ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი III)

Posted 8:00 PM by Nina in თემები , , , , , ,

Iggy Pop

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

I ნაწილი იხილეთ აქ: ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი I)
II ნაწილი იხილეთ აქ: ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი II)

ლაშა: – ჩვენი სტატიის ბოლო ნაწილში ვისაუბრებთ ვუდსტოკის ფესტივალზე და მასზე გადაღებულ ფილმზეც. ორივე ფენომენის გარშემო არსებობს მრავალი ლამაზი მითი, ლეგენდა და სინამდვილე, რომლებიც, როგორც სუფთა ჰიპურ ტრადიციებს შეეფერება, გადახლართულია ერთმანეთში.
გაგა: – სცენაზე გამოჩნდა მაქს იასგური და თქვა: „თქვენ წინ გართობის და მუსიკის სამი დღე გაქვთ და იმედი მაქვს, მეტი აქ არაფერი მოხდება“. და ამ ყველაფერზე, რაც მოხდა და რაც არ მოხდა ბეტელში, რეჟისორმა მაიკლ უორდლიმ გადაიღო დოკუმენტური ფილმი (სხვათა შორის, ფილმის მემონტაჟე ახალგაზრდა მარტინ სკორსეზე იყო).

ლაშა: – უორდლი მერე ჰყვებოდა, რომ ფესტივალზე თითქმის შემთხვევით მოხვდა, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული ყოფილა, რომ ეს უფრო მეტი იქნებოდა, ვიდრე ჩვეულებრივი როკფესტივალი. არც შემცდარა, ფილმმა „ოსკარი“ აიღო, ხოლო 1994 წელს კი (ვუდსტოკის 25 წლისთავზე) ფილმს დაემატა კიდევ 45-წუთიანი მასალა, რომელიც ორიგინალში არ იყო შესული, ფილმი საიუბილეოდ თავიდან გამოიცა, ტრადიციული ქვესათაურით „რეჟისორის ვერსია“.
სამი დღის განმავლობაში „ბეტელ-ვუდსტოკის“ იმპროვიზირებულ სცენაზე გამოვიდნენ (თანამიმდევრობა დაცულია): რიჩი ჰევენსი, სვამი საჩიდანანდა (ოფიციალურად გახსნა ფესტივალი), Sweetwater, The Incredible String Band, ბერტ სომერი, ტიმ ჰარდინი, რავი შანკარი, მელანი, არლო გატრი (დიდი ფოლკსინგერ ვუდი გატრის ვაჟი), ჯოან ბაეზი (ერთი სიმღერა ჯეფრი შართლეფთან ერთად შეასრულა), Sweetwater, The Incredible String Band, ქანთრი ჯო მაკდონალდი (ერთი სიმღერა ჯერი გარსიასთან დუეტში შეასრულა), ჯონ სებასტიანი, კარლოს სანტანა თავის ბენდით, Canned Heat, Mountain, Grateful Dead, Creedence Clearwater Revival, ჯენის ჯოპლინი, Sly And The Family Stone, ები ჰოფმანის პოლიტიკური გამოსვლა, The Who, Jefferson Airplane, The Grease Band, ჯო კოკერი, Country Joe & The Fish, Ten Years After, The Band, Blood Sweat & Tears, ჯონი ვინტერი (წარადგინა ძმა ედგარ ვინტერი), ქროსბი სტილზი ნეში და იანგი, Butterfield Blues Band, Sha Na Na და ჯიმი ჰენდრიქსი.
შთამბეჭდავი სიაა! როგორც იტყვიან, „მისი უდიდებულესობა როკ-ენ-როლის მთელი სამეფო ამალა“. თითოეულ „მოქმედ გმირზე“ ცალკე წერილის, ნაშრომის თუ მონოგრაფიის გაკეთება შეიძლება.
გაგა: – გეთანხმები, დღევანდელი ენით რომ ვთქვათ, უსერიოზულესი „ფლეილისტია“.
„ვუდსტოკზე“ გადაღებულ ფილმში ამბობენ, რომ The Doors მიწვეული არ იყო, თითქოს მორისონის ტრადიციულ სკანდალს მოერიდნენ და ამით თავი დაიზღვიეს (სხვათა შორის, ეს ლეგენდა თუ ეპიზოდი ოლივერ სტოუნის ცნობილ ფილმ The Doors-შიც საკმაოდ მძაფრად არის გაჟღერებული). სინამდვილეში კი თავად ჯიმ მორისონმა განაცხადა უარი ფესტივალში მონაწილეობაზე, რადგან ეშინოდა, რომ მოკლავდნენ. იმ პერიოდისთვის მას უკვე მწვავედ განუვითარდა სხვადასხვა მანია და სამწუხაროდ, მათ შორის, ერთ-ერთი „დევნის მანიაც“ იყო. ამავე დროს, ბეტელ-ვუდსტოკის ორგანიზატორები ჯონ ლენონსაც დაუკავშირდნენ და The Beatles -ის ჩამოყვანა სთხოვეს. ლენონმა უარი შეუთვალა – The Beatles -თან ერთად არ დავუკრავო. სამაგიეროდ ჯონმა ტრადიციულად თავისი და მისი მეუღლის, იოკო ონოს იმჟამინდელი პროექტი თჰე The Plastic Ono Band შესთავაზა, მაგრამ ამაზე უკვე უარი თავად ორგანიზატორებმა თქვეს.

