ჩვენ ადამიანები ვართ ანუ E-მოცია

Posted 6:00 PM by anano in თემები ,

 
 
 
Bookmark and Share
 
ავტორი - დადუ
 

ჩამოიხა ფარდები გამოსვლამდე და ჩვენ გავშიშვლდით... ჩაიცვით, რაც ხელში მოგხვდებათ და გაიქეცით სცენის სიღრმეში... ისაუბრეთ ყველაფერზე რაც სიტყვებად მოგადგებათ და არ შეგრცხვეთ! ფარდები დაიხა, გონება ფიქრობს, ჩვენ სცენაზე ვართ, ჩვენ არასოდეს ვთამაშობთ.
16 წლის ბიჭი პანამიდან:
   მე გავაუპატიურე ჩემი და... მე მიჭირს, მე ავად ვარ... ვხედავდი, როგორ მოდიოდა მამინაცვალი ყოველ ღამით, გადათხლეშილი, ჯინის ბოთლით ხელში და სცემდა დედას, შემდეგ, ხმარობდა, ჰო, ხმარობდა, ხმარობდა, ხმარობდა... დედა კიოდა, კიოდა, კიოდა და მე თვალებზე ხელაფარებული ვეხუტებოდი დას, ვეხუტებოდი და ვფიქრობდი, დამთავრდი, დამთავრდი, დამთავრდი... მე გავაუპატიურე ჩემი და, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს ქვეყანაზე. ის არ შეხვდა სხვა კაცს, ის ჩემი იყო!
20 წლის ჯეიმსი ნიუ იორკიდან
    გამოვიქეცი სახლიდან და შევეკედლე უცხო ოჯახს, რომელმაც შემიფარა და მომცა ის, რაც მჭირდებოდა და როცა გავიზარდე და გავხდი იმხელა, რამხელაც ახლა ვარ, უარვყავი ხალხი, რომელმაც შემიფარა და მაჩუქა თავშესაფარი და დავიწყე ძველი ოჯახის ძებნა. წამოვედი იმედებით შეპყრობილი და მივიღე სიცარიელე, ბევრი წინადადება, შინაარსით "აღარ გვჭირები", და დღეს მარტო ვარ. მე უოჯახო, მე უმშობელო, მე სიმარტოვე, მე მომეტევოს...
7 წლის პეტი ნიგერიიდან
   მე კარგად არ ვიცის ინგლისური, მაგრამ ახლა არის ინგლისში. როგორ აგმოჩნდი არ იცი... ვინმე კარგი ბიძა მიპოვნის და ამიყვანა. მე დედა ვიცი. ოთხი წლის იყავი, რომ წამომიყვანა ძია ჯონიმ. ამბობს, რომ პეტი უნიჭო გოგო დაიბადა და ინგლისურს ვერ ითვისებს, არადა პეტიმ იცოდა ენა, ნიგერიაში რომ ისწავლე ის და ახლაც იცის, ვილაპარაკო?.. პეტიმ კიდე ის  ვიცი, რომ შენ არ იცი ენა ნიგერიაში რომ ისწავლე პეტიმ, მიკროფონის ჭერა იცი მარტო და იცინი, მახინჯი ხარ. პეტი ლამაზია. პეტი უყვარხარ ჯონის. პეტის ახსოვს დედა. დედა მოკვდა. დედას შიოდა რომ მოკვდა და მითხრა ძია ჯონის დავუჯერო, ის კარგი ძიაა. მე ძია ჯონი მიყვარდეს. მე გავიზარდო და ინგლისურსაც ვისწავლი, ყველაზე კარგად.
64 წლის შუინ ჰოუ
     დღეს შვილიშვილს მამა მოუკვდა. ანუ სიძე მომიკვდა. შვილიშვილი არ იცნობდა მამას. მითხრა, რომ მამას ბევრი უცხოვრია, ის 43 წლის იყო. მე დავფიქრდი... ხვალ რომ მოვკვდე, ჩემი 17 წლის შვილიშვილი იტყვის, რომ მე ძალიან ბევრი ვიცხოვრე მის მამასთან შედარებით.
  რა იცის მან, რომ მე ახლაღა ვიწყებ სამყაროს შეცნობას.
91 წლის ელეონორი
   ელეონორი მამამ დამარქვა. მამა 30 წლამდე საბერძნეთში ცხოვრობდა. დედა მანჩესტერში გაიცნო. უყვარდა მამას ჩემი სახელი მე კი საოცრად მიჭირდა მისი აღქმა: ე ლ ე ო ნ ო რ ი. ვერ ვატარე ღირსეულად... თითქმის ერთი საუკუნე ვიცხოვრე და მაინც სხვა სახელით. მე ნორი ვარ... მამას სურდა ჩემთვის ელეონორი დაეძახათ... მე სამი ქმარი მყავდა. სამივე ნორის მეძახდა, რადგან სამივეს, პირველივე შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ნორი მერქვა. მომიტევე მამა, შენ რა ხანია წახვედი, დღეს მეც სიკვდილს ვებრძვი, მე ვერ ვიყავი ელეონორი, მე ნორი მქვია...
