რუსეთის ათწლიანი მზადება 2008 წლის აგვისტოს დაპყრობითი ომისათვის საქართველოში
Posted 3:35 PM by anano in თემები პოლიტიკა, რუსეთი, საქართველო
ავტორი – ლევან ჭოლოკაშვილი
მოცემული ფაქტობრივი მასალა აღებულია ანდრეი ილარიონოვის, ვლადიმერ პუტინის ყოფილი მრჩეველის სტატიიდან „რუსეთის ხელმძღვანელობის მზადება 1999-2008 წლეების ომისათვის“, რომელიც გამოქვეყნდა წინგში „2008 წლის აგვისტოს იარაღი, რუსეთის ომი საქართველოში“.
ამა წლის ზუსატად 18 დეკემბერს, გადაცემა „პოზიციაში“, ს. ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადანაშაულა საქართველოს პრეზიდენტი ომის დაწყებაში და უსირცხვილოდ განაცხადა: „რატომ დაიწყო ომი თუ იცოდა რომ ვერ მოერეოდა?“, ხოლო ზ. ნოღაიდელმა კი 2009 წლის 23 დეკემბერს რუსთავი-2-თან ინტერვიუში თქვა: “საქართველო ოკუპირებულია მიხეილ სააკაშვილის გამო“.
ნეტავ თუ იცის ს. ზურაბიშვილმა ან სხვა მაბრალებელმა, ვითომ პატრიოტებმა, თუ რამდენჯერ ეომა ქართველი ერი და საქართველო მომხდურ მტერს მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, გამარჯვება შეუძლებელი ან ძალიან ძნელი ამოცანა იყო?
ნუთუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყება-არდაწყების საკითხი საქართველოზე და მის ხელმძღვანელობაზე იყო დამოკიდებული? არა და არა, ბატონებო! ომის დაწყება- არდაწყება მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და მის ხელმძღვანელობაზე იყო დამოკიდებული და დღესაც ასეა.
და თუ ასეა, მაშინ ქართული საზოგადოების ნაწილი ნეტავ რატომ ცდილობს, რომ ჩვენი დაუძინებელი მტერი, რომელიც თითქმის 300 წელია (1720 წლიდან დღემდე) ჩვენს მოსპობას ლამობს, წარმოაჩინოს უცოდველად და ყველაფერი საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრალოს?
სამწუხაროა, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ საქართველშო კვლავ გრძელდება მავნე ისტორიული ტრადიცია, როდესაც ქართული საზოგადოების ნაწილი არ ცხრება და ცდილობს ერისა და ქვეყნის ღალატით, საქართველოს დაუძინებელ მტერთან თანამშრომლობით, პირადი გავლენა და კეთილდღეობა მოიპოვოს.
ჩემი აზრით, ამ შეკითხვას ყველაზე კარგად დავით აღმაშენებლის ისტორიკოსმა გასცა პასუხი მაშინ, როდესაც თბილისი უკვე აღებულია და საქართველოს სამეფო იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერეს და უმდიდრეს ქვეყანას წარმოადგენს. დავითის ისტორიკოსი გულისტკივილით გვამცნობს:
„ვინათგან ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველითგან თუისთა უფალთა: რამეთუ, რაჟამს განდიდნენ, განსუქნენ და დიდება პოვონ და განსუენება, იწყონ განზრახვა ბოროტისა, ვითარცა მოგვითხრობს ძუელი მატიანე ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი.“