აბა, ახლა წარმოვიდგინოთ, რა იქნებოდა „ბითლზი“ და „დორზი“ ვუდსტოკზე რომ ჩასულიყვნენ და იასგურების ფერმაში დაეკრათ! და კიდევ ერთი „კაზუსი“ – იმ პერიოდის ერთ-ერთი საკულტო ჯგუფია „აირონ ბათერფლაი“. ისინი იყვნენ მოწვეულები, მათ გარეშე არც შეიძლებოდა. აი, მერე იწყება გაურკვეველი ისტორია – მათი თვითმფრინავი სადღაც, რომელიღაც აეროპორტში გაიჩხირა და მათ ჩამოსვლა ვეღარ მოასწრეს. ჩამოსვლა მოასწრო Creedence Clearwater Revival -მა, მაგრამ სცენაზე ისინი პირდაპირ გზიდან მოხვდნენ, თანაც გვიან ღამით, როცა მაყურებლების უმეტეს ნაწილს უბრალოდ ეძინა ან სხვა „საქმით“ იყო დაკავებული და „ქრიდენსის“ გამოსვლაც ამ ყველაფრის ფონზე, მაპატიონ ჩემი ერთერთი უსაყვარლესი ბენდის ფანებმა, ოდნავ უღიმღამო იყო. მიწვეულები იყვნენ Led Zeppelin და Jethro Tull. ორივე ლეგენდარული ბენდი უკვე ერთი წელიწადია არსებობს და სერიოზული განაცხადი უკვე გაკეთებული აქვს. მაგრამ ესენიც სხვადასხვა მიზეზის გამო, რომლებიც დღემდე ბურუსითაა მოცული, ფესტივალზე ვერ ან არ ჩავიდნენ. როდესაც ვუყურებ ფილმს ან ვუდსტოკის ჩანაწერებს ვუსმენ, ეს მუსიკოსები ძალიან მაკლია.

