ივნ 10 სექსი დიდ ქალაქში – თბილისური პრემიერა
Posted 5:00 PM by anano in თემები sweet blog, თბილისი, კინო, პრემიერა
ავტორი – Sweety
გუშინ საღამოს 9-ის ნახევარზე კინოთეატრ ამირანში ფილმის “სექსი დიდ ქალაქში 2” პრემიერა გაიმართა. მოსაწვევი ადრევე მქონდა, ჩემი და სალომეს ახალი ბლოგის დამსახურებით.
სხვათაშორის გავოცდი მოსაწვევის ორიგინალურობით. მოსაწვევი წარმოადგენდა ახალი ფილმის საუნდტრეკების კრებულს!
(სიმღერების გადმოწერა უკვე ჩვენი ბლოგიდან შეგიძლიათ)
ჩემი უთავბოლობის გამო გახსნით ნაწილზე დამაგვიანდა. კინოს დაწყებამდე 10 წუთით ადრე მივედი. ფოიეში ულამაზესი სარკის კუბებით გამოსახული მანჰეტენის ინსტალაცია იყო განთავსებული. მე რომ შევედი მთელი ფოიე ბრჭყვიალა სარკის ნამტვრევებით, თეთრი ყვავილებით, სანთლებით და ბევრი, ბევრი კოქტეილის ჭიქებით იყო მოფენილი. გული დამწყდა, რომ ერთი კოსმოპოლიტენიც კი არ შემხვდა.
საბედნიეროდ უშუალოდ კინოზე არ დამაგვიანდა, რაც HairHaus-ის ჯადოსნური სტილისტის, ნატალის დამსახურებაა, რომელმაც 2 წუთში მოიფიქრა თუ რა უნდა ექნა ჩემი თმისთვის და გამოუვალი სიტუაციიდან გამომიყვანა. გარდა იმისა რომ HairHaus-მა მთლიანად იზრუნა ჩემს გუშინდელ გარეგნობაზე, მათ ისეთი მოულოდნელი სითბო და გულისხმიერება დამახვედრეს, რომ მე სხვა სალონისკენ არასდროს, არასდროს აღარ გავიხედავ! (შეგიძლიათ HairHaus-ს დაუმეგობრდეთ Facebook-ზე)
დარბაზში რომ შევედი, საჩუქრების გათამაშება მიმდინარეობდა. სცენაზე ორგანიზატორებთან ერთად ია ფარულავა და ნანიკო ხაზარაძე იდგნენ და მოგებულ საჩუქრებს არიგებდნენ.
მერე დაიწყო ფილმი.
სალომემ, რომელიც პრემიერაზე რაღაც მიზეზების გამო ვერ წამოვიდა, ვერ მოითმინა და ადრევე უყურა ფილმს. გაფრთხილებული ვყავდი, რომ დიდი მოლოდინი არ უნდა მქონოდა, თვითონ უფრო მეტ ინტრიგას და სკანდალს მოელოდა, მაგრამ იმედი ცოტათი გაუცრუვდა.
იმდენმა ადამიანმა დაწერა twitter-ზე – უბანძესი ფილმიაო – დიდი მოლოდინი არც მქონია, ამიტომაც თამამად ვამბობ, რომ ფილმმა ჩემს მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.
ფილმის ყურებისას ყველა ჩემი არსებული პრობლემა დამავიწყდა, მთლიანად ჩართული ვიყავი და როცა დავინახე ქერი დიორის “გაზეთის” კაბაში (სეზონი 3) გამოწყობილი ჩამოვიდა თავისი სახლის კიბეებზე…
ვიგრძენი, რომ ეს იყო Sex and the City-ს ფანებთან გამოსამშვიდობებელი სერია.
არ ვიცი, ვის ნოსტალგიაზე იყო აგებული მთელი სიუჟეტი, რეჟისორის, სცენარის ავტორების, მსახიობების თუ ყველასაზე ერთად, მაგრამ ფილმში კარგად ჩანდა, თუ როგორ ენატრება ქერის 90-იანები, ხოლო დარბაზში – როგორ ენატრებათ ფანებს სერიალი.
ჩვენ ყველამ ვიცით, რომ არც ერთი კინო ის აღარაა რაც 90-იანების 45 წუთიან ეპიზოდებად მოწოდებული მეგობრობა, სიყვარული, სტილი, მოდა, სექსი და ნიუ იორკი. არც ქერი და მისტერ ბიგი არიან იგივე, რაც 10 წლის წინ იყვნენ.
როცა კერი შეხვდა ბიგს, ბიგმა თქვა – Abso-fucking-lutely! ჩვენ ყველანი იქ ვიყავით!
და კერის 10 წელი დასჭირდა, რომ მისთვის თავი შეეყვარებინა და ცოლად გაჰყოლოდა. ჩვენ კი 10 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მისტერ ბიგი შეგვეყვარებინა!!!
ახლა ქერი და ბიგი ერთად ბერდებიან. ბიგი ზის მათ საერთო ნიუ-იორკულ ბინაში, უყურებს ტელევიზორს და ქერის ეშინია, რომ ისინი გახდებიან კიდევ ერთი მოსაწყენი წყვილი, რომლებიც საღამოობით მხოლოდ ტელევიზორის ყურებით ირთობენ თავს…
ბედნიერება არ არის მიზნის მიღწევა, ბედნიერება მიღწეულის შენარჩუნებაა. ჩვენ კი ხანდახან თვითონაც არ ვიცით რა გვინდა ცხოვრებაში.
მიღწეული მიზნები და ახდენილი ოცნებები ძალიან მალე უფასურდება. მიზნამდე მისასვლელი გზის გავლა ბევრად უფრო საინტერესო გვეჩვენება, ვიდრე ის მდგომარეობა, როდესაც მიზანს ვაღწევთ.
ცხოვრებაში არ არსებობს ბედნიერი დასასრულები, მაგრამ არც ჩვეულებრივი დასასრულები არსებობს… ყველაფერი რაც გვგონია, რომ დასრულდა, სინამდვილეში ყოველთვის გრძელდება რაღაც ახალი სახით, ახალ ფორმად.
დედა გრძელდება შვილად, სიყვარული – მეგობრობად, სერიალი – კინოდ… და მერე კინოც მთავრდება.
“სექსი დიდ ქალაქში” დასრულდა, მაგრამ ქერი, შარლოტა, სამანტა, მირანდა და მე ისევ ვეძებთ ბედნიერებას.