ბესოს მოგზაურობა კონგოლიკოროში
Posted 2:43 AM by KOMUNA in თემები თეონა გეგელია, ირმა გოგიაშვილი, მოგზაურობა, მუშაობის კულტურა, ფოტო, ცხოვრების სტილი
![]() | სან-ფრანცისკოში, ორგანიზაცია Building with Books-ის კლუბში სხვადასხვა ივენთები ეწყობოდა. კლუბის მოხალისეები საქველმოქმედო პროექტებში მონაწილეობდნენ, ქალაქის დასუფთავების აქციებში – |
დამლაგებლებად მუშაობდნენ, უსახლკაროთა თავშესაფარში _ საჭმლის მიმტანებად... ასეთი აქციებიდან შემოსული თანხებით Building with Books- განვითარებად ქვეყნებში სკოლებს აშენებს. ამ ქვეყნებში კლუბის მოსწავლეებს გაცვლითი კულტურული პროგრამებით აგზავნის, რომ მათ ადგილობრივებთან ერთად სკოლები ააშენონ.....
ბესო ხიდეშელმა, რომელიც ამ პროგრამით მალის სამხრეთ რაიონის სოფელ კონგოლიკოროში ორი კვირით იმყოფებოდა, საკუთარი შთაბეჭდილებები წერილობით გადმოგვცა... მისთვის ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან კონგოლიკოროში გატარებული ორი კვირა, მისი 17 წლის ცხოვრების მანძილზე ყველაზე ღრმა და მნიშვნელოვანი შთაბეჭდილება იყო...
19/06/08 – 20/06/08
- არ წახვიდე არ შეგიძლია?
- უნდა წავიდე, სხვა გზა არ მაქვს.
- არა, აფრიკაზე არ გეუბნები, ეხლა არ წახვიდე უბრალოდ, გთხოვ.
- დედაჩემს უკვე ვუთხარი ავტობუსში ვზივარ მეთქი.
- ეეეეეე...
- რა ვქნა ეხლა?
- ვიცი, ვიცი, წამო გაგაცილებ გზამდე და მერე ვეღარ გნახავ ორი კვირა.
- გინდა ვინმემ დაგაყაჩაღოს? რა უნდა გამომყვე, ხომ არ გაგიჟდი გოგო?
- კაი მაშინ ცოტას გაგაცილებ.
- წავედით.
გადავეხვიე ჩემს მშვენიერ მეგობრებს, რამდენიმე ახლად ჩამოყალიბებულ წყვილსაც შევხედე.
- აბა, წავედი მე, იმედია შენ და ეგ გოგო იზასავებთ, ვიცი რო იზავთ.
- ჰაჰა, აბა რა...
- გაჩუმდით, თქვე იდიოტებო!
- ნუ, შენც ხო იცი რო ეგრე იქნება?
- მერე რა, შენც ხო არ უნდა იტრაკო.
- კაი კაი დავახვიე, ორ კვირაში გინახულებთ.
ბოლოჯერ გავხედე ‘გოლდენ გეიტ’ ხიდს და ‘ვოდკა’ გაჭყეპილი ახალგაზრდების ხედს. ასეთ ლამაზ სანახაობას ორი კვირის განმავლობაში ვეღარ ვნახავდი.
გავეკიდე ავტობუსს და როგორც იქნა დავჯექი. ცუდი იდეაა აფრიკაში წასვლის წინა დღეს არყით გაჭყიპვა.…
დილით, ზუსტად ექვს საათსა და ორმოცდაექვს წუთზე გამეღვიძა. ოცდაათი საათი თვითმფრინავებში და აეროპორტებში მაგარი იქნება.
21/06/08
როგორც იქნა ჩამოვედით. რატომღაც პარიზის აეროპორტში საჭმელად რომ დაჯდე ადგილი არ იშოვება. არ ვიცი რატომ, მაგრამ მალიში ჩამოსვლისას დაახლოებით 1999 წლის თბილისი გამახსენდა, როცა თვითმფრინავიდან აეროპორტამდე ხალხი ფეხით ან ავტობუსით მოდიოდა. ბამაკო – მალის დედაქალაქი, ყველაფრით დიდ სოფელს მაგონებს.
