ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი II)
Posted 8:00 PM by Nina in თემები Rock, Rock'n'Roll, ანარეკლი, მუსიკა, ჰიტები© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე
I ნაწილი იხილეთ აქ: ბიტნიკები და ჰიპები (ნაწილი I)
ლაშა: – გამოჩნდა „ბითლზიც“ და ამ პერიოდში ევროპაში უკვე ხეტიალის მოყვარულმა გრძელთმიანმა ჰიპებმაც დაიწყეს ჩასვლა.
გაგა: – ერთი საინტერესო სქემა აღვიდგინოთ. ყველამ ვიცით 60-იან წლების ტერმინი „ბრიტანული შეჭრა“ ამერიკაში (British Invasion), ანუ როცა ბრიტანული თანამედროვე მუსიკა მასობრივად შეიჭრა შტატებში და ფეხზე დააყენა მთელი ამერიკა, მაგრამ მანამდე ევროპაში „ამერიკული შეჭრაც“ მოხდა, ანუ 50-იანებში რადიოების საშუალებით ამერიკული როკ-ენ-როლი გავრცელდა, რამაც მოხიბლა და საერთოდ გადარია ომის შემდგომი ევროპელი ახალგაზრდობა. ამის შემდეგ ევროპამ, განსაკუთრებით კი ბრიტანეთმა ეს ყველაფერი კარგად გადახარშა და იწყება ჩვენს მიერ ზემოთ აღნიშნული მასირებული „ბრიტანული შეჭრა“ ამერიკაში მძიმე არტილერიით: – The Beatles, The Rolling Stones, The Who, The Kinks, The Yardbirds, Cream, The Animals და სხვები... ამერიკულმა პასუხმაც არ დააყოვნა – ეგრევე იწყება „ამერიკული შემოჭრა“ ბრიტანეთში – ჰიპებისა და ფსიქოდელიური მუსიკის The Byrds, The Doors, Grateful Dead, Jefferson Airplane, Jimi Hendrix და სხვების) სახით. საინტერესო სამკუთხედია, არა?
ნება მიბოძეთ, დროშიც და გეოგრაფიაშიც ვიმოგზაურო და ტიბეტს ვესტუმრო. ვინც ნეპალში, კერძოდ კატმანდუშია ნამყოფი, დღესაც შეუძლია ქუჩაში შეხვდეს შუახანს გადაცილებულ, საკმაოდ ავადმყოფური გამომეტყველების ჰიპებს. ტიბეტში პირველყოფილი ჰიპები ჯერ კიდევ შემორჩნენ, რომლებიც თავის დროზე კალიფორნიაში დასეირნობდნენ და გამორიცხული არაა ვუდსტოკის ფესტივალზეც იყვნენ ნამყოფები. ეს ის ხალხია, რომელთაც მათმა კერპებმა და გურუებმა უღალატეს. თუმცა ღალატის თემაზე შეიძლება ბევრი შემეკამათოს.
ლაშა: – ტიბეტს იმიტომ, რომ სხვა ჰიპებივით, ისინიც, თავის დროზე, ძენ-ბუდიზმის მიმდევრები იყვნენ. ამის გარდა, ჰიპები თავისუფალი სიყვარულის და სამწუხაროდ, ნარკოტიკების მოყვარულებიც გახლდნენ – ეს ყველაზე საშინელი მისწრაფება იყო, რაც ჰიპებს ახასიათებდათ და პლანეტის ამ ნაწილში იპოვეს ბოლო „თავშესაფარი“. თუმცა ავთენტურ ჰიპს არა მარტო ტიბეტში, არამედ დედამიწის სხვა ნაწილშიც შეხვდებით. დანიაში ამ „შეჭრა-შემოჭრის“ შედეგად დაარსდა პირველი ჰიპური ქალაქი სახელად ქრისტიანია. იგი ძირითადად ჰიპებითაა დასახლებული და ტურისტს 60-იანიწლების კალიფორნიულ ჰიპურ კომუნას მოაგონებს. დღევანდელ ჰიპებს შორის ნარკოტიკები, ხშირ შემთხვევაში, ისევ მოდაშია.
გაგა: – სწორედ ამიტომ არ მიყვარს დიდად ჰიპების მოძრაობა. თუნდაც პურიტანად ჩამთვალოს მკითხველმა, მაინც ვიტყვი, რომ ჰიპებმა ნარკოტიკები გააიდეალეს და გააფეტიშეს. ამან კი მთელი თაობები დაღუპა, რომლებიც თავიანთ „გურუ მუსიკოსებს“ ბრმად გაჰყვნენ. დიდი ეჭვი მაქვს, რომ იგივე ჯო კოკერი (ვუდსტოკის ერთ-ერთი გმირი) ახლაც ნარკოტიკზე იჯდეს და რამეს აპროტესტებდეს. რატომღაც მგონია, რომ დიდი რანჩო აქვს, რომელიც სამხრეთულ სტილშია ნაშენები, სადაც იგი, ჩემი აზრით, მშვიდად ცხოვრობს, საკუთარ თავს საკმაოდ უვლის და, აგერ, კინოვარსკვლავ კეტრინ დენევთან ერთად ფრანგულადაც კი შეასრულა რამდენიმე სიმღერა. საინტერესოა, ამის შემხედვარე როგორი ირონიული ღიმილი უთამაშებთ სახეებზე იგივე ტიბეტში შეხიზნულ ან დანიურ ქრისტიანიაში დასახლებულ ხანში შესულ ჰიპებს. ძველმა გურუ-მუსიკოსმა ჰიპებმა ხომ კაი ხანია დაკარგეს პროტესტის გრძნობა ან აღარც აინტერესებთ, აღარც ახსოვთ...
ლაშა: – შენი არ იყოს, ჰიპი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ, ერთ დროს, როცა ჩვენ ერთ დიდ, საშინელ ქვეყანაში ვცხოვრობდით, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, არსებობდა „სოვიეტ როკ“ („საბჭოთა როკს“ დასავლეთში ასე ეძახდნენ) და მისი მსმენელი ვიყავი (დღესაც სიამოვნებით ვუსმენ). როდესაც ჯგუფ „კინოს“ ფრონტმენი ვიქტორ ცოი გარდაიცვალა, მოსკოვში არბატზე მისი სახელობის მემორიალური კედელი გაკეთდა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ცოი 1990 წელს ლატვიაში იურმალის გზაზე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მოსკოვში ცოის კედელთან აღმოვჩნდი და იქ გავიცანი „ტუსოვკა“, – ახალგაზრდა მუსიკის მოყვარული ადამიანები, რომლებიც მთელი დღე ამ კედელთან ისხდნენ და გიტარაზე ვიტიას სიმღერებს მღეროდნენ.
გაგრძელება იხილეთ აქ>>> anarekly.blogspot.com