ოლიმპიურმა სულმა გამოცდას ვერ გაუძლო

Posted 12:26 AM by Nina in თემები , , ,

22736_1218362094439_1090479255_30568576_6726249_n

ბობ გრინი

ეს ოლიმპიური თამაშების ისტორიაში შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გამხდარიყო

მაგრამ ეს ვერ მოხდა – შესაძლოა არარეალისტურიც კია იფიქრო, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო.

მაგრამ რა გზავნილი უნდა ყოფილიყო ეს.

წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება მსოფლიოს ეპასუხა იმ ამაზრზენი ოფიციალური განცხადებისთვის, რომლითაც 21 წლის მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი საკუთარ სიკვდილში  დაადანაშაულეს. ზამთრის ოლიმპიადაზე მოასპარეზე 82 ქვეყნის 2 500 სპორტსმენი ერთად რომ დამდგარიყო და ზრდილობიანი და ღირსეული ტონით ეთქვათ:

”ჩვენ თამაშებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ვიდრე საორგანიზაციო კომიტეტი საჯაროდ ოფიციალურ ბოდიშს არ მოიხდის იმისთვის, რომ მათ ჩვენი კოლეგა სპორტსმენის ხსოვნა შეურაცხყვეს. არც ერთი ჩვენგანი, სპორტის არც ერთ სახეობაში არ იასპარეზებს და სპორტულ მოედნებზე არ გამოჩნდება, თქვენ ეტყვით მის ოჯახს რომ ბოდიშს უხდით მათ იმისთვის, რომ მათი შვილი საკუთარ სიკვდილში დაადანაშაულეთ. თამაშები მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება. ვიდრე ამას არ გააკეთებთ ტელევიზიების ეთერში ყინულის ცარიელი მოედნები, ცარიელი სათხილამურო ტრასები და ცარიელი ციგები გამოჩნდება. თქვენ შეიძლება ოლიმპიური თამაშები გეკუთვნოდეთ, მაგრამ ოლიმპიელები – ჩვენ ვართ”.

განცხადებაში, სადაც ოლიმპიურმა საორგანიზაციო კომიტეტმა და მოციგავეთა საერთაშორისო ხელმძღვანელობამ სპორტსმენი საკუთარ სიკვდილში დაადანაშაულა, ნათქვამია რომ ქუმარიტაშვილის დაღუპვა არანაირად არ უკავშირდება გაკრიტიკებულ არასწორ საციგაო ტრასას.

დამნაშავე იგი იყო, ნათქვამია განცხადებაში, მან ამ ტრასაზე საკმარისად კარგი მანევრი ვერ გააკეთაო. საკუთარი დასკვნები ისე გამოაქვეყნეს, რომ მეორე დღესაც არ დალოდებიან. ქუმარიტაშვილი რა თქმა უნდა, ვერ უპასუხებდა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, რადგან ის ცოცხალი აღარ იყო.

როგორ ფიქრობთ, რა მოხდებოდა თუკი ყველა ოლიმპიელი, როგორც ერთი ისე შეიკვრებოდა და მტკიცედ და ღირსეულად წინ აღუდგებოდა ჩინოვნიკების ამ უზარმაზარ გულგრილობას?

მე მჯერა, რომ ოლიმპიური თამაშების აღმასრულებლები ოთხ საათში უკან დაიხევდნენ. მე მჯერა, რომ ოლიმპიელებისგან ასეთი ბოიკოტის და თამაშების ტრანსლაციის შეწყვეტის პერსპექტივით შეშფოთებულები, ისინი ბოდიშს მოიხდიდნენ. ეს ოლიმპიადის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი იქნებოდა: სპორტსმენები, რომლებიც ბიუროკრატებს შეახსენებდნენ, თუ ვინ არის ამ თამაშებში მთავარი.

თუმცა, ასეთი მომენტი პრაქტიკაში ვერ განხორციელდებოდა,  განცხადება ისე სწრაფად გამოქვეყნდა და თამაშებიც ამის შემდეგ იმდენად სწრაფად დაიწყო, რომ სპორტსმენებს თავიანთი პროტესტის გამოხატვაც რომ სდომოდათ, ამისთვის  დროც არ ეყოფოდათ და ფაქტიურად შეუძლებელია ათასობით ადამიანის დათანხმება, განსაკუთრებით თუკი ეს ათასობით ადამიანი ახალგაზრდა სპორტსმენია, რომლებმაც იციან, რომ მაინც არსებობს იქ ვიღაც, ვისაც ოქროს მედლის მიღება სურს და ამისთვის მაინც იბრძოლებს, ეს სხვებმა რომც არ გააკეთონ.

