კანის კინოფესტივალი 2010
Posted 8:00 PM by Nina in თემები დაჯილდოვება, კინო, ნეტგაზეთი, ფესტივალი, ფილმებიავტორი: ნინო ძანძავა
დღეს, საღამოს, კანის საერთაშორისო კინოფესტივალი რიდლი სკოტის ფილმით "რობინ ჰუდი" 63-ედ გაიხსნება. 33 წლის წინათ სკოტის ფილმი "დუელიანტები" საუკეთესო სადებიუტო ფილმად გამოაცხადეს. 72 წლის წარმოშობით ბრიტანელმა ამერიკელმა რეჟისორმა მის საყვარელ მსახიობთან, რასელ ქროუსთან უკვე მეხუთედ ითანამშრომლა.
ბევრი კინოკრიტიკოსი, ალბათ, ცხვირს აიბზუებს ფესტივალის დირექციის გადაწყვეტილებაზე, კანის პირველი ჩვენება სწორედ ექშნენისთვის დაეთმოთ. თუმცა, მათთვის, ვინც ფესტივალს თავიდან ბოლომდე ესწრება, პირველი დღე ყოველთვის ეიფორიულია – ზღვის სუნი, მზე, აკრედიტაციებით და პრეს-კოდებით მომარაგება, საკუთარი პრეს-ყუთის პირველად გახსნა – ეს ყველაფერი საკმაოდ ამაღელვებელია იმისთვის, რომ გახსნაზე ნაჩვენები ფილმი გადაგავიწყდეს და იმაზე ფიქრს მისცე თავი, თუ რა სამოთხეში მოხვდი.
შარშანდელი ფესტივალი მარტო იმისთვის ღირდა, რომ წითელ ხალიჩაზე მოცეკვავე ტარანტინოსთვის და შემდეგ მისი დაუფასებელი შედევრისთვის გეყურებინა. ამერიკელები წელსაც მრავლად არიან. ჟიურის ტიმ ბარტონი უხელმძღვანელებს, რომელსაც, შესაძლოა, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაც მოუწიოს. ფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილე რამდენიმე ფილმი, სავარაუდოდ, მედიას პოლიტიკურ საღერღელს აუშლის. ასეთია, მაგალითად, ბოლო წუთს კონკურსში ჩასმული კენ ლოუჩის დრამა “ირლანდიური მარშრუტი”, ერაყში ირლანდიელი კონტრაქტორის ისტორიით; ნიკიტა მიხალკოვის “მზით გათანგულნი 2 – დასასრული” - კიდევ ერთი განაცხადი 40-იანი წლების საბჭოთა ტერორზე რუსი რეჟისორისა, რომელიც რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებასთან კარგი დამოკიდებულებით არის ცნობილი. პოლიტიკურად კორექტული მიხალკოვის გარდა, ოფიციალურ კონკურსში სხვა რუსული ფილმიც მონაწილეობს. ესაა სერგეი ლოზნიცას “ჩემი სიხარული”. ლოზნიცას ფილმი სატვირთო მანქანის მძღოლზე მოგვითხრობს, რომელიც, შემთხვევით, რუსულ სოფელში ხვდება და თანდათანობით სოფლის ცხოვრებაში ერთვება.
ოქროს პალმისთვის წელს 19 ფილმი იბრძოლებს.
იხილეთ გაგრძელება>>>netgazeti.ge