22/06/08
7 საათი მარშრუტკაში ჯდომის შემდეგ როგორც იქნა სოფელ კონგოლიკოროში ჩამოვაღწიეთ. ჩემი მალიური სახელიც შემარქვეს – N’Dji Traore. აქ როგორც დაგვხვდნენ, ასეთი დახვედრა ცხოვრებაში არ მინახავს. სოფლის რვაასივე მოსახლე სიმღერით და ცეკვით შემოგვეგება. მალის მუსიკა მარტო ამ წუთიდან შემიყვარდა. დახვედრის შემდეგ, ჯგუფი ორად გაგვყვეს და იმ ოჯახებში გაგვიშვეს სადაც ათი დღის განმალობაში უნდა გვეცხოვრა. ჩემს ოჯახში ერთი მამა, ორი ცოლი და ექვსი ბავშვი ცხოვრობდა. მამა – ალი ტოგოლა, მაგარი ხუმარა კაცია, სულ კონტაქტში შემოსვლას ცდილობს, მაგრამ ენის არ ცოდნა მართლა დიდი ბარიერი ყოფილა.
პირველ ღამეს ჭექა-ქუხილი რომ გაისმა, თავი რაჭაში მეგონა, მაგარი გრძნობა იყო.
P.შ. ღამის ოთხ საათზე ვირების სექსს ვისმენდით, თითქოს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ათი წუთი საზარელი კვნესის მოსმენა ნამდვილად არ არის სასიამოვნო.
23/06/08
როგორც იქნა დავიწყეთ იმ საქმის კეთება რისთვისაც ამ სოფელში ჩამოვედით – სკოლის შენება. როგორც ჩანს ყველას ან ჩემი სახელი, ან ჩემი მუშაობის ხარისხი მოსწონს, რადგან სულ ჩემს სახელს იმეორებენ. მე კიდევ მიხარია, სახეზე იდიოტური ღიმილი მადევს, იმის მიუხედავად, რომ არც კი ვიცი რას ამბობენ.
25/06/08
დღეს ღამით ჩვენს მასპინძელთან დალაპარაკება ვცადე და რაღაცეებიც გავარკვიე. ალი ტოგოლა 42 წლის ფერმერია, ყავს ორი ცოლი და ექვსი შვილი. პირველი გოგო გარდაეცვალა. ალის პირველ ცოლს ავა ჰქვია, მეორეს აფუ. აფუს ჩემსავით 16 წლის ძმა ჰყავს, რომელთანაც ფეხბურთზე საუბარი ვცადე, როგორ მოუგო წინა დღეს მალიმ სუდანს 4:0.
ისე, ეს დღე სხვა მხრივაც კარგი იყო. ბავშვებთან ერთად მაგარი სურათები გადავიღე და ჩოგბურთის ბურთით რაღაც მალიური თამაში ვითამაშე.
27/06/08
ხალხი ცოტა ნერვებს მიშლის, მაგრამ ჩემი ბრალია, იმიტომ რომ ერთი და იგივე ადამიანებთან ასეთ ხშირ კონტაქტს შეჩვეული არ ვარ. ჯგუფი თითქმის სულ ერთადაა. მე მეგონა, უფრო მეტად ყურადღება აფრიკელებთან ურთიერთობაზე იქნებოდა გამახვილებული და არა ჯგუფის წევრებს შორის აზრების გაზიარებაზე, იმის შესახებ თუ რისი გარკვევა შევძელით ერთ საათიანი თავისუფალი დროის განმავლობაში მალიურ ცხოვრებაზე.
ვუთხარი, რომ ერთ კვირაში უკან ვბრუნდებოდით. ხუმრობით, დარჩენა მთხოვეს. მკითხეს ცოლი თუ მყავდა. თავიდან ვერ გავიგე რას მეკითხებოდნენ, მაგრამ როცა მივხვდი, სასწაული სახე მივიღე.
Ayi, Ayi, Ayi ! სამი ‘არა’ მივაყარე ზედიზედ. საშინლად დამცინეს.
საღამოს სახლში რომ დავბრუნდით წვიმა დაიწყო. მგონი ყველა მწერი რაც კი გარეთ არსებობდა ჩვენთან შემოვიდა. ძალიან ბევრი მოვკალით, მაგრამ ჩემხელა ობობა რომ დავინახე ცოტა შემეშინდა.
- აუ, იმას ხედავ რამხელაა?
- აბა სად?
- აგერ დარბის, თვალები სად გაქ?
- მაინც ვერ ვხედავ
- ახლა მაინც ვერ ხედავ? ჩანთის უკან არი, აგერ აი.