ლაშა: – კიდევ ერთი ფენომენი გამოგრჩა, ყველა დროის მეამბოხეები „როლინგ სთოუნზი“, პლიუს „პინკ ფლოიდიც“ რომ გამოსულიყო ფესტივალზე, პირადად ჩემთვის ფანტასტიკური მოვლენა იქნებოდა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილთაგანი ფესტივალზე რომ მოხვედრილიყო, იგი აღარ იქნებოდა ის ვუდსტოკი, როგორიც დარჩა ისტორიაში. ვუდსტოკი აღარ იქნებოდა მარტო ჰიპების, რადგან ბევრი სულ სხვა ესთეტიკის ბრიტანელი მოხვდებოდა სცენაზე, რომელთაც აგრეთვე, თავისი უდიდესი წვლილი (ოღონდ არა ჰიპური) შეიტანეს 60-იანი და 70-იანი წლების კულტურულ რევოლუციაში.
ვუდსტოკზე მართლაც დიდი ოსტატობით გადაღებულ ფილმში კარგადაა ნაჩვენები ადამიანების ერთობა, მათი ამაღლებული განწყობა, უდიდესი რომანტიკა თავსხმა წვიმასა და ტალახში. ეს ადამიანები თითქოს მართლაც უდიდესი სიყვარულის მატარებლები იყვნენ, რომლებიც სცენაზე გამოსულ მუსიკოსთან ერთად მღეროდნენ, ექსტაზის ქვეშ და ექსტაზის გარეშეც თავდავიწყებით ცეკვავდნენ. ბედნიერების და თავისუფლების ის მუხტი, რაც ეკრანზე ჩანს, სხვა არც ერთ კონცერტზე არ შემინიშნავს.
გაგა: – ები ჰოფმანი ამბობდა: „ჩვენ ვართ ვუდსტოკის ნაცია. ამ ყველაფერს თან ისე ვატარებთ, როგორც სიუს ტომის ინდიელი ატარებს თავის წარმომავლობას. და თუ სადმე ერთი ჩვენგანი იმყოფება, ესე იგი, მთელი ვუდსტოკის ნაციაც იქვეა“. ამ დროს კი ეს „ნაცია“ ჯერ ბოლომდე დაბადებულიც არ იყო, როცა უკვე გარდაცვალების ფაზაში შეაბიჯა ფეხი. უბრალო ენაზე კი ეს ნიშნავდა ერთ რამეს – ჰიპური ნონკოფორმზი ნელნელა გადაიზარდა თავისსავე საწინააღმდეგო ფენომენში. ახლა 2010 წელს, როდესაც ვუყურებ ფილმს, მუდამ ერთი უსიამოვნო გრძნობა მსდევს: ლამაზი ეპოქის დასასრულის, რადგანაც ეპოქა, რომელიც თითქოს ალალად სავსეა მუსიკით, ყვავილებითა და სიყვარულით, ჩემს თვალწინ ჩერდება, იხლიჩება და იმსხვრევა. ეს მსხვრევა, რამდენადაც უნდა გაგიკვირდეს, ზუსტად იმავე ეპოქაში, იმავე „ყვავილების და სიყვარულის“ წიაღშია დაწყებული. ეს ყველაფერი, ახლა ძალიან მძაფრად იგრძნობა.
ლაშა: – წერილის პირველ ნაწილშიც აღვნიშნე და ახლაც ხაზგასმით ვიტყვი, რომ თუ კარგად დავუკვირდებით, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ 60-იანების მეორე ნახევრის ლონდონის გარემო გაცილებით „სიმპათიურია“, ვიდრე „დაბოლილი კალიფორნია“. ალბათ, იმიტომ, რომ ლონდონი ჯერ არ იყო მოწამლული იდეოლოგიით, ოკულტიზმით, სხვადასხვა აღმოსავლური რელიგიების ელემენტებით, ეგზისტენციალიზმით. ლონდონი უბრალოდ ტკბებოდა ომის შემდგომი თავისუფლებით, ეს მაშინ, როდესაც ოკეანისგადაღმა თავისუფლება თავისუფლებას შთანთქავდა და ანადგურებდა. გავიხსენებ ჰიპების საყვარელ მწერალს – ჰერმან ჰესეს, რომელმაც ძალიან კარგად თქვა „ტრამალის მგელში“, რომ ჰარი ჰალერს („ტრამალის მგელის“ გმირს) მისივე თავისუფლება ღუპავდაო და ეს სიტყვები ახდა კიდეც. ეს იყო თავისუფლება, რომელიც არანაირ ჩარჩოში არ იჯდა. მსგავს ანარქისტულ თავისუფლებას კი რაიმე შედეგი დღემდე არ ჰქონია.
ჰიპური მოძრაობა უფრო იმ რელიგიურ სექტას ჰგავდა, რომელსაც დედამიწაზე სამოთხის ჩამოტანა სურს, მაგრამ ეს ყველაფერი ნელ-ნელა გაუფერულდა და მარიხუანის ბოლში გაიფანტა, ხოლო ჰიპების ფრაზების და ლოზუნგების უმეტესობა, თუნდაც Make Love და სხვა მსგავსი, ნელ-ნელა იმდენად გაუბრალოვდა, რომ დღემდე პაპსავიკების ყოველ მეორე სიმღერაში გვხვდება ან პერიოდულად პოპულისტი პოლიტიკანები თუ გამოიყენებენ თავიანთ წინასაარჩევნო სიტყვებში. ეს მაინც უფრო უტოპია იყო... და მომენტებში, არც ისე უწყინარი უტოპია.


გაგა: – ცხოვრება სულ სხვა ლოგიკით და სხვა რეალობაში განვითარდა. ხოლო ამ „რელიგიის“ თითქმის ყველა გურუმ (მუსიკოსებმა) გაითვალისწინეს რა ეს რეალობა, თავიანთ მრევლს უღალატეს და განზე გადგნენ.

