პოლიტ–გენო–ტექნოლოგია
Posted 7:49 PM by KOMUNA in თემები თეონა გეგელია, პოლიტიკა, ტექნოლოგია, ჯანმრთელობა
ის რომ გენეტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის მოქმედებისა და ცხოვრების წესის განსაზღვრაში მეცნიერებმა არაერთხელ დაადასტურეს. ცნობილია, რომ გენები სერიოზულ გავლენას ახდენენ სექსუალურ ორიენტაციასა და მწეველების დამოკიდებულებაზე თამბაქოს მიმართ... ამჯერად მეცნიერებმა კიდევ ერთი სოციალური მოვლენის ახსნა გადაწყვიტეს, კვლევა ჩაატარეს და სენსაციურ დასკვნამდე მივიდნენ. ამ პროცესში კალიფორნიის უნივერსიტეტის (სან-დიეგო) პოლიტოლოგებიც მონაწილეობდნენ. ახალი აღმოჩენის მიხედვით გენები მნიშვნელოვნად განსაზღვრავენ ჩვენს პოლიტიკურ არჩევანს და ისეთი ტიპის სოციალურ აქტივობას როგორიც არის არჩევნებში მონაწილეობა. მას შემდეგ რაც მეცნიერებმა საკუთარი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს და მშობლების გავლენა შვილებზე არამხოლოდ სოციალური და ფსიქოლოგიური, არამედ გენეტიკური ფაქტორითაც ახსნეს, პოლიტოლოგებმა ეს გენი კიდევ უფრო დააზუსტეს და მისი მოქმედების მექანიზმს ასე ხსნიან:
სტრესის დროს ტვინში სეროტონინის მოჭარბება ხდება, რომელიც ნეირონების განადგურებას იწვევს, ამიტომ მისი გაწოვა-განეიტრალება აუცილებელია. ადამიანები, რომლებსაც MAOA-ს გენის ერთი კონკრეტული ტიპი და 5HTT გენი აქვთ, სტრესი უკეთ გადააქვთ, რადგან მათი ორგანიზმი უკეთ გამოიმუშავებს ნივთიერებას, რომელიც სეროტონინის განეიტრალებას იწვევს. ის ვინც სტრესს კარგად უმკლავდება, კამათსაც უკეთ უძლებს და ნერვულ დაძაბულობასაც. ეს კი ყოველთვის თან ახლავს პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბებას და არჩევნებში მონაწილეობას. რა საფრთხე ახლავს ამ აღმოჩენას? მეცნიერები გვიმტკიცებენ, რომ განსაკუთრებული არაფერი, რადგან ადამიანები რობოტები არ არიან და მხოლოდ გენები მასზე გავლენას ვერ იქონიებენ, თუმცა თვლიან რომ გარკვეული დამცავი ზომების მიღება აუცილებელია, კერძოდ წამლები, რომლებიც მსგავსი გენების მოქმედებაზე გავლენას ახდენენ, პოლიტტექნოლოგების ხელში არ უნდა მოხვდეს.