დავითის ისტორიკოსის ამ სიტყვებს რომ წაიკითხავ, ჩვეულებრივ ჭკუათმყოფელ ადამიანს არ შეიძლება, არ გაგახსენდეს თანამედროვე ორგულები და მოღალატეები, მაგალითად: ი. ოქრუაშვილი, ს. ზურაბიშვილი, ზ. ნოღაიდელი, ნ. ბურჯანაძე, ძმები გაჩეჩილაძეები და ბევრი კიდევ სხვა. „მომიტევონ“ მათ, ვისი გვარებიც არ მოვიხსენიე, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ზოგიერთ აქ ნახსენებ ადამიანს ეწყინება, პირველი მისი გვარი რომ არ დავასახელე, რათა თავი მოიწონოს თავისი რუსი პატრონის წინაშე. აგრეთვე მსურს რჩევა მივცე სხვადასხვა ტიპის მაბრალობელ ადამიანს, რომ სანამ ვინმეს გააკრიტიკებენ, ან რაიმეს დააბრალებენ, მანამდე კარგად წაიკითხონ საქართველოს ისტორია, განსაკუთრებით დავით აღმაშენებელის ისტორიკოსის თხზულება და თანაც სარკეში ჩაიხედონ. ამ ამოცანის გასაადვილებლად დავით აღმაშენებელის ისტორიკოსის თხზულებებიდან კიდევ ერთი ციტატა მომყავს:
„კვალად სხვასა ბრალობასა შემოიღებენ მეტყველნი: შეიყვარნეს ვინმეო და განადიდნის ვინმეო, და კუალად მოიძულნის ვინმე და დამცუინისო, ესე აღამაღლის, და ესე დაამდაბლის. ეჰა უსამართლოებასა, ჰოი უგუნურებასა! ამისთუისცა აბრალება, რამეთუ კაცი მიწისაგანი ღმერთსა ემსგავსა რათაცა საქმითა, ვინ იხილა ესე საუკუნითგან? ჰოი კაცო, ამისთუის რადღა ღმერთსა აბრალებ, {უგუნურო,} ამასავე ესრეთ მოქმედსა?... ანუ რასათუის ქადაგებულ არიან სამოთხის შუებანი და სასუფეველისა ნეტარებანი, ღმრთისა ნების-მყოფელთათუის ჭეშმარიტად, ხოლო საშინელებანი ურჩთა და უღირსთათუის? უკე-თუ მეფემან ერთგულნი, ფრთხილნი და ახოვანნი, ნაცულად ორგულთა, ჯაბანთა და უღირ-სთა, ადიდნეს, რა უსამართლო ქმნა? ანუ უკეთუ დუხჭირმანცა აბრალოს სარკესა, რამეთუ სახესა ცხადად უჩნს უხმარნი და უღირსნი, ნუ ამას, არამედ თავთა თუისთა აბრალებდენ.“
ეხლა კი მოდით ობიექტურად მივყვეთ ათწლიან მოვლენათა მსვლელობას. ქვევით მოყვანილი ფაქტები შეძლებისდაგვარად მშრალი და უკომენტაროა.
ვ. პუტინის რუსეთის სათავეში მოსვლა და ძალადობრივი ქმედებების დასაწყისი 1999 წ. სექტემბერი - 2002 წ. დეკემბერი: ბრძოლა ცხინვალის რეგიონისათვის.
1999 წლის სექტემბერში, ვლადიმერ პუტინმა, რომელიც 1999 წ. აგვისტოში დაინიშნა რუსეთის პრემიერ მინისტრად, ცალმხრივად მოხსნა 1996 წლის 19 იანვარს დსთ-ს ქვეყნების პრეზიდენტების მიერ დაწესებული აკრძალვა, რომელიც ჯარის ასაკის მამაკაცებს არ აძლევდა უფლებას გადაეკვეთათ რუსეთ-საქართველოს საზღვარი აფხაზეთის ნაწილში, რითიც დაარღვია აღნიშნული ხელშეკრულება. ნეტავ რატომ?
2000 წლის ნოემბერში, რუსეთის მთავრობამ ცალმხრივად შემოიღო საქართველოსთან სავიზო რეჟიმი, დაარღვია არსებული ხელშეკრულება და ცალმხრივად გამოვიდა დსთ-ს უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულებიდან. ამავე დროს, ძალიან გამარტივებული სავიზო რეჟიმი დაუწესა აფხაზეთს, აჭარას და ცხინვალის რეგიონს. ნეტავ რისთვის?
