ავტორი – ალექსი ჩიღვინაძე
მაშინ იყო უჯეროსა გინებად ვარსქენ და ფერხითა თჳსითა დასთრგუნჳდა მას, და აღიღო ასტამი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა. და მჯიღითა სცემდა პირსა მისსა უწყალოდ და თმითა მიმოითრევდა; ვითარცა მხეცი მძჳნვარეჰ, ყიოდა და იზახდა, ვითაცა ცოფი.
იაკობ ხუცესი. "შუშანიკის წამება"
- მიშველეთ! მომკლა! - დაიბღავლა ანტონმა და გარეთ გავარდა.
ზურაბი დინჯად გამოჰყვა. კარებში შესდგა და ჩანგალს დაჰხედა, რომელიც ხელში შერჩენოდა. ჩანგალზე ანტონის ტუჩი იყო ჩამოცმული.
მიხეილ ჯავახიშვილი. "ცხრა ქალწული"
რამდენიმე თაობაა, რაც ჩვენ ვიბადებით ატმოსფეროში, რომელიც ისეა გაჟღენთილი სისხლით, ჭუჭყითა და ტყუილით, როგორც ჰაერი, წვიმის წვეთებით გაჯერებული. ვერავის ექნება პრეტენზია, გამოვიდეს ამ პერიოდიდან და ტანსა და სულში არ ატაროს ასეთი დაბადების კვალი. ჩვენ რომ ვიღვიძებთ რაღაც შესაძლებლობების წინაშე, ვიღვიძებთ ისეთები, როგორებიც დავიბადეთ. და ამ დაბადების ნიშნები გვემჩნევა. ჩვენში დალექილია სისასტიკის, სადიზმის, ძალადობის და რაც მთავარია, უვიცობის, სიბნელის ნარჩენები. ეს სიბნელე და უვიცობა გამოხატულებაა იმ ფაქტისა, რომ დანგრეულია, თვით აზროვნების შესაძლებლობის ენობრივი ველი.
მერაბ მამარდაშვილი
თავი I – წითელი თაგვი
გოგო საწოლზე იწვა, შიშველი. ფეხები რომ გააშლევინა, თავი მორიდებისგან ოდნავ გვერდზე გადახარა. ყლეზეც კი არ უყურებდა, მხოლოდ თვალებში. თითქოს მთელი მისი სხეულისგან მხოლოდ ეს ნაწილი დარჩენილიყო, მხოლოდ თვალები, სიბნელეში მოხვედრილი "დისნეის" პერსონაჟივით. როცა ის თავის რაკეტის მის კოსმოსში შესრიალებას ცდილობდა, გოგო ნელ-ნელა იხევდა უკან. რიტმულად მოძრაობდნენ, ქშენდნენ, კვნესოდნენ. კაცი ცოტა ხანში იქვე ტუმბოზე დადებულ დანას გადასწვდა. ხელში აიღო, შეათამაშა და გაიღიმა, ქალიც თითქოს მიხვდა, რომ თამაშს დაწყებას აპირებდნენ და დანაზე წაეპოტინა. თუმცა მან არ დაუთმო. დაასრიალებდა მის სხეულზე, ძუძუებს შორის, ყელზე, ხელებზე, თან ბასრი პირით. ქალი სიამოვნებისგან კრუსუნებდა, ტუჩებს იკვნეტდა, მაგრამ თითქოს ბოლომდე არ ენდობოდა და ცდილობდა მისი ხელი მოეშორებინა. უცებ დანა თავსზემოთ აიზიდა და ძლიერი მოქნევით ჭიპში ჩაესო გოგოს. რამდენიმე ძლიერი დარტყმა, ისევ და ისევ, პირი დააფჩინა, თვალები გაუფარდოვდა, ცდილობდა როგორმე ხელი შეეშალა, სანამ კაცმა დანა არ დაუნაცვლა და ყელი არ გამოღადრა. სწორედ მაშინ გაათავა, როცა ყელიდან წამოსული სისხლის პირველი წვეთი ჩაიკარგა ჭიპის ადგილას გაჩენილ წითელ ღრმულში.
