მერე რა, რომ ზამთარია
Posted 6:00 PM by anano in თემები Dissolved Girl, თბილისი, თეატრი, პოეზია, საქართველო
ავტორი - Dissolved Girl

დღეს ნიკო გომელაური გარდაიცვალა.
39 წლის იყო. მსახიობი, პოეტი და, ურალოდ, ნიჭიერი და სასიამოვნო ადამიანი.
არ ვკითხულობდი მის ლექსებს-პოეზია არ მიყვარს. არც სპექტაკლები მინახავს მისი მონაწილეობით და არც პირადი კონტაქტი მქონია ოდესმე. მაგრამ ამ ცნობის გაგებისთანავე გულში რაღაც ჩამწყდა, ცრემლები წამომივიდა და ეს ადამიანი სიკვდილისთვის ძალიან, ძალიან დამენანა. საერთოდ, არ მიმაქვს ხოლმე გულთან ახლოს ცნობილი ადამიანების უბედურება. ვიტყვი “უი, რა ცუდია” და მორჩა. ახლა კი საქმე სხვანაირადაა.
რამდენმე კვირის წინ ნიკო ნანუკას შოუში იყო მიწვეული. თმებგაცვენილი, გამხდარი და ფერმკრთალი. მიუხედავად ავადმყოფობისა ლურჯი თვალები მაინც უციმციმებდა და ხმაც, ჩვეულებრივ, ნაცნობად ჩახლეჩილი ჰქონდა. ლექსები წაიკითხა. ერთი დამამახსოვრა განსაკუთრებით, ნინასადმი მიძღვნილი ლექსი…
მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენ რა იპოვე ჩემში?
შენ – წმინდა სანთლის ღვენთი.
მე – გაფანტული ხრეში.
მე შენში მიყვარს ღმერთი!
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
აღარ ღირს დროის კარგვად.
მე შენში მიყვარს ღმერთი!
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა – წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .
ცოტა ხნის წინ ჟურნალში ნიკოს ინტერვიუ წავიკითხე . წერდა, რომ ეცინებოდა მისი სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე, რომ წუხდა თავისი ახლობლების ნერვიულობის გამო. ჟურნალისტის გაოცებულ კითხვაზე, თუ როგორ ლაპარაკობდა თავის სიკვდილზე ასე მშვიდად, უპასუხა: ” “მე მინდა,რომ ვუპასუხო ყველას: ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას: მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას,არ ვაპირებ მე ჯერ არსად წასვლას”.
ჩვენ ერთად ვართ, მთავარია
მერე რა, რომ ზამთარია.
ჩვენ ერთად აღარ ვართ : (
RIP