2001 წლის თებერვალში რუსეთის დაზვერვის ოფიცერმა ორგანიზაცია გაუკეთა ეგრეთწოდებულ „ოთხთა შეხვედრას“. ესენი იყვნენ: ალან ჩოჩიევი, გერასიმე (რეზო) ხუგაევი ედუარდ კოკოითი და თვით ორგანიზატორი - ოფიცერი. ამ შეხვედრაზე მათ შეიმუშავეს ლუდვიგ ჩიბიროვის (იმ დროს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი) საწინააღმდეგო სტრატეგია, რომელიც მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართველოს მთავრობასთან და უკვე მზად იყო, „სამხრეთ ოსეთი“ გაფართოებული ავტონომიური სტატუსით შეეყვანა საქართველოს იურისდიქციაში. რუსეთის მთავრობას არ აწყობდა „სამხრეთ ოსეთის“ საკითხის მოგვარება და გადაწყდა, რომ 2001 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში უნდა გაემარჯვა ედუარდ კოკოითის. ამგვარად, 2001 წლის დეკემბერში კოკოითი „არჩეულ“ იქნა პრეზიდენტად, რომელმაც ხუგაევი დანიშნა პრემიერ მინისტრად. 2002 წლის იანვარში, კოკოითიმ მოიწვია „სამხრეთ ოსეთის“ „ელიტის“ დაახლოებით 50 კაციანი კრება. მან ამ შეხვედრაზე დამსწრეებს საქართველოსთან ომის მეშვეობით „სამხრეთ ოსეთისთვის“ დამოუკიდებლობის მოპოვების გეგმა გააცნო. კრების დამსწრეთა უმრავლესობამ ამ გეგმას სულელური უწოდა და უარყო იგი. თითქმის ყველა ადამიანი, რომელმაც უარყო კოკოითის გეგმა, გაუჩინარდა პოლიტიკური სცენიდან. ზოგი საეჭვო ვითარებაში დაიღუპა, ზოგიერთი ცხინვალის ციხეში მოხვდა, დანარჩენმა კი დატოვა რეგიონის ტერიტორია.
2002 წლის მარტში კოკოითის წინადადებით „სამხრეთ ოსეთის“ პარლამენტმა დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართა რუსეთის მთავრობას.
2002 წლის ივნისში რუსეთის პარლამენტმა რუსეთის მოქალაქეობის კანონში შეიტანა შესწო-რება და „სამხრეთ ოსეთის“, აფხაზეთისა და აჭარის მაცხოვრებელთათვის რუსული პასპორტების დასარიგებლად იწყო მზადება. 2002 წლის 23 ივნისს კი ცხინვალმა რუსეთის მოქალაქეობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყო.
2002 წლის 6 აგვისტოს რუსულმა საჰაერო ძალებმა დაბომბეს პანკისის ხეობა. ერთი მოქალაქე მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს. ევროსაბჭოს მისიამ გამოიძია ეს შემთხვევა და დაადასტურა რუსეთის მიერ დაბომბვის ფაქტი. ნეტავ საჰაერო დაბომბვა რაღას უნდა ნიშნავდეს?
2002 წლის 7-8 სექტემბერს, რუსეთის დავალებით, კოკოითი ჩავიდა სოხუმში და საქართველოს წინააღმდეგ აფხაზეთთან სამხედრო კავშირის ხელშეკრულება გააფორმა. რამდენიმე დღის შემდეგ, 11 სექტემბერს, ამერიკაზე განხორციელებული ტერაქტის წლისთავზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვ.პუტინმა საქართველოს ულტიმატუმი წაუყენა. მან საქართველო დაახასიათა, როგორც „ტერორისტული ქვეყანა“ და დაიმუქრა, რომ გაერთიანებული ერების 51-ე მუხლის საფუძველზე საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ძალას გამოიყენებდა. რასკვირველია ესეც სააკაშვილის ბრალია!
შედეგად, 2002 წლის 22 ნოემბერს, ნატოს სამიტზე პრაღაში, საქართველოს პრეზიდენტმა ე. შევარდნაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში შესვლა სურს.