ადგა. ოთახი მოათვალიერა, გარედან მანქანების ხმაური შემოდიოდა. ჩამოჯდა სავარძელში და უხმოდ შეჰყურებდა, მის მიერ წამების წინ შექმნილ უძრავ ინსტალაციას. შემდეგ წამოხტა, თითქოს დენმა დაარტაო. ოთახში გაიარ-გამოიარა. სისხლი სველი პირსახოცით ჩამოიწმინდა. შეიმოსა. დანა გაწმინდა და ჯიბეში ჩაიდო. უკვე გარეთ უნდა გასულიყო, რომ მისი ყურადღება კუთხეში დადგმულმა ყვითელი ქვიშით ნახევრად ამოვსებულმა აკვარიუმმა მიიპყრო, რომელშიც თეთრი თაგვი დაბორიალობდა.
მივიდა აკვარიუმთან, ხელში აიღო და საწოლთან მიიტანა. თაგვი ამოვიყვანა. ძალიან პატარა, ფუმფულა, სითბოს წყარო იგრძნო ხელში. ძლივს შეიკავა თავი იმისგან, რომ არ გაეჭყლიტა. ხელი გაშალა და მობუზულ არსებას შეხედა. გაეღიმა. სული შეუბერა, შემდეგ დაიხარა და ქალის მუცელზე გაჩენილ ღია ჭრილობაში ჩასვა.
დილას გამომძიებელმა ცხოვრებაში პირველად ნახა, როგორ ამოდიოდა ახალგაზრდა ქალის დასახიჩრებული გვამიდან წითელი თაგვი.
თავი II – ქართლის დედა
"ბილბორდის ადამიანები, მუდამ გაღიმებულნი, მუდამ რაღაცას რომ გვთავაზობენ, მუდამ უძრავად, შენს მოძრაობას დაკვირვებულნი, განათებულ, უზარმაზარ გზატკეცილებზე, დაგვყურებენ აქეთ-იქეთ მიმომქროლთ, ყველაზე დიდი ბილბორდის, ცისქვეშეთის სიკვდილ-სიცოცხლის მომხმარებლებს. მართლაც კოსმოსის ყველაზე დიდი ბილბორდი ცაა. რომელიც გვთავაზობს მზის, მფრინავი თეფშების, სუიციდის, პარაშუტების, ღმერთის, თოვლის, კომეტების და ანგელოზების რეკლამას. აი, ასე და ჩვენც მოვიხმართ ამ ყველაფერს. ბანჯგვლიანი საქმოსანი ბიძები ყიდულობენ ანგელოზებს და შემდეგ ანალური სექსის დროს გავეშებულები ღრიალებენ: “გაწიე შენი დაწყევლილი ფრთები, ხელს მიშლის!” იყიდება პარაშუტები და ჰოლივუდის მთვარე, წვიმა ხომ იყიდება და იყიდება, კაფის დაორთქლილ ფანჯრებსა და ცხელ ყავასთან ერთად. იყიდება უცხოპლანეტელების სახეები, დირიჟაბლები, თვითმფრინავები და ადგილ-მამული მთვარეზე"
მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალი დახურა და მოისროლა. მანქანა აეროპორტისკენ მიქროდა. კიდევ კარგი ცოტა ხნით მაინც მივფრინავ, გაიფიქრა მან და მინა ჩამოსწია. ჰაერი გიჟივით დაეტაკა სახეზე. თვალები მოჭუტა. გაეღიმა, საშინლად ეფსმებოდა. მინა დახურა და ისევ ჟურნალის კითხვას მიჰყო ხელი. “თბილისში მანიაკ მკვლელთა ბანდის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება. 24 თებერვალს, საღამოს 9 საათზე, "მაკდონალდსში" შავად შენიღბული ადამიანები შეცვიდნენ და 16 წლის მარიამ შენგელიძე გაიტაცეს, რომელიც ამ დროს თავის მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გოგონას ეცვა ვარდისფერი ქურთუკი, თეთრი “ღუნღულა” სვიტერი და მინი-კაბა. ის ძალის გამოყენებით ჩააგდეს მანქანაში. დილას კი ქუჩაში გამოსულმა თბილისელებმა “ქართლის დედის” ძეგლზე, უცნაური ობიექტი შენიშნეს, ეს იყო ძეგლზე წითელი თოკით მიბმული გაშიშვლებული მარიამ შენგელიძის გვამი.”