მაგრამ კიდევ ერთხელ მოუსმინეთ, ოფიციალურ განცხადებას ქუმარიტაშვილის დაღუპვაზე, იურიდიული ენა ყველა წინადადებაში იგრძნობა:

”როგორც სჩანს მორიგი დაშვების დროს, სპორტსმენი მე-15 მოსახვევს გვიან მიუახლოვდა და საკმარისი კომპენსაცია ვერ მოახდინა იმისთვის, რომ სწორედ შესულიყო მე-16 მოსახვევში. ამას მე-16 მოსახვევში მისი დაგვიანებით შესვლა მოჰყვა და მიუხედავად იმისა, რომ სპორტსმენი შეეცადა პრობლემის გამოსწორებას მან საბოლოო ჯამში ციგაზე კონტროლი დაკარგა, რაც ტრაგიკული ინციდენტით დასრულდა. (ამ საციგაო ტრასის) ტექნიკურმა ზედამხედველებმა ყურადღებით შეისწავლეს სპორტსმენის მიერ განვლილი გზა და დაასკვნეს, რომ არ არსებობს იმაზე ფიქრის არანაირი საფუძველი, რომ ინციდენტი ტრასის გაუმართაობას მოჰყვა”.

მართლა? მათ ეს ასეთი დარწმუნებით ასე სწრაფად დაასკვნეს?  მაშინ, თუკი სჯეროდათ რომ ტრასა უსაფრთხო იყო, რატომ ააგეს ასე სწრაფად უფრო მაღალი ჯებირი? რატომ გაანახლეს ყინულის საფარი? რატომ ამონტაჟებდნენ ლითონის ბოძებს დაგვიანებით? განსაკუთრებული ცინიზმი არ გჭირდებათ იმისთვის, რომ მიხვდეთ – ისინი ცდილობდნენ ოლიმპიური თამაშები სასამართლო დავისგან დაეცვათ და ამ პროცესში,  შეგნებულად, წინასწარი განზრახვით თავს ესხმოდნენ ახალგაზრდა კაცს, რომელზეც იცოდნენ, რომ საკუთარი თავის დაცვას ვეღარასდროს შესძლებდა.

საქართველოში მისი ოჯახი ჯერ კიდევ შოკშია. მათ თავს დატრიალებული უბედურების გამო ისინი ვერ შესძლებდნენ იმ მაქინაციების ბოლომდე გაცნობიერებას, რასაც ადგილი ჰქონდა, როდესაც ოლიმპიადის ჩინოვნიკებმა მსოფლიოს განუცხადეს, რომ მათი შვილის დაღუპვა მისივე ბრალი იყო, ხოლო იმ დროისთვის როდესაც ისინი ოლიმპიადის ხელმძღვანელების განცხადებას გააცნობიერებდნენ, თამაშები  პიკში იქნებოდა, მსოფლიოს სატელევიზიო ეთერები კი ფერებითა და ქმედებებით აჭრელებული.

შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ნოდარ ქუმარიტაშვილმა იმ დღეს გარკვეული შეცდომა მართლაც დაუშვა, მაგრამ არც ერთი სპორტსმენი იმისთვის რომ იდეალური არ არის, სიკვდილით დასჯას არ იმსახურებს  და არც ერთი სპორტული ორგანიზაცია, ვიდრე სპორტსმენს არ დაკრძალავენ, არ უნდა აცხადებდეს რომ მთელი პასუხისმგებლობა მის დაღუპვაზე მხოლოდ მას ეკისრება.

ოლიმპიური მომენტი, რომელიც არასდროს არ დამდგარა -  სპორტსმენები, რომლებიც შესძლებდნენ თქმას: არანაირი თამაშები, ვიდრე ბოდიშს არ მოიხდით თქვენი განცხადებისთვის, არაადამიანურობისთვის, არამხოლოდ ერთ-ერთი ჩვენგანის, არამედ ყველა ჩვენთაგანის შეურაცხყოფისთვის – მსოფლიოს შეძრავდა. ამით, ოლიმპიური თამაშები მის რეალურ შინაარს წარმოაჩენდა: პლანეტის საუკეთესო სპორტსმენებს, გაერთიანებულებს ყველაზე მაღალი იდეალების წარმოსადგენად.

თამაშები გაგრძელდებოდა, ორგანიზატორებს კი სხვა გზა არ დარჩებოდათ, თუ არა ბოდიშის მოხდა გლობალური აუდიტორიისთვის. ოლიმპიური სული ასე მკაფიოდ ვერასდროს გაბრწყინდებოდა.

რედაქტორის შენიშვნა: CNN-ის ჟურნალისტი ბობ გრინი საუკეთესო ავტორია, რომლის ახალი წიგნია “Late Edition: A Love Story”.

ორიგინალი

წყარო>>>  foreignpress.ge



0 comment(s) to... “ოლიმპიურმა სულმა გამოცდას ვერ გაუძლო”