შიშის, ჰომოფობიისა და მხარდაჭერის შესახებ
Posted 6:00 PM by anano in თემები dgiurebi, ახალი ამბები, ბლოგი, ჟურნალისტი, საქართველო, ცხოვრების სტილი
ავტორი – ნან
2009 წლის დასაწყისში "ბათუმელებში" ლელა გაფრინდაშვილის სტატია, "ნუ მოკლავ ჯაფარას" დაიბეჭდა. ერთ ადგილას ლელა ნათესავ ბიჭზე ყვება, რომელიც "საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის გენერალური პროდიუსერისთვის პიდარასტია, მისთვის კი მცენარეთა სულთამპყრობელი ბერბიჭა, Helichrysum ანუ იგივე უკვდავა." სტატია ინტელიგენტებისათვის სახელმწიფოს მხრიდან საახალწლო ინდაურით დასაჩუქრებას და პირველი არხის აწ უკვე გენერალური დირექტორის, ჭანტურიას განცხადებას ეხმიანებოდა.
სამწუხაროდ მე არ მყავს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ნათესავი ან მეგობარი (ან არ ვიცი ამის შესახებ), რომლის მაგალითზე შემეძლო უფრო გასაგებად და ადამიანურად დამეწერა. არ ვიცი რა გამოვა ამ პოსტიდან, რადგან ამ თემაზე საუბრისას ან საშინლად ვბრაზდები, ან საერთოდ, ხელები მეკვეთება. შემიძლია არ ვიკამათო პოლიტიკაზე, საყოფაცხოვრებო წვრილმანებზე, გავატარებ, ჯანდაბაში ჰქონია გზა! მაგრამ როცა სიძულვილით, ზიზღითა და შიშით საუბრობენ განსხვავებული ორიენტაციის ან რელიგიური რწმენის ადამიანებზე, ბრაზსა და სასოწარკვეთას ვერაფერს ვუხერხებ.
მე არ ვიცი როტომ სძულთ და ეშინიათ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების. ყველას ვეკითხები ამას, მაგრამ გონიერი პასუხი არ მიმიღია ამ კითხვაზე. "არ მძულს – მეცოდებიან", არ არის პასუხი. ამ "შეცოდებაში" ქედმაღლობა იმ დოზითაა, რომ უკიდურეს შემთხვევაში თანაგრძნობისთვისაც კი არ ტოვებს ადგილს. ჰო, თანაგრძნობაც ნებაყოფლობითია, ვერც სიყვარულს აიძულებ ვინმეს და არცაა საჭირო, მაგრამ შემზარავია ზიზღი და შიში, რომელიც გაუცნობიერებლად ჩაგვიდეს თავში ოდესღაც.
არასამთავრობო ორგანიზაცია, ფონდი "ინკლუზივი" დაარბიეს, იქ მყოფებს შეურაცყოფა მიაყენეს, ისე მოიქცნენ, როგორც ნაცისტები ექცეოდნენ ადამიანებს საკონცენტრაციო ბანაკებში, თან პირჯვარს იწერდნენ და ამაზე ხმა არავის ამოუღია. განცხადება არ გაუკეთებია სახალხო დამცველის აპარატს, რომლის პირდაპირი მოვალეობაა ადამიანების უფლებების დაცვა, არც ერთ გამოცემას, არც ერთ ტელეარხს არაფერი უთქვამს ამის შესახებ. რატომ? არასამთავრობო ორგანიზაციის დარბევა მასმედიის თოფ-თემა უნდა გამხდარიყო, მაგრამ...
გვეშინია ვითომ? გვეშინია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების უფლებების შელახვაზე ხმამაღლა საუბრის, რომ ჩვენზეც არ თქვას ვინმემ, რატომ იცავს "ასეთი" ხალხის უფლებებს, ე.ი. თვითონაც "ისეთია", "ავადმყოფი" და "არასრულფასოვანი".