სააკაშვილმა ჟურნალი დახურა და უცებ ჩეშირული კატის სახე მიიღო და ისტერიული სიცილი აუვარდა. მთელი გზა ვერ გაჩერდა, გიჟივით ხარხარებდა. ტრაპზე ასვლისასაც ვერ იკავებდა თავს. მის გამყოლებს ვერაფერი გაეგოთ და დაბნეულები გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა თვითმფრინავი მიწას მოს წყდა. “არა, რა ეს ნამდვილად მშვენივრად მოვიფიქრე, გვამის ქართლის დედაზე მიბმა” - გაუელვა თავში და კმაყოფილი გადაწვა სავარძელში.
თავი III – ალადინი
მიხეილ სააკაშვილი კაბინეტში იჯდა და მედიტირებდა. ისე ინტენსიურად რთავდა არხებს, რომ მხოლოდ მისი ქვეცნობიერი, პეპლების საჭერი ბადესავით, ახეხებდა ზოგიერთი კადრისა და სიტყვის დაჭერას. "ცხოვრება მშვენიერია!" – სააკაშვილი მედიტაციური მდგომარეობიდან გამოარკვია ამ ფრაზამ. წამყვანი მაღალი, უშნო ცხენს მიმსგავსებული ქერა ქალი, სტუმრად მიწვეულ ნორჩ პოეტებს შეუდარებელი მჭერმეტყველებითა და მახვილგონიერებით უსვამდა დადაისტურ და კრეტინულ შეკითხვებს.
- დღეს პოეზიის დესაკრალიზება მოხდა – სიტყვა აიღო ჭაბუკმა პოეტმა.
ნეტავ ამათ რაღა უნდათ? - გაიფიქრა სააკაშვილმა. - თვითონ მაინც თუ იციან? ნამდვილი პოეზია - მკვლელობაა. შეუძლიათ მათ ამის გაგება, შეგრძნება და განხორციელება? არაფერიც, არ შეუძლიათ.
ცოტა ხანი კიდევ უყურებდა გადაცემას, სანამ გული არ აერია. ისე როგორ გავს ეს წამყვანი ერთ-ერთი მულტფილმის პერსონაჟს, ნეტავ რომელს? ჯაფარს - და გაუნათდა. ჰო, ზედგამოჭრილი ჯაფარია. ჰაჰა. მე, მე ალადინი ვარ, ჩემი მაიმუნი აბუ კი ვანო - გაიფიქრა მიშამ და ხმამაღლა ახვიხვინდა.
ბოლო დროს უცნაური რამ დასჩემდა, ხანდახან თავის თავს ელაპარაკებოდა. მისი მეორე მე კი ისეთი ხუმარა ვინმე გახლდათ. იმ დღესაც ძმათა სასაფლაოზე, ისეთი ანეგდოტი გაახსენა, რომ ძლივს შეიკავა თავი: "დედა, დედა იცი მე დღეს მამა ვნახე." და დედა პასუხობს: "რამდენჯერ უნდა გითხრა რომ ეგრე ღმად ნუ თხრი ქვიშაში"
ალბათ ეს შინაგანი მონოლოგები და დიალოგები იმის ბრალია, რომ საოცრად მოსაწყენი გახდა ცხოვრება. უეცრად თავში ერთი მშვენიერი იდეა მოუვიდა. დაცვას დაუძახა და პარიკის, ხელოვნური ულვაშების, ჯინსების, ქურთუკის, შავი სათვალეების და ზურგჩანთის მოტანა მოსთხოვათ. მისი სხვა ახირებების ფონზე, ეს ბრძანება დაცვას არც კი გაკვირვებია.
