დამლაგებელი

Posted 10:15 PM by KOMUNA in თემები , , , ,


ერთხელ, ოჯახმა გადავწყვიტეთ, დამლაგებელი აგვეყანა. გამოვაქვეყნეთ განცხადება და მოვაწყვეთ კონკურსი. ბოლოს ერთი ქალბატონი, სახელად თებრო, ავირჩიეთ. თებრო დაგვპირდა, რომ კარგად იმუშავებდა და მართლაც, მშვენივრად დაიწყო. სახლს აწკრიალებდა. სადილს ამზადებდა. სარეცხს რეცხავდა. სახლში მისვლა მიხაროდა, ხელფასს არ ვუგვიანებდი, მეშინოდა, არ გაქცეულიყო სხვაგან. იმდენად კარგად დაიწყო. რომ ჩემს 5 შვილს მის მეტი სალაპარაკო არ ჰქონდათ. ზაფხულობით თებროს ჩემი შვილები ბანაკში მიჰყავდა და იქ დალაგებას ასწავლიდა. მოკლედ, ყველაფერი კარგად იყო, ვიდრე თებრომ ერთხელ არ მკითხა –მითხარი ერთი, როგორი დამლაგებელი ვარო... მე არ დავიბენი და გულწრფელად ვუპასუხე რომ თებროსნაირი დამლაგებელი არსად მეგულებოდა, ამის შემდეგ თებრო ყოველდღე მეკითხებოდა ერთი და იგივეს, მეც ყოველდღე ვუდასტურებდი კარგ ქალობას სანამ ეს ჩვევაში არ გადამეზარდა, მერე კი მომწყინდა და ერთხელაც აღარ ვუპასუხე დასმულ კითხვაზე, საღამოს ოჯახის წევრებმა საყვედური მითხრეს, თებროს რატომ აწყენინეო. ამან სულ გადამრია და არც მეორე დღეს შევაქე თებრო. თებრომ ალმაცერად დამიწყო ყურება, იმდენად გათავხედდა, რომ სახლში ავეჯი საკუთარი გემოვნებით გადაადგილა, არავის არაფერი გვკითხა. თვალი დავხუჭე ამ ამბავზე, მითუმეტეს, რომ ჩემს ოჯახის წევრებს მოეწონათ თებროს მიერ გადადგმული ავეჯი. შემდეგ თებრომ ჩემთან ოჯახში თავის ნათესავი მოიყვანა და ისე, რომ არც გვკითხა, დერეფანში საწოლი გაუშალა და დაიწყო თებროს ნათესავმა ჩვენთან ცხოვრება. ოჯახი მაშინ გამოფხიზლდა, როდესაც თებრომ მეორე ნათესავიც მოიყვანა. შევიკეტეთ ოთახში და დავიწყეთ დისკუსია თემაზე, ჰქონდა თუ არა თებროს უფლება, მოეყვანა უცხოები ჩვენს სახლში. მოულოდნელად თებრომ და მისმა ნათესავებმა კარი შემოაღეს და რომ დაინახეს ვთათბირობდით, ცემა დაგვიწყეს. ძალიან მაგრად გვცემეს. მე საავადმყოფოში მოვხვდი. ერთ კვირაში გამომწერეს საავადმყოფოდან. სახლს რომ მოვუახლოვდი, შეძახილები შემომესმა, ჩემი შვილები და მეზობლები თებრო თებროს გაიძახოდნენ. მე კარებთან ჩანთით ჩემი ნივთები დამხვდა, ვცადე გამერკვია რა ხდებოდა, მაგრამ გავაღე თუ არა სახლის კარი, საკუთარი შვილები მეცნენ და მაგრად მიმბერტყეს. ისევ საავადმყოფოში მოვხვდი, ამჯერად, ორი კვირის შემდეგ გამომწერეს. მივედი სახლთან და მეზობელს დავუკაკუნე, მეზობელმა კარი გააღო. რომ დამინახა, დამცინავად ჩაიცინა, შენ იქირავე ხო თებროო, მკითხა და რკინის ხელკეტი იმდენი მირტყა სანამ გონება არ დავკარგე. დღეს გამომწერენ საავადმყოფოდან. სანამ სახლში მივალ, მინდა ხმის გამაძლიერებელი ვიყიდო და თებრო თებროს ძახილით მივიდე სახლში. აბა, რა გავაკეთო, მომერია დამლაგებელი, რომელიც სახლის დასალაგებლად ვიქირავე.
მამუკა ღლონტი

0 comment(s) to... “დამლაგებელი”