ელექტრონული მუსიკა 33ა-ში ანუ მეზობლები გხედავენ!
Posted 4:00 PM by anano in თემები კონცერტი, მუსიკა, საქართველო
ავტორი - Sopo Molokos
გიფიქრიათ თუ არა, რამდენი ნორმალური კონცერტი ჩატარებულა უკანასკნელი თუნდაც 3 წლის მანძილზე საქართველოში, ქართული ბენდების მონაწილეობით? კონცერტი, სადაც ხმაც ნორმალური იქნება, ბენდებიც, ამინდიც და გარემოც არაჯურღმულური და სუფთაჰაერული. თუ გიფიქრიათ, ალბათ, დაითვლიდით კიდეც და თუ დაითვლიდით, იმასაც აღმოაჩენდით, რომ ეს რიცხვი ათის ფარგლებში თავისუფლად თავსდება.
მერე მოგიწევდათ იმაზე დაფიქრებაც, ამ ათიდან რამდენ ასეთ კონცერტს დასწრებიხართ(ან შესწრებიხართ) თქვენ. გაშლიდით ათივე თითს(დროებით შეწყვეტდით კლავიატურაზე რახუნს) და დაიწყებდით თითების თითო-თითოდ მოკეცვას. და სწორედ მაშინ, როდესაც რიცხვის სიმცირის გამო სასოწარკვეთას მიეცემოდით, ნეტში ახალი აფიშა გამოჩნდებოდა. თქვენც ‘გასაკეთებელი კიდევ ბევრია’ განწყობით თასმებს შეიკრავდით, სახლში ‘დღეს გვიან მოვალს’ იტყოდით და კარს მიაჯახუნებდით.
მიაჯახუნებდით, რათა ცოცხლად გეხილათ აფიშის წითელ ფონზე ცისფრად დაწერილი ბენდები - Okinawa Lifestyle, MAMM და Kung Fu Junkie. მერე რა, რომ არცერთზე გექნებოდათ ინფორმაციით დატვირთული დოსიეები, ის მაინც გეცოდინებოდათ, რომ ეს ოკინავას პირველი გამოსვლაა ქართულ სცენაზე. სამწუხაროა, რომ ნამდვილი ოკინავას რეგიონის მოსახლეობამაც არცთუ ბევრი იცის მათ შესახებ, თორემ ადგილზე ცოტა დაგვიანებით მისულ მუზამელებს, გაცილებით მრავალრიცხოვანი მსმენელი დაგვხვდებოდა.
როგორც ყოველთვის, კონცერტი დაგვიანებით დაიწყო. ეტყობა, ხალხიც ძალიანაა მიჩვეული ამ ამბავს და 8 საათზე დანიშნულ კონცერტზე მსმენელის რაოდენობამ მატება მხოლოდ 9 საათისთვის დაიწყო. მაგრამ რაოდენობა არაფერია იმ მეტად საინტერესო ფაქტთან შედარებით, რაც ლაივზე დავაკსვენით.
მოკლედ, ყველამ ვიცით, როგორც ხდება ხოლმე – ბნელდება, ხალხი ნელ-ნელა თვრება, ხურდება და ადგილებზე წრიალს იწყებს. შემდეგ რამდენიმე ახალგაზრდა ადგილს ცეკვით ტოვებს და სცენის წინ ინაცვლებს. მაგრამ სანამ დაბნელდება. . . სანამ დაბნელდება, რამდენიც არ უნდა დაიხარჯოს ოკინავას ფრონტმენი, არაფერი გამოდის.
აი დაბნელებისთანავე კი სიტუაცია მკვეთრად იცვლება. ხალხი ადგილზე იწყებს ცეკვას. შენ ორშაბათის სუსხიან დილას ფსიქოლოგიის ლექტორის მიერ ნათქვამი სიტყვები გახსენდება, რომ ყველა ზანუდა მარჯვენა რიგებში ზის. რა საოცრებაა, რომ შენც მარჯვნივ მოხვდი. უთუოდ, რაღაც არსებობს.
თუმცა თუ პუბლიკის სიზანუდეს იმითაც ავხსნით, რომ პირველი გამომსველი ჯგუფი ასე თუ ისე კრიტიკულად(ანუ ფხიზლად) ისმინება და ფასდება 800 ყურის მიერ, მაშინ ყველაფერი კარგად ყოფილა – ლაპტოპისა და ბასის ოკინავური შერწყმა კარგად მიიღო მსმენელმაც და ‘კლუბის’ შორიახლოს უმიზნოდ მოსეირნე ადამიანებმაც.
მოკლედ, სანამ მარჯვენა-მარცხენა ფლანგებს აკვირდები და თეორიებს ამუშავებ, მუსიკა, რომელიც შენს ფიქრებს ფონად გასდევს, თითქოს უკვე ადგილს ინაცვლებს და გარს გეკვრის, ატმოსფეროსაც ცვლის და საწვიმრად გამზადებულ ღრუბლებსაც მიმოფანტავს. ოკინავას შემდეგ MAMM-ის გამოჩენამ, მსმენელთა მარჯვენა ფლანგიც ფეხზე დააყენა და ბენდის სულისკვეთებას შეუერთა.
ლაივის დახურვა Kung Fu Junkie-ს ხვდა წილად. ჟგუფს, რომლის არათუ მხოლოდ ლაივს ვისმენდი პირველად, არამედ არცერთი ტრეკი გაგონილიც კი არ მქონდა. მოკლედ, გამომცდელი და ინტრიგანი ყურებით შევუდექი თითუეული ბგერის სმენას. ჰოდა, ჯერ კისერი გამექცა რიტმისკენ, მერე ტანი. შესაბამისად, მათი ენერგიით და მუხტით მოხიბლულმა ისიც გვიან შევნიშნე, როგორ მოიშალა საზღვარი მარჯვენა და მარცხენა ფლანგს შორის და როგორ აქცია “სცენის წინა” ფლანგად.
ჰოი, მუხთალო წუთისოფელო და ხანმოკლე აღმოჩნდა საზღვრების მოშლით გამოწვეული სიხარული. ის სიხარული, რომელიც გავიწყებს მომჩივანი მეზობლების ქვეყნის შვილი რომ ხარ და რომ ვერასოდეს გადაურჩები “ხმაურის გამო ბოდიშის მოხდას”. მაშინაც კი, თუ ამ ხმაურის ქვეშ ქართული ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კონცერტი იგულისხმება.
მაშინაც კი, თუ საცოდაობაა ეს კონცერტი ასე დაჩაგრულად დამთავრდეს. ამ შემთხვევაში არც ჯგუფის წევრების გაბრაზება ჭრის და არც პუბლიკის აღშფოთება. მეზობლები ყოველთვის მართლები და გამარჯვებულები არიან, მათ აქვთ ძალაუფლება, აქვთ ენერგია და მათრახი, რომ ყოველთვის “ფორმაში” გამყოფონ და ორი საათითაც არ დაგავიწყონ, რომ neighbours are watching you!