ნახევარი საათიც არ იყო გასული, რომ კარზე კაკუნი გაისმა. მიშა გულმოდგინებით შეუდგა მოტანილი სამოსის მორგებას. მშვენიერი იდეაა რა, მეც ქართველი მეფეებივით გადაცმული ვივლი თბილისში. მე ხომ ალადინი ვარ. მაგრამ სარკეში რომ ჩაიხედა გაეცინა:
- ალადინი კი არა მარიო ჩიმარო ვარ.
გრძელი თმები მხრებზე ეყარა, ხშირი ულვაში და შავი სათვალე ხომ მოუხდა და მოუხდა. "ისე ჩემზე უკეთესი მეფე სად უნდა იპოვნონ, იმ გამწლეულ ბაგრატიონებს აღარ ვჯობივარ? ღვთის ნებაა, ღვთის ნებაა - რამდენიმე ათასი და ისეთ სპეც-ეფექტებს გააკეთებ ნებისმიერ ღმერთს შეშურდება."
კიდევ რამდენიმე წუთი გააგრძელა სარკესთან პოზიორობა და ფიქრი. თან ელვისის მოძრაობებს აკეთებდა. შემდეგ მოწყინდა და მაგიდასთან მივიდა. უჯრა გამოაღო. კარგა ხანს ჭოჭმანობდა, შემდეგ კი რატომღაც "კოლტი" აირჩია და ორი ცალი ქამარში გაირჭო. დაიბარა: "ხალხში უნდა გავერიოო" და რამდენიმე ათეული საიდუმლო დერეფნის, მძიმე კარის, დასირებული სიფათების (ზურგსუკან დამცინავი ღიმილის) და გაკვირვებული თვალების გავლის შემდეგ გარეთ აღმოჩნდა. ღრმად ამოისუნთქა. "დღეს ტურისტი ვიქნები, უცნობი ხალხის შიშებსა და ტკივილებში მოგზაური ტურისტი."
მთელი რუსთაველი ფეხით გაიარა. მერე მიხვდა, რომ სიარულის მანერა ცოტა უნდა შეეცვალა, თორემ იცნობდნენ. ამიტომ ხელები ჯიბეებში ჩაიწყო, წელში ოდნავ მოიხარა და პეროვზე ჩაუხვია. რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ ერთ ბართან შეჩერდა, რომლიდანაც ხმამაღალი მუსიკა გამოდიოდა. ბარი სავსე დახვდა. მხოლოდ ერთ კუთხეში იდგა ცარიელი მაგიდა. ისიც იქითკენ გაემართა, კარგად მოკალათდა, მიმტანს ინგლისურად მოსთხოვა ვისკი, თვითონ კი ფიქრებში ჩაიძირა. ცოტა ხანში მისმა ფიქრებმა მიმტანის ტრაკის ფორმა მიიღო, რომელმაც ვისკი მიუტანა და ნარნარით გაბრუნდა უკან.