2002 წლის ბოლოს, საქართველოსთან ურთიერთობის დაძაბვის მიზნით, რუსეთის დახმარებით, კოკოითიმ, თავდაცვის, უშიშროების და დაზვერვის მინისტრებად დანიშნა რუსი გენერლები. ეს ხომ ნამდვილად რუსეთის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა, არა?!
2002 წლის 25 დეკემბერს, რუსეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ დაარღვია 1996 წლის დსთ-ს ქვეყნების პრეზიდენტთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება და გახსნა სარკინიგზო მიმოსვლა რუსეთსა და აფხაზეთს შორის. ნეტავ საქართველოსთვის ამაზე დიდი სიკეთე რაღა უნდა ექნა ჭეშმარიტ მეგობარს?!
2003 წ. იანვარი - 2004 წ. აპრილი: იარაღის ჟღარუნი და ბრძოლა აჭარისათვის
2003 წლის 15 იანვარს, კოკოითიმ ისევ სთხოვა პუტინს „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარება, რის საპასუხოდაც, 2 თებერვალს, რუსეთის მთავრობამ როკის გვირაბის გავლით კოკოითის გამოუგზავნა დიდ რაოდენობით სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის 12 ტანკი ტ-55. ნეტავ რისთვის?
2003 წლის ივლისში რუსეთმა სოჭიდან სოხუმში გაგზავნა ტურისტული გემი და ამით 1992-1993 წლეებიდან აფხაზეთზე დაწესებული საერთაშორისო ემბარგო დაარღვია. ივლისშივე „სამხრეთ ოსეთის“ დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცალმხრივად დაარღვია ადრე უკვე შეთანხმებული ხელშეკრულება (ბაიდენის დოკუმენტი).
2003 წლის 2 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი თავის გამოსვლაში ომით დაემუქრა საქართველოს.
მოსკოვში, 2003 წლის 29 ნოემბერს, იგორ ივანოვის, ედუარდ კოკოითის, რაულ ხაჯინბას და ასლან აბაშიძის შეხვედრაზე გადაწყდა დაეჩქარებინათ რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესი აჭარაში, აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“. 5 დეკემბერს რუსეთის მასმედიამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებდა ათობით ათას პასპორტს ამ რეგიონების მოსახლეობისათვის. ხოლო ოთხი დღის შემდეგ, შემოღებულ იქნა ახალი, უფრო მეტად გამარტივებული სავიზო რეჟიმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის. ამ პერიოდში, 2003 წლის ნოებრიდან 2004 წლის 3 მარტის ჩათვლით, ასლან აბაშიძე ოფიციალური ვიზიტით ხუთჯერ იმყოფებოდა მოსკოვში (29/11/03;14/01/04; 07/02/04; 03/03/04). ნეტავ რისთვის?
2004 წლის 11 თებერვალს მოსკოვში შედგა ვ. პუტინისა და მ. სააკაშვილის პირველი შეხვედრა. ამ შეხვედრაზე ვ. პუტინმა სთხოვა საქართველოს პრეზიდენტს, აღარ მოეთხოვა რუსული სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანა და თავის თანამდებობაზე დაეტოვებინა უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია, რომელიც ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. ნეტავ რაში სჭირდებოდა ბაზები და ხაბურძანია?
2004 წლის 6 მაისს იგორ ივანოვმა ასლან აბაშიძე თავისი თვითმფრინავით ბათუმიდან მოსკოვში წაიყვანა. შემდგომ, სატელეფონო სუბარში, მ. სააკაშვილმა დიდი მადლობა გადაუხადა ვ. პუტინს იმ წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა კრიზისის მშვიდობიან გადაწყვეტაში. საპასუხოდ ვ. პუტინმა უთხრა: „ეხლა დაიმახსოვრე, ჩვენ არ ჩავერიეთ აჭარაში, მაგრამ „სამხრეთ ოსეთში“ და აფხაზეთში ჩვენგან არ მიიღებ რაიმე სახის საჩუქარს.“ ნეტავ რატომ?