ავტორი – wigni
სვეტიცხოველი ქართველთა უმთავრესი და უპირველესი ტაძარია. აქ დამარხულია უდიდესი სიწმინდე – იესო ქრისტეს კვართი – სამოსელი. კვართი ღმრთისმშობლის ხელით იყო ნაქსოვი და მას იესო მთელი ცხოვრების მანძილზე ატარებდა. ჯვარცმის დროს, ქრისტეს სამოსი, კვართი, წილად ერგო მცხეთიდან ჩასულ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს. მათ კვართი მცხეთაში ჩამოაბრძანეს. მცხეთაში ჩამოსულ ელიოზს მისი და – სიდონია შეეგება. სიდონიამ ძმისაგან შეიტყო უფლის ჯვარცმის შესახებ. ტირილით ჩაიკრა კვართი გულში და ისე ძლიერ განიცადა მოსმენილი, რომ გარდაიცვალა. სიდონია კვართთან ერთად დაკრძალეს. მაცხოვარმა ინება, რომ ამ დიდი სიწმიდის გამოგზავნის გარდა, ქართველთა ქვეყანაში მისი სიტყვაც ექადაგათ მოციქულებს – ანდრია პირველწოდებულს, სვიმონ კანანელსა და მატათას. მას შედეგ სამი საუკუნე გავიდა, მაშინდელი ქართველები ჯერ კიდევ კერპებს სცემდნენ თაყვანს.