ავტორი – anina
დღეს მომინდა უბრალოდ ბოლო დროის random shot-ები დამედო ბლოგზე. ისეთი სახით, როგორითაც გადავიღე.
1. აგურის სახლი. მე მაქვს აგურის სახლი სოფელში და იქიდან ჩანს მთები. იმ მთებიდან კი ჩემი სახლი არ ჩანს. მთები იმდენად შორსაა და ხედი იმდენად უცვლელია, რომ ხანდახან მგონია, უზარმაზარ პოსტერს ვუყურებ. მეშლება ნერვები და ვბრუნდები ოთახში. სოფელში მხოლოდ ყავას ვსვამ.
2. კოსმონავტი ცაში. კოსმონავტი ხარ, თუ შენი გვარია გაგარინი, სულ ერთია, შოთა გქვია თუ იური. მთავარია, გამბედაობა გეყოს და ეშმაკის ბორბალზე აძვრე ისე, რომ ცალ ხელში მეგაფონი გეჭიროს, მერე კი იქიდან კონკურსის გამარჯვებულები დაასახელო. რომ ჩამოხვალ, ხელი გეტკიება, შარვალი დასვრილი გექნება, მაგრამ გაიღიმებ და იტყვი: მერე რა, კოსმონავტი ცაში უნდა იყოს : )
3. უცნობი გოგონა ჩემს ფოტოაპარატში. ნიკოს ფოტოაპარატი რამდენჯერმე ვათხოვე, ერთხელაც დამიბრუნდა და ფოტოაპარატში ულამაზესი გოგოს სურათი აღმოვაჩინე. რა თქმა უნდა, არ წამიშლია. ჯერ ერთი ნიკომ გადაიღო, მეორეც, ჩემი ფოტოაპარატით გადაიღო და მესამეც, რა მაგარი ვინმე გადაიღო..
4. არ იტირო, ენე!. ელენე ჩემი ბარტყია, 4 წლისაა. ჩემი დისშვილია, დედიკოს გარეგნობით დიდად არ ჰგავს, სამაგიეროდ, დედასავით იცის გრძელი წინადადებების დაწყობა. ძალიან მგრძნობიარეა. ხოდა, ამ ბავშვს თუ ეთამაშებით ფეხბურთს, ბურთი არ წაართვათ, თორემ ვერ გაიგებს, რომ საფეხბურთო ტრიუკი გააკეთეთ და ეგონება, რომ მისი გაბრაზება გინდოდათ. ენე, ჩვენ გავიტანთ გოლს : )
5. თსუ-კადრი. თსუ-ში სურათებს ნაკლებად ვიღებ, ისეთი კადრები არ მხვდება, როგორის გადაღებაც მინდა: გოგონები ქსეროქსებით ხელში, ბიჭები უკანა ჯიბეში ჩაკეცილი რვეულებით, ლექტორები დაღლილი სახეებით. ნწ. ესენი არ მიზიდავს, აი, ამ გოგომ კი დაიმსახურა ფოტოს გადაღება. თქვენ რას ფიქრობთ?
6. ფერები. კოლოკვიუმს ვწერდი, როცა წინ მჯდომის ფეხსაცმელებმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ლექტორისაგან სულ 2 წუთი ვითხოვე, ამოვიღე ფოტოაპარატი და ჩხაკ! გოგონამ არც იცოდა, რას ვიღებდი და თმების სწორება დაიწყო. მერე კი, ადგილზე რომ დავბრუნდი, გაოცებულმა მკითხა, რა გადაიღეო? შენი ფეხები_ ვუპასუხე მე.
7. (ს)აბო თბილელი. ჰერმან საბო მაგარი ბიჭია: მაშინაც კი სიმპატიურია, როცა ტემპერატურა ყოველგვარ ასატან ზღვარს სცილდება. სულ ისეთი თავდაჯერებულია, როგორიც სურათში. მით უმეტეს, რომ არ იცოდა, რომ ვუღებდი. მისთვის აქამდე არაფერი გადამიღია, არადა, დიდი ხანია მინდოდა. გოუ, გოუ, გო-გა!
პ.ს. ერეკლეს სიმართლის დროს ვუყურებდი და პოსტის დადება დამიგვიანდა. ეკო ისევ პაბეგშია, ოღონდ არა იმიტომ, რომ მტრები სდევნიან, ახლა უკვე მეგობრები ვსდევნით. 4000 აქვს ჯიბეზე : ))