ერეკლე დეისაძე _ ზიზღი და სიყვარული სამედიცინო ქვეტექსტების თანხლებით

Posted 12:16 PM by Nina in თემები , , , , ,

qn18s4rc68xxego

ავტორი: ერეკლე დეისაძე

იოსიფ ბროდსკი წერდა, რომ არსებობს ორი რამ: შენი ცხოვრება და შენი პოეზია, ან ერთი უნდა ამჯობინო, ან მეორე, მიუხედავად იმისა, რომ ბროდსკიმ არჩევანი ამ უკანასკნელზე გააკეთა, საბოლოოდ მაინც მოახდინა ცხოვრებისა და შემოქმედების სინთეზი, ალბათ ამიტომაც იქცა ის დიდ პოეტად.


მე ყოველთვის მიყვარს უტოპიური პარალელების გავლება, იმედია, ამის გამო არ დამძრახავენ ძვირფასი თანამემამულენი, ჭკუაულევთა რიგებიდან, ხოლო თუ დამძრახავენ, ჭირსაც წაუღია თითოეული მათგანი! ცხადია, უტოპიურ პარალელად მიმაჩნია ნიკო გომელაურისა და ბროდსკის შედარება, სწორედ ამაზე შეიძლება ითქვას, სად ერეკლე და სად ჩემი ... მაგრამ მოცემულ მომენტში პრეცენდენტი მაქვს მხედველობაში. ეს მართლაც ასეა, მსახიობმა, რომლისთვისაც წერა ჰობის დონეზე იყო, ხოლო შემდეგ ცხოვრების წესად იქცა, საკუთარი სენი მუზად აქცია და ჟარგონულად რომ ვთქვათ ( მით უმეტეს, ამის უფლებას ხსენებული პერსონა მაძლევს) მასას ,,აჭამა’’. აჭამა კულტურულად, მსუყედ..
მონელებამდე ჯერ კიდევ შორია, რადგანაც როცა ისეთი სატელევიზიო გადაცემა, როგორიც ,,პროფილია”, თავისი შინაარსითა და ფაბულით ბრაზილიურ – არგენტინული სერიალების მსგავსი, (თანაც რუსთავი 2 ხომ სერიალების სავანეა) სტუმრად იწვევს ნიკო გომელაურს, რათა კიდევ ერთხელ გაუღვივოს მასას სიბრალულის გრძნობა, ოღონდ ეს არ არის კლასიკური სიბრალულის მაგალითი, ეს ,,სხვანაირი’’ სიბრალულია, სამედიცინო ქვეტექსტით..
იგივე ქვეტექსტით მოიაზრება ბოლო დროის გახმაურებული და ყველაზე სკანდალური წიგნის ავტორი ერეკლე დეისაძეც, მაგრამ ერეკლეს სამედიცინო ქვეტექსტი ბევრად ღიაა და ამაზე ხალხი უფრო ხმამაღლა და აღშფოთებით საუბრობს ვიდრე ნიკოს სენზე. ამას წინათ, ფორუმ.ჯი-ზე სრულიად შემთხვევით გადავაწყდი შოკისმომგვრელ გამოკითხვას, შოკისმომგვრელი შედეგით.. კითხვა ასეთი იყო: ,,თვლით თუ არა რომ ერეკლე ,,ეკო’’ დეისაძე სულიერად დაავადებული ადამიანია?’’ რაზეც 63,37 % დადებით პასუხს აძლევდა. ხოლო თემა, რომელიც 48 გვერდს მოიცავდა, სავსე იყო ისეთი შეურაცხმყოფელი ტექსტებითა და ციტატებით, როგორიც ალბათ არასოდეს დაესიზმრებოდა ,,სიბილწით’’ გამორჩეულ მწერალ დეისაძეს. ყველაზე დამაფიქრებელი კი ერთ-ერთი ლუზერის სიტყვები იყო ,,საიდუმლო სირობის’’ ავტორზე:
,,ვაახ ჩემი, საკუთარ დედას როგორ აყენებს შეურაცხყოფას ჩემიდედამოვტყან’’ – წერდა აღშფოთებული მამულიშვილი, რომელსაც, ალბათ სამშობლოს ბედზე ფიქრით ღამეები არ სძინავს და მისი პატრიოტული ფიქრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდეა გადაშლილი..
ან იქნებ ის ერთ-ერთი იმათთაგანია, სიბრალულისაგან წარმოქმნილ სიყვარულს ნიკოს პოეზიის, ხოლო ზიზღისაგან წარმოქმნილ აგრესიას ეკოს პ(რ)ოზის მიმართ რომ ავლენს.
საინტერესოა ისიც, რომ ქართულ პოეზიაში, ,,მიახკიზნაკები’’ გაჩნდა, ქუჩური გაგების ელიტა დღეს თავგამოდებით იზეპირებს ნიკოს ლექსებს, ნიკოსეული ინტონაციით, რათა შემდეგ ყარაჩოღლური იერით ჩააქსოვოს სადღეგრძელოში, პოეზიის მოყვარულ გოგჩოებთან საუბრებში და ა.შ.
,,ყ’’, ,,ხ’’ ,,ტ’’ ,,ქ’’ ,,ჩ’’ ,,დ’’ – ეს ძირითადი ასოებია, რომლებსაც ,,უდარენიები’’ უნდა დაჰკრა ლექსის კითხვის დროს, ხოლო შემდეგ აღფრთოვანებულმა დააყოლო: ,,აუ რა მაგარია, ჩ’ემი დ’ედ’ა მოვტ’ყ’ან!!!’’
და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, საოცრად საინტერესო საზოგადოება ვართ, რადგან თუ 63% თვლის, რომ დეისაძე სულიერად დაავადებულია და მის პიროვნებას სამედიცინო ქვეტექსტით მოიაზრებენ, რატომ არა აქვთ ეკოს მიმართ ისეთივე თანაგრძნობა, როგორიც ნიკოს მიმართ ჰქონდათ. იქნებ ეკოს ე.წ. მუზებიც მისივე სენიდან გამომდინარეობს?
ერთი რამ ცხადია, ნიკოც და ეკოც ერთი საცოდავი ქვეყნის საცოდავი შვილები არიან, მათ ერთი სფერო აერთიანებთ, ორივეს სამედიცინო ქვეტექსტით განიხილავენ, მაგრამ ეკო ეზიზღებათ, ნიკო კი უყვართ.
პ.ს. თუმცა, ეგ არაფერი, როგორც ნიკო იტყოდა: ,,ჩვენს ქალაქში ყველაფერი მოსულა!’’

წყარო>>>> www.azrebi.ge



0 comment(s) to... “ერეკლე დეისაძე _ ზიზღი და სიყვარული სამედიცინო ქვეტექსტების თანხლებით”