საშინლად მოსაწყენია ეს ყველაფერი. რამდენი ასეთი ბარი არსებოს, თავისი მუსიკოსებით, რომლებიც ერთად ცხოვრობენ სვამენ და ჟიმაობენ, დრო კი სადღაც გაურბით. თავისი ლოთებით, ბარმენებითა და ტურისტებით. - ფიქრობდა ის. მუსიკამ უკვე თავი მოაბეზრა. ვისკი ბოლომდე ჩაცალა, იარაღი ხელით მოსინჯა და უცებ ფეხზე წამოვარდა. შენელებული კადრის ჩვენება რომ შეგვეძლოს, დავინახავდით ტყვიას, რომელიც ზუილით კვეთდა ჰაერს, შემდეგ ვოკალისტის შუბლს თითქოს მოსაფერებლად შეეხო, თანდათან გახვრიტა კანი, ერთი მილიმეტრი, ორი მილიმეტრი, სამი მილიმეტრი -- აი, ტყვია მთლიანად თავშია, სისხლი და ვოკალისტი უკან ეცემა დასარტამ ინსტრუმენტებს. მეორე ტყვია უკვე ბარმენის ტვინს სტუმრობს, მისი სისხლის წვეთები კი თითქოს ხარისხის აღმნიშვნელად ესხმება სასმელის ბოთლებს. ბარმენს - დრამერი და ბას-გიტარისტი მიყვებიან ჯოჯოხეთისკენ. შემდეგ ორ ტყვიას - მიშასგან მარცხნივ მჯომი გოგო და ბიჭი იმსახურებს. ნეტავ მიმტანმა სად შეყო თავის დიდრონი ტრაკი - ინტერესდება მიშა. შემდეგი ტყვია გადაეცემა (საზეიმო პაუზა) - ქალბატონს ფანჯარასთან! ყველა მაგიდის ქვეშ მიიწევს, თითქოს ჩანგლები დაუცვივდათ - სტუმარი იცის, ეშმაკი მოდის თქვენს წასაყვანად!
სააკაშვილი ბარს თვალს მოავლებს და ჩქარი ნაბიჯით გარეთ გამოდის. "ცხოვრება მშვენიერია" - წინ მთელი ღამე და ახალი თავგადასავლებია.
თავი IV – მუ-მუ ბრუნდება
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ამ რომანის წერა დავიწყე. არ ვიცი შეიძლება გავგიჟდი, მაგრამ ვგრძნობ რომ მითვალთვალებენ. ყოველთვის როცა სახლში ვბრუნდები, უკან მძიმე ნაბიჯების ხმა მესმის. მივიხედავ და არავინ ჩანს. მოსვენება დავკარგე...
ერთხელაც შუაღამისას გამომეღვიძა. ვხედავ კომპიუტერთან ვიღაც ზის. კიდევ ძილ-ბურანში ვიყავი, ალბათ მეჩვენება-მეთქი. საწოლზე წამოვჯექი, ხმაურზე მომიბრუნდა და ვის ვხედავ, თვით მიხეილ სააკაშვილს მთელი თავისი არსებით. მას ვორდის რომელიღაც ფაილი გაეხსნა და კითხულობდა. შეწყვიტა და მეუბნება:
- მშვენიერია, მშვენიერია... კარგად წერ, ხო იცი შენ. მაგრამ მაინც ვერასოდეს შეძლებ, ისე მძაფრად აღწერო მოვლენები, როგორც სინამდვილეში ხდება. რეალურად ყველაფერი გაცილებით სასტიკი, საზიზღარი და გულისამრევია.
შემდეგ ჯიბიდან იღებს ფოტოებს და მიწვდის. ვანთებ ლამფას, იმედი მაქვს რომ სინათლეზე მაინც გაქრება, მომშორდება თავისი საზიზღარი სურათებიანად. მაგრამ ადგილიდან არ იძვრის. ფოტოებზე ვხედავ დასახიჩრებულ გვამებს, ცალკეულ კიდურებს, სხეულზე ამოჭრილ წარწერებს. მიშა მოლოდინისგან ცქმუტავს, თითქოს მე ცნობილი კრიტიკოსი ვიყო და ის შეფასებას ელოდეს ჩემგან. სურათები დავათვალიერე და უკან დავუბრუნე. გამომართვა და ჯიბეში ჩაიბრუნა.
- ჰა, მოიფიქრებდი ამას? შეგიძლია მსგავსი საშინელებები აღწერო?
მე ვაღიარებ, რომ არ შემიძლია. მართლა არ მეყოფა ფანტაზია, ისეთი რამეებზე დავწერო, რაც ფოტოებზე ვნახე. ყველაზე საშინელ კოშმარშიც ვერ წარმოვიდგენ. ველოდები, რომ ნაჯახით გამიჩეხავს თავს, ან თუ თან არ აქვს კლავიატურით მაინც.
- მწერალო, მწერალო, გგონია მოგკლავ?