მობილური ტელეფონი - ყველაზე საშინელი გამოგონება!
Posted 1:36 PM by KOMUNA in თემები თეონა გეგელია, მობილური, ტექნოლოგია
პირველი მობილური ტელეფონი ბაზარზე 25 წლის წინ გაჩნდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალა თავად მობილური ტელეფონიც.
სულ ცოტა ხნის წინ ბრიტანეთში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვისას რესპოდენტებმა მობილური ტელეფონი კაცობრიობის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ გამოგონებად მიიჩნიეს. ჩამონათვალში მან მეორე ადგილი დაიკავა იარაღის შემდეგ და გაუსწრო მესამე ადგილზე დასახელებულ ატომურ ენერგიასაც კი. ამ გამოკითხვის შედეგებს ბევრი ბრიტანელების კონსერვატიულობით ხსნის, მაგრამ ფაქტია, რომ მობილური ტელეფონი დღეს უკვე ბევრს აწუხებს და არა მხოლოდ ბრიტანეთში. გაიხსენეთ, რა მოსაბეზრებელია, როდესაც ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ, სტუმრად, სამსახურში თუ ტრანსპორტში, გაუთავებლად გესმით ათასგვარი ზარი და სატელეფონო საუბრები... მაგრამ რამდენად სამართლიანია იმის თქმა, რომ ე.წ. `მობილურმა” კაცობრიობას მხოლოდ პრობლემები მოუტანა? პირიქით, ნივთი, რომელიც ერთ დროს კომფორტის მიზნით შეიქმნა დღესაც დროის და ენერგიის დაზოგვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. მისი დახმარებით დღეს თქვენ ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ დროს და ადგილას დაუკავშირდებით; მობილური ტელეფონით დღეს არა მხოლოდ საუბარი, არამედ sms სერვისით სარგებლობა, ინტერნეტში შესვლა, ფოტოების გადაღება, მუსიკის მოსმენა და ტელევიზორის ყურება შეგიძლიათ.
1973 წელს კომპანია Motorola-ს ინჟინერმა მარტინ კუპერმა პირველი მობილური ტელეფონი პოლიციელებისთვის შექმნა, კერძოდ მათ შორის კომუნიკაციის გამარტივების მიზნით. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის კუპერის გამოგონება მხოლოდ 10 წლის შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი. 1983 წლის 13 ივნისს ამერიკაში კომპანია Motorola-ს წარმოებული პირველი სერიული მობილური ტელეფონი გამოვიდა სახელწოდებით Dynatac8000X, რომელიც ერთ კილოგრამამდე (800 გრ) იწონიდა და ძალიან ძვირი ღირდა, თითქმის $4000. ამ ტელეფონით მხოლოდ ნახევარ საათს თუ ისაუბრებდით, მერე აკუმულატორი უჯდებოდა. დღეს 3,3 მილიარდი მობილური ტელეფონით სარგებლობს მსოფლიოს მაცხოვრებელთა 80%.