დემენცია, ანუ ბებერი კულტურის სკლეროზი
Posted 3:00 PM by Nina in თემები tavisufleba.org, გიორგი გვახარია, მედია, საქართველო, ტელევიზია, ფსიქოლოგიაავტორი გიორგი გვახარია
…კი, მეც მგონია, რომ ”ბათუმელების” რედაქციის მიერ სასწრაფოდ გავრცელებული პრესრელიზი ცოტა არ იყოს გაუგებრადაა დაწერილი (ალბათ, იმიტომ, რომ სრულიად გაუგებარი და აბსურდულია სიტუაცია), მაგრამ ეს კითხვა, არის თუ არა გეი ჟურნალისტი, რომელიც სპეცსამსახურებმა დააშანტაჟეს, კლასიკური დემენციაა - ანუ მთავარისა და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გარჩევის უუნარობა, მთავარის გადაქცევა ”ფონად” და სრულიად უმნიშვნელო დეტალის გაზრდა-გაზვიადება. ანდა, პირდაპირ ვთქვათ - დეგენერატობა, სიდებილე, ტვინის უჯრედების გახრწნა.
ჩვენი საზოგადოება სულიერ კრიზისს რომ განიცდის, ამას დღეს ”ქართული აკადემიაც” აღიარებს (სხვა საქმეა, რომ ამაში მხოლოდ ხელისუფლებას ადანაშაულებენ). მაგრამ, მგონი, ფრიად არაპოპულარული იქნებოდა იმის თქმა, რომ ამ კრიზისის მიზეზი თავად კულტურაშია - უძველესში და აქედან გამომდინარე, კარგა მაგრად დაბერებულში... მხოლოდ და მხოლოდ მარაზმში მყოფ კულტურას შეუძლია პოპულარული გახადოს ტელეგადაცემა, სადაც პროფესორი კაცი, იმის გამო რომ ცოტა ფული იშოვოს, იძულებულია განაცხადოს, რომ სექსუალურ უმცირესობებს მიეკუთვნება და ისიც დაუმატოს, რომ ”პროფესორობაში” კაგებესთან თანამშრომლობამ შეუწყო ხელი... მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა კმაყოფილია: ლიბერალები ტაშს უკრავენ - ახალი გმირი ჰყავთ! მერე რა, რომ ამ კაცს ეს coming out-ი შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს. ლიბერალიზმის გამარჯვებას მსხვერპლი სჭირდება! დაე, ეს მსხვერპლი იყოს, ”ვიღაც ქუთაისელი პროფესორი”... მთავარია, რომ ”პროცესი დაიძრა”!
მაგრამ ყველაზე კმაყოფილი დემენციურ-მარაზმატიკულ კულტურაში გაჭედილი საზოგადოებაა; კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პედერასტები ”დავერბოვკებული ხალხია” - ყველაფერზე წამსვლელები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონ პროფესორთან დისტანცია შენარჩუნებულია. ცოტა გავიცინეთ და მოვრჩით. არავითარი თანაგრძნობა და სენტიმენტები! …