გოგუცუნების დიქტატურა
Posted 12:02 PM by Nina in თემები demo.ge არტ-პორტალი, მედია, ჟურნალისტი, საქართველო, ტელევიზიაავტორი:ლევან რამიშვილი
…20 წლის წინ საქართველო ახალ ცხოვრებას შეუდგა და რა თქმა უნდა, მაშინაც ჰაერივით სჭირდებოდა ყოველი მოვლენის ანა-ბანის გარკვევა, მაგრამ ამ მოსაწყენ და უმადურ საქმეს არავინ შებმია დიდი მონდომებით. ახალ ცხოვრებას ჩვენ ძველი სტერეოტიპებით თავგამოტენილები შევუდექით. ჯერ კიდევ ჰომო-სოვეტიკური მენტალობის მქონენი გზადაგზა ვიმატებდით ახალ-ახალ, ახლა უკვე `ფირმა” სტერეოტიპებს…
როგორი უნდა იყოს გაზეთი, ჟურნალი, ტელევიზია? რას უნდა აკეთებდეს ჟურნალისტი? ამ კითხვებზე ჩვენ მულტი-სტერეოტიპული, ამერიკანიზებულად საბჭოთა მზა პასუხები გვაქვს, რადგან ამ პასუხების მიღებაში ყველაზე ნაკლები მონაწილეობა აზროვნებამ მიიღო…
მაგალითად ამერიკაში ერთკვირიანი თუ ორთვიანი სტაჟირებიდან დაბრუნებული ქართველი ჟურნალისტები და რედაქტორები, როგორც წესი, მზა რეცეპტებით ხელდამშვენებულნი ბრუნდებოდნენ ხოლმე. მათ დაიზუთხეს, როგორ უნდა მომზადდეს ნიუსი, რეპორტაჟი, დაისწავლეს, რომ ჟურნალისტმა მხოლოდ მოდავე მხარეთა პოზიცია უნდა `დააფიქსიროს” (დაფიქსირება_თანამედროვე ჟურნალისტური ქართულის შედევრი…) და არავითარ შემთხვევაში არ გამოთქვას საკუთარი შეხედულება. ..