- რამხელაა ეს ჩემისა! მოკალი ახლავე!
- შენთვითონ მოკალი თუ ტრაკი გაქ!
- აუ მგონი მორიელია, ობობა კი არა. ნახე რა ფერისაა.
- როდის გინახია რვაფეხა უკუდო მორიელი შეჩემა?
- კაი, ეხლა ბოტასს მოგცემ და მოკალი.
- ჩავარტყა?
- აბა რა მოკალი მაგის!
- აუ კედელზეა.
- მაინც მოკალი
- არ მინდა რო თავზე დამახტეს
- თუ დაარტყავ მკვდარი მაინც იქნება
(ბუმ)
- მკვდარია?
- რავი აბა, ხედავ სადმე?
- აი ძირს გდია ორი ფეხი, მკვდარია.
- მგონი გადავრჩით.
- იმედია.
კი გადავრჩით, მაგრამ ათ წუთში კიდევ სამი ობობა მოვკალი. ასე მწერების არასდროს შემშინებია. ღამე გადავიტანეთ. ჯერჯერობით არაფერს არ შევუჭამივართ.

29/06/08
დღეს სოფლის ‘მარკეტში’ წავედით, სადაც კვირაობით ყველა დადის. ორი მანქანით მივდიოდით – მერსედესით და მარშუტკით. ეს ამერიკელები რა ხალხია? მაინცდამაინც ბანძი მარშუტკით უნდოდათ წასვლა, რომ კარგად გაეგოთ იქაური მგზავრობა როგორი იყო. მე რა თქმა უნდა, მერსედესში ჩავჯექი. მარკეტმა ყველა აღაფრთოვანა, არადა უბრალო ბაზრობა იყო.
საღამოს სოფლის გუნდს ფეხბურთი ვეთამაშეთ. 3:3 დამთავრდა. სამი ბურთი არ ჩაითვალეს, 15 ფეხბურთელი გვყავდა და არანაირ ჯარიმას ჩვენზე არ დებნენ. 3:2-ზე პენალტი გავიტანე და მაგრა გამისწორდა. ყველაზე მაგარ ფეხბურთელად მაღიარეს, არადა ფეხბურთის აზრზე არ ვარ.
1/07/08
დღეს ყველაზე მძიმე დღე მქონდა. დავიღალე. ამდენი ბრინჯის ჭამა არ შემიძლია, ეტყობა საკმარისი ენერგია არ მაქვს. საღამოს კარგი საუბარი მქონდა ჩემს მასპინძელთან, რა თქმა უნდა, თარჯიმნის დახმარებით. ძირითადად ქალის და კაცის ურთიერთობებზე ვსაუბრობდით. აქ კაცს შეუძლია ოთხ ცოლამდე ყავდეს. რომ ვუთხარი ამერიკაში ერთ ცოლზე მეტი არალეგალურია მეთქი, ძალიან გაუკვირდა. შოკში ჩავარდა როცა ვუთხარი რომ განქორწინების შემდეგ ბავშვი ძირითადად ქალს რჩება მეთქი. მალიში სხვანაირადაა, შვილი ყოველთვის მამის ოჯახში რჩება. გასაკვირია, რომ ცოლებს მრავალცოლიანობა არ აღელვებთ, პირიქით, ცოლები ერთმანეთს ბავშვების გაზრდაში ეხმარებიან, თუ რამე მოხდა ერთმანეთს უვლიან და ძირითიდად მეგობრული ურთიერთობა აქვთ.
2/07/08
გამოვემშვიდობეთ ოჯახებს...…
ვერასდროს ვიფიქრებდი, ენის ცოდნის გარეშე ასე დაახლოება თუ შეიძლებოდა. აქედან წასვლაზე გაცილებით უფრო გული მწყდება, ვიდრე საკუთარი სახლიდან რომ მოვდიოდი. არ მეგონა ასეთ კეთილ ხალხს თუ გავიცნობდი. კეთილს, ღიას და მხიარულს. საღამოს გაცილების ცერემონია გვქონდა. მუსიკა 12 საათამდე არ გაჩერებულა. გადავიღალე, მაგრამ გული გადავაყოლე, იმიტომ რომ დამშვიდობება ძალიან ძნელია. ყოველთვის ძნელია.
5/07/08
ისევ თვითმფრინავები. უკვე ძალიან დავიღალე. ცოტა ხანში დანიშნულების ადგილას ვიქნები.