შავი ზღვის ჯაზფესტივალის პირველი დღე _ რაზეც იცეკვებ, ასწორებს
Posted 6:00 PM by Nina in თემები Jazz, ამბები, კონცერტი, ნეტგაზეთი, ფესტივალინინო ძანძავა
საქართველოში კონცერტები, კინოჩვენებები, თეატრალური წარმოდგენები, როგორც წესი, დაგვიანდებით იწყება. ამ მხრივ, გამონაკლისი არც შავი ზღვის ჯაზფესტივალი აღმოჩნდა. პროგრამის მიხედვით, ყველა წარმოდგენის დასაწყისი საღამოს რვა საათია. მას შემდეგ, რაც რვა საათს 40 წუთი გადასცდა და სტუმრებმა სანახევროდ შეავსეს ტენისის კორტებზე მოწყობილი საკონცერტო სივრცე, ფესტივალის ორგანიზატორმა, ისთერნ ფრომოუშენის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მიშა გიორგაძემ შავი ზღვის ჯაზფესტივალი გახსნილად გამოაცხადა. ”იქნებ მოხვიდეთ 15-20 წუთით ადრე. ერთმანეთს ვნახავთ, გავესაუბრებით, წინა დღის შთაბეჭდილებებს გავუზიარებთ. ურთიერთობის თემაა, ტუსოვკის თემაა”, - ასეთი თხოვნით მიმართა მიშა გიორგაძემ კორტებზე შეკრებილ სტუმრებს, რომელთა რიცხვი თანდათანობით იზრდებოდა, სანამ მოგვიანებით ყველა სკამი არ შეივსო.
ყველაზე პუნქტუალურები ჟურნალისტები აღმოჩნდნენ, რომლებიც კორტების შესასვლელთან ნახევარი საათით ადრე შეიკრიბნენ, შემდეგ კი ასე ერთად თავმოყრილები მოედანზე შეუშვეს, პროფესიული თამაშის წესები საგანგებოდ შეახსენეს და სცენის წინ ზეზეულ მდგომარეობაში განათავსეს. ამ დროს, ყველა ჟურნალისტს კარგად ახსოვდა იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომელსაც ხელი თბილისში, კულტურის სამინისტროში მოაწერეს და რომელიც, მასალის არგამოქვეყნების შემთხვევაში, ჟურნალისტს ხუთიათასლარიან ჯარიმას აკისრებს.
ასეთი იყო ვითარება, როცა სცენაზე ახალგაზრდა ქართველი ჯაზპიანისტი, ბექა გოჩიაშვილი გამოვიდა ტრიოს ორ მონაწილესთან, კონტრაბასისტ ბენ უილიამსთან და დრამერ რიჩი ბარშაისთან ერთად.
ბექა გოჩიაშვილი, ბენ უილიამსი, რიჩი ბარშაი
ბექა გოჩიაშვილი 14 წლისაა და უკვე რამდენიმე თვეა ცნობილ შემსრულებლებთან ერთად გამოდის ნიუ იორკის ჯაზ კლუბებსა და საკონცერტო დარბაზებში (Blue Note, Lincoln Center, Birdland, Creole). ნიუ-იორკის ჯულიარდის მუსიკალური სკოლის მოსწავლე კონცერტებს ევროპულ ჯაზფესტივალებზეც მართავს. საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი კვირით ადრე მას უკვე ჰქონდა ორი კონცერტი ვენის ჯაზფესტივალსა და მონტროში, სადაც გასულ წელს აზერბაიჯანელ პიანისტთან, ისფარ სარაბსკისთან ერთად საფორტეპიანო კონკურსის პირველი ადგილი გაიყო.
ბათუმის გამოსვლამდე ორი დღით ადრე ბექა გოჩიაშვილის ტრიომ კონცერტი თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართა. ჯაზფესტივალზე ის გაცილებით თავისუფალ ფორმაში წარსდგა მსმენელის წინაშე, ვიდრე თბილისის კონცერტზე იყო, სადაც 14 წლის მუსიკოსის კვალობაზე მან შეუდარებელი საშემსრულებლო ტექნიკა და იმპროვიზაციის შესაძლებლობები გამოავლინა, თუმცა, პერიოდულად, იმ ნაწილებში, რომელშიც ბექა დომინანტური არ იყო, ბენ უილიამსთან და რიჩი ბარშაისთან ურთიერთობა უჭირდა. შავი ზღვის ჯაზფესტივალის კონცერტზე პიანისტმა კიდევ ერთხელ აჩვენა პუბლიკას, რომ შეუძლია იყოს შესანიშნავი იმპროვიზატორი და აკომპანიატორიც.
კონცერტებს შორის პაუზის დროს ნეტგაზეთი კახა თოლორდავას ესაუბრა, რომელიც პირველი იყო, ვინც ორი წლის წინათ ჟურნალ ”ცხელი შოკოლადის” მეშვეობით ქართველ მკითხველს ბექა გოჩიაშვილის შემოქმედება გააცნო.
კახა, რა შეიცვალა ამ ორი წლის განმავლობაში?
ორი წლის შემდეგ ბექას ყველაფერი აქვს… >>> იხილეთ სრული ინტერვიუ >>> netgazeti.ge