როგორც წერილის მეორე ნაწილში აღვნიშნეთ, უმრავლესობის თანდათანობით „გაბურჟუება“ მოხდა. სამართლიანობა მოითხოვს, ისიც ვთქვათ, რომ ეს „მრევლის“ ნაწილმაც შეძლო და ძალიან ბევრი იმ „გაბურჟუებული ჰიპებიდან“ ამჟამად საკმაოდ რესპექტაბელურნი და წარმატებულნი არიან. მილიარდერ ბილ გეიტსის და გერმანიის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის იოშკა ფიშერის დასახელებაც საკმარისი იქნება. აი, ვინც „დარჩა“, მათთვის ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. იმიტომ, რომ სასტიკი რეალობის და იმ Make Love-ს გზები ბოლო-ბოლო უნდა გადაკვეთილიყო და ერთხელაც ისინი დადგნენ პირისპირ. ალბათ აი, აქ დაიწყო დასასრულის დასაწყისი. „სამოთხემ მიწაზე“ კი მხოლოდ სამი დღე იარსება.
ლაშა: – გეთანხმები, პირისპირ დადგნენ და თან ძალიან მძაფრად. იმავე წელს გამოჩნდა, როდესაც ვუდსტოკი ჩატარდა, თმამოშვებულმა ჰიპმა ჩარლზ მენსონმა გასცა სასტიკი ბრძანება, რომელსაც უსიტყვოდ დაემორჩილნენ მისი ჰიპური კომუნის წევრები. მათ სადისტურად მოკლეს ცნობილი რეჟისორის, რომან პოლანსკის ფეხმძიმე მეუღლე შარონ ტეიტი და პოლანსკების სახლის კიდევ რამდენიმე სტუმარი. ერთ-ერთმა მკვლელმა კედელზე შარონის სისხლით წარწერაც გააკეთა – „ღორებო!“. მენსონი დღემდე ციხეში ზის, სინანულის გრძნობაც არა აქვს, შუბლზე სვასტიკა ამოიტვიფრა და იქ სიმღერებსაც იწერს, რომლის გამოქვეყნების მცდელობები პერიოდულად აქვს. მაშინდელმა „მოსიყვარულე“ საზოგადოების ნაწილმა კი ამ შიზოფრენიკს რატომღაც „ქრისტეს სახიანი და რასპუტინის თვალებიანი“ თავისუფლებისთვის მებრძოლი უწოდა.

გაგა: – იმავე წელს კიდევ ერთი საზიზღარი ფაქტი მოხდა. ქალაქ ალტამონტეში, „როლინგების“ კონცერტზე, ბაიკერთა ბანდის წევრებმა „ჯოჯოხეთის ანგელოზებმა“, რომლებსაც კონცერტზე წესრიგი უნდა დაეცვათ, დანით აუღელვებლად მოკლეს შავკანიანი მაყურებელი. მერე თავს იმართლებდნენ, თითქოს ამ უკანასკნელს ცეცხლსასროლი იარაღით მიკ ჯაგერის მოკვლა უნდოდა. ამ კონცერტზე უამრავი „მზისა და ყვავილების შვილი“ იყო თავმოყრილი, მაგრამ ეს მკვლელობა მაინც მოხდა. მთლიანობაში „როლინგების“ ეს ცნობილი კონცერტი ზუსტად იქ მყოფი პუბლიკის გამო, საკმაოდ აგრესიული გამოვიდა. The Rolling Stones-ის ბიოგრაფიაში, როცა ჯგუფის ჩავარდნაზე თუ დეპრესიულ პერიოდზე საუბრობენ, აუცილებლად ბრაიან ჯონსის ტრაგიკული სიკვდილი და ზემოთ აღნიშნული კონცერტით გამოწვეული ნიჰილიზმი ახსენდებათ. ამ ფაქტის შემდეგ ჯგუფი დროის რაღაც მონაკვეთში მართლაც დეპრესიაში ჩავარდა.

იმ წელსვე მომღერალი Iggy Pop გამოჩნდა, რომელსაც თავიდანვე ერთი მისწრაფება ჰქონდა – არ მოსწონებოდა არავის. ყველა კონცერტზე ბოთლის ნამსხვრევებით სხეულს ისერავდა და დარბაზში მყოფ მაყურებელში კონკრეტულად „ჰიპობისთვის“ უაღრესად მკრეხელურ და უწმაწური ტექსტების დახეულ ქაღალდის ნაკუწებს ისროდა. Iggy Pop-ი ვერ იტანდა ჰიპებს და მუდამ ფარისევლებს ეძახდა. XXI საუკუნის გადმოსახედიდან როცა ვუყურებ იმას, რაც ჰიპური მოძრაობიდან საბოლოოდ მივიღეთ, მგონია, რომ ბებერი Iggy სადღაც მართალიც იყო...
ლაშა: – ეს არცაა გასაკვირი, რადგან ნახსენები იგი პოპი, იგივე იგი სტუჯი, იგივე ჯეიმს ნიუველ ოსტემბერგი-უმცროსი ერთ-ერთი პირველი პანკი გახლდათ. პანკებს კი ორგანულად სძულდათ უკვე კლიშეებში მოქცეული პოსტ-ჰიპების იდეოლოგია და თავისებურად სძულდათ ფარისევლობა.

იხილეთ გაგრძელება>>>anarekly.blogspot.com



0 comment(s) to... “ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი III)”