რატომ მიყვარს ჭიჭიკო და ბიჭიკო
Posted 12:53 AM by Nina in თემები tavisufleba.org, გიორგი გვახარია, რადიო, საქართველო, ტელევიზია, ცხოვრების სტილიავტორი გიორგი გვახარია
გასულ კვირაში, ბათუმის უნივერსიტეტში გამართულ სემინარზე, მას შემდეგ, რაც დასრულდა სალომე ჯაშის ფილმი „ლიდერი ყოველთვის მართალია“, ერთმა ახალგაზრდა სტუდენტმა სრულიად სერიოზულად გვითხრა: „დიახაც, ლიდერი ყოველთვის მართალია!“ ახალგაზრდა კაცი რომ ასე აზროვნებს, მართლაც კატასტროფაა (ფილოსოფოს გია მასალკინის და „ლიბერალის“ ავტორის, გიორგი ცხადაიას თქმით)! ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას მორჩილი ყმაწვილების მორიგი რაზმი ეზრდება.
მაგრამ ხომ შეიძლება ეს განცხადება უბრალო პროვოკაცია ყოფილიყო? ხომ შეიძლება, ახალგაზრდა კაცი გაღიზიანებულიყო პოლიტკორექტულ ბიძიებზე და დეიდებზე და მათთან დაახლოებულ ინტელექტუალ ყმაწვილებზე, რომლებიც შეიძლება სიმართლეს ამბობენ. მაგრამ მისთვის მოსაწყენ, გაუგებარ ენაზე. თანაც, ერთნაირად...
არა, ეს ბიჭი პროვოკატორს არ ჰგავდა. მაგრამ ხომ შეიძლებოდა ყოფილიყო?
აბა, რა უნდა გააკეთოს სტუდენტმა სწავლის გარდა? ცხადია, რაღაც ისეთი უნდა მოიგონოს, რომ თავის თავში დარწმუნებულ პროფესორს შეახსენოს: სიცოცხლე ფორმულებს არ ექვემდებარება!
ბათუმიდან მომავალ გზაზე უნივერსიტეტის სტუდენტი არაერთხელ გავიხსენე. ვინანე, რომ სემინარის შემდეგ არ გამოველაპარაკე. ამას გორი-თბილისის ავტობანზე ჩართული რადიოც დაემატა – „ჭიჭიკო და ბიჭიკოს შოუ“; გადაცემა, რომლის ავტორები ერთნაირად ქილიკობენ ყველაზე, ვისთვისაც სიცოცხლე გაიყინა: „ეროვნულ მითებში“ დამხრჩვალ მრევლზე, პოლიტკორექტულ ინტელექტუალებზე... და, რაც მთავარია, საკუთარ თავზე!
თავდაპირველად ეს პროექტი ჩემთვის ანონიმურობის გამო იყო საინტერესო. იმხანად, როცა რადიო „უცნობზე“ „ჭიჭიკო და ბიჭიკოს“ შოუ დაიწყო, „ცრემლიანი სათვალის“ წიგნად გამოცემა შემომთავაზეს. ვერაფრით ვერ ვხსნიდი, რატომ არ მინდოდა ამ წერილების ორ ყდაში მოქცევა, რატომ მეშინოდა პასუხისმგებლობის. უახლოეს მეგობრებსაც კი არ სჯეროდათ, რომ „პოპულარობის ძალაუფლებას“ მთელი ცხოვრება გავურბოდი და ყოველთვის მშურდა იმ ხალხის, გენიალურ ფრესკებს რომ ხატავდნენ, მაგრამ თავიანთი სახელის „დატანება“ რომ არ მოუნდომებიათ. ასეთი თავმდაბლობა ნარცისიზმის უმაღლესი გამოვლინებააო, მითხრა ერთმა მეგობარმა. შეიძლება ასეცაა.
თუმცა, ჩვენ ახლა „ჭიჭიკო და ბიჭიკოზე“ ვსაუბრობთ; ორ ლაზღანდარა არსებაზე, რომელთაც სახე არა აქვთ. არადა, თავიანთ გადაცემაში სწორედ უსახობას, ერთნაირობას დასცინიან. ზოგჯერ ვერ ზომავენ და წაიუზრდელებენ კიდეც. მაგრამ მათ ესეც ეპატიებათ, რადგან ორჯერ უფრო მეტად საკუთარ თავს დასცინიან.
ჭიჭიკოს და ბიჭიკოს მხოლოდ ერთხელ შესთავაზეს სატელევიზიო სივრცე – ბადრი პატარკაციშვილის „იმედში“. სწორედ იმ დროს დაიწყო ამავე ტელევიზიაში ჩემი პროექტი - „თავისუფლების თეორემა“. და დღესაც მახსოვს ის კოშმარი, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ სივრცეში გავიარე – მახსოვს კაბინეტებში დაკიდებული ბადრი პატარკაციშვილის სურათები, თანამშრომელთა კომენტარები ბასილ მკალავიშვილის დანახვაზე („აი კაცი!“), ხატებით სავსე სამონტაჟოები და მემონტაჟე ბიჭის გულუბრყვილოდ დასმული კითხვა „ბატონო გოგი, თქვენზე ამბობენ, იეღოველიაო. მართალია?“ ჰოდა, რა უნდა გაეკეთებინათ ამ სივრცეში ყველასა და ყველაფერზე მოქილიკე „ხმებს“?
ჩვენი პროექტები დახურეს. ის დღე, როცა გავიგე, რომ „იმედში“ აღარასოდეს მოვხვდებოდი, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი იყო ჩემს ცხოვრებაში.>>> იხილე გაგრძელება >>>www.radiotavisupleba.ge