38 წლის დომენიკო
    მიყვარდა მარკო... ჰო, მარკო მიყვარდა. მე არ ვარ უწმინდური, უბრალოდ რომ ვხედავდი, ვგრძნობდი, რომ მიყვარდა... მარკოს ცოლი ჰყავს და სამი შვილი. მარკო ბედნიერია. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია. მე ყოველთვის მიყვარდა მარკო. მე 39 წლის ვხდები აპრილში და ისევ მარკო მიყვარს, მძულს ქალები, რადგან არასოდეს აქვთ ისეთივე გამოხედვა, როგორიც მარკოს. მე მარტო ვარ და მტკივა. ალბათ ასე მარტოდ მოვკვდები და მძულს სიკვდილი და სიცოცხლე უფრო მეტად, რადგან მახსოვს სულ მარკო, ჩემი სახლის კიბეებთან, ჩვენ მანქანებით ვთამაშობდით.
25 წლის საია
    ჩვენთან წესები რახანია უარყვეს და ყველას ჯინსები აცვია. მამა მოლაა და მაძალებს ვატარო ჩადრი და არ მიჩანდეს ხორცი. ზღვაში სამოსით ვცურავ და არც ბიჭები მიყურებენ. მამა კივის ყოველ მრგვალ საათზე და მეც ვიჩოქები მეჩეთთან. მამას არ ესმის რომ მიყვარს ოზანი. მამას არ ესმის, რომ ოზანს არ მოსწონს როცა მე ვმალავ სხეულს. მამა მიკრძალავს ოზანს. მე მიყვარს ოზანი. მამა საშინელებაა... მე არ მიყვარს მამა. მე მჭირდება ოზანი, მე უარვყოფ ჩადრს...
18 წლის ხორხე
    ჩემი ძმა დაიკარგა. გადაიხვეწა ესპანეთიდან შორეულ მექსიკაში. ორი თვის წინ მომწერა ერთადერთი მეილი, რომ რაღაც ანიმაციებს ხატავს და თავს ირჩენს. დედას და მამას არ წერს, არც ესაუბრება, ისინი მე არ მესაუბრებიან მათ უყვართ ტობიასი. ტობიმ ისინი მიატოვა, ტობი თავის გზას ადგას, არ ვიცი რომელს, მაგრამ თავისას. მწერდა რომ ბედნიერია, მე მჯერა მისი. ტობი 23 წლისაა. დღეს გახდა და მე მივულოცე. დედა ტირის. ტელეფონთან ზის და ტირის. მამა თავზე ადგას და ამშვიდებს. მე გული მწყდება. ტობი არ დარეკავს. არასოდეს.
57 წლის სერგეი
დაასხი ვეუბნები ანტონს. ანტონი აყოვნებს. იმ ნაბოზარს მარტო თავისთვის ემეტება არაყი. ანტონი ისხამს თავისთვის ჯერ, შემდეგ ჩემ ჭიქაში ასხამს. თავდება ბოთლში არაყი... ოხხ, ანტონ, რას გაგილამაზებდი სიფათს, დალიე შე ნაბიჭვარო, დალიე. მეც დავლევ და მერე მივეგდები სადმე სოროში და ისე ღრმად დავიძინებ, რომ აღარასოდეს გამომეღვიძოს...
მეგობრებო, ანტრაქტია, რომელსაც ფარდები ვერ ჩამოეფარება... იყავით გულახდილები... ან ითამაშეთ... მაინც ვერავინ გაიგებს როდის ამბობთ მართალს და როდის ცრუობთ... ჩვენ ხომ ყველაფერს ისე ვაკეთებთ, რომ თავდაყირა დადგეს მსოფლიო და სწორედ ეს მოგვწონს. ჩვენ ვერ დავიმკვიდრებთ სასუფეველს ცათა, იგი არ არსებობს დღეს... არსებობს მხოლოდ დღე, რომელმაც დახია გარსი და სივრცე ჩვენს შორის და თქვენ მოქმედებთ და თქვენ თამაშობთ და თქვენ არსებობთ და თქვენ ... და თქვენ... და თქვენ ხართ ჩემ და თქვენ შორის...  
  დუმს სცენა... სათამაშოები კუთხეში ყრია...  ჩვენ ვდგავართ...

 

წყარო>>>literatura.lit.ge



0 comment(s) to... “ჩვენ ადამიანები ვართ ანუ E-მოცია”