ ჩემი და ჩემნაირების ლოცვით მხოლოდღა იმას ვაღწევდი, რომ საღამოს 9 საათზე - ვრემიას წინ - "სპოკოინი ნოჩი მალიშის" (გადაცემა იყო ასეთი) უშვებდნენ ხოლმე, სადაც გაქუცული და ბებერი თოჯინები - ძაღლი ფილია, გოჭი ხრიუშა და ყვავ-ყორანი კარკუშა ერთი პაწია ანიმაციით გვიბედნიერებდნენ საბჭოურ ბავშვობას. 

ვფიქრობ, მართალი ვიქნები, თუკი ვიტყვი, რომ საბჭოთა ბავშვს ყველაზე მეტად მულტ-სერიალი "აბა, დამაცადე" უყვარდა (ამერიკული ტომი-ჯერის რუსული ვერსია: აქ მგელი მისდევდა კურდღელს და არა კატა თაგვს)... სულ ცოტა, ასი ათასჯერ მაინც მექნება ეს მულწიკი (ხრიუშა ასე ამბობდა ხოლმე) ნანახი. მაგრამ ჭეშმარიტად ბედნიერად მაშინ ვიგრძენი თავი, როცა ვიდეოზე უწყვეტ რეჟიმში ვიხილე ზემოთ ხსენებულ ტომსა და ჯერიზე გადაღებული თითქმის ყველა სერია. მაშინ, ჩერნენკოს ეპოქაში, ყველას არ ჰქონდა ვიდეო-მაგნიტოფონი, მაგრამ ვისაც ჰქონდა, იმას აუცილებლად მოეპოვებოდა რამდენიმე კასეტა: ტომი-ჯერი (ასე ვამბობდით ხოლმე, კავშირის გარეშე), ფილმი ან ფილმები ბრიუს ლის მონაწილეობით ("კარატე ჩართე!"), ბენი ჰილის ოინბაზობანი (!), კალიგულა, ძეფირელის "ქრისტე" (მგონი, სხვანაირად ჰქვია) და - უფრო აქეთ, გორბაჩოვისკენ - "ერთხელ ამერიკაში", "მონანიება" და "ნათლიმამა 1-2-3"...

იხილეთ ვრცლად

http://azrebi.ge/



0 comment(s) to... “საბჭოთა კავშირი”