მზიური ველის სერენადა
Posted 1:00 PM by Nina in თემები tavisufleba.org, ბლოგი, ია ანთაძე, ინტერნეტი, ცხოვრების სტილი
ავტორი ია ანთაძე
დღეს ბლოგის ბოლო მასალას ვწერ ამ წელიწადში და მინდა, ჩვენს ბლოგზე გიამბოთ – ისეთზე, როგორსაც მე მას ვხედავ.
ჩვენი ბლოგის სახელი „იანეთია“. ეს სოლომონმა მოიფიქრა, დოდიმ კი ნამდვილი იანეთის ფირნიშს ფოტო გადაუღო. ახლა ჩვენ გვაქვს სახელიც და სახელის შესაბამისი სიმბოლოც. ია ანთაძის ბლოგისთვის „იანეთის“ დარქმევა ცოტა ინფანტილურია და ცოტაც – გოიმური. მაგრამ, სწორედ ამიტომ, ცოტა მამაცურიც არის და საყვარელიც, რომ ჩვენს ბლოგს თავისი სახელი აქვს და „ფეისბუკი“ ან „ოდნოკლასსნიკები“ კი არა, სწორედ იანეთი ჰქვია.
ბლოგი დღე–ღამეში თითქმის ოცი საათის განმავლობაში საქმიანობს. ამ წუთას, მაგალითად, შუაღამე დიდი ხნის გადასულია, ოთხის ოცი წუთია და ორი კომენტარი მელოდება გამოსაქვეყნებლად. ახლავე ვნახავ, ვის არ ძინავს ჩემთან ერთად: მანანა გვწერს ამერიკიდან. ის საკმაოდ იშვიათად გვწერს, მაგრამ ბლოგის დაარსებიდან მოგვყვება, ჯერ კიდევ აპრილის თვეში მახსოვს მისი პირველი კომენტარი. საქმეც ეს არის: როცა საქართველოში ღამეა, დედამიწის სხვა ნაწილებში დღეა. ჰოდა, იანეთში მოფრინავს კომენტარები დღისით და ღამით, ღამით და დღისით... კვირიდან კვირამდე, როგორც წესი, 1000–ზე მეტი კომენტარი გროვდება.
დაახლოებით 20–25 ადამიანი ყოველდღე ჩვენთან არის. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს ადამიანები თავისი ყოველდღიური ცხოვრების რამდენიმე საათს იანეთს უთმობენ. ერთხელ ვითხოვე, მოდით, დავთქვათ და საღამოს ცხრა საათიდან ღამის ორ საათმდე ვიყოთ ერთად, მერე კი დავიშალოთ–მეთქი. არაო, – იანეთელებმა, – ორ საათზე დაშლა ვის გაუგია, ბავშვები ხომ არ ვართო. არც კი ვიცი, რა უფრო გამიხარდებოდა, თანხმობა თუ უარი... ალბათ, მაინც, უარი.
რომ არ გეგონოთ, უძინართა მცირერიცხოვანი კლუბი გაუხსნიათო, იმასაც გეტყვით, რომ იანეთს კვირიდან კვირამდე 4 000 ადამიანი სტუმრობს. მათი დიდი უმრავლესობა მხოლოდ კითხულობს, რასაც დანარჩენები წერენ. აპრილიდან დეკემბრამდე არც „მწერლების“ რიცხვი შეცვლილა მაინცდამაინც და არც „მკითხველების“. სტაბილურობა იანეთის ძლიერი მხარეა.
ეს სტაბილურობა, გარკვეულწილად, ჩემს უძილობაზე დგას. რადგან წესი წესია – თუ კომენტარს წინასწარ არ წავიკითხავ და არ დავასკვნი, რომ კომენტატორს ბლოგის წესები არ დაურღვევია, ვერაფერიც ვერ გამოქვეყნდება. წაკითხვას კიდევ სიფხიზლე სჭირდება. ჰოდა, ჩემი მეგობრები იანეთს არ წყალობენ, მეუბნებიან – შეეშვი, გაუფრთხილდი შენს თავს, დაიძინე, დაისვენე... მარტო უძილობაც არ არის მიზეზი. სადაც მივალ, ათ წუთში ჩანთას ვხსნი და პატარა კომპიუტერს მოვიმარჯვებ. „აუ, დაიწყო!“ – ამბობენ ჩემი მეგობრები. მე კი ვუხსნი, რომ თუ კომენტარებს არ გამოვაქვეყნებ, ადამიანები ინერვიულებენ – „მწერლებიც“ და „მკითხველებიც“. კულმინაცია მაინც ის იყო, როდესაც პატარა კომპიუტერი ჩემი მეგობრის შვილის ქორწილში მოვიდგი გვერდით>>>