ავტორი იური ვაჩნაძე
ჯორჯ ორუელის წინასწარმეტყველება იმის თაობაზე, რომ თანამედროვე ენებში უცნაური ახალი სიტყვები შემოვა, ქართული ენისთვის ნამდვილ ტრაგედიად იქცა. მართლაც, რად ღირს, თუნდაც, სიტყვები ”წაუსნიკერსე”, ”დაუმესიჯე” და ა.შ.! ამავდროულად, ერთმა უცხოურმა ტერმინმა ხელოვნების სფეროდან სრულიად მოულოდნელად პოლიტიკაში გადაინაცვლა, იქ შეიძინა ახალი ფუნქცია და გარკვეული პაროლის ან, თუ გნებავთ, ფსევდონიმის სახით დამკვიდრდა. მხედველობაში მაქვს ელეგანტური სიტყვა ”პერფორმანსი”. ქართულად ის უბრალოდ ”წარმოდგენას” ნიშნავს. არადა, ბოლო ხანებში ამა თუ იმ პოლიტიკური მიმდინარეობის აპოლოგეტები მას სიტყვა ”პიარის” ნაცვლად იყენებენ.
უნდა ითქვას, რომ ჩვენ, უფროსი თაობის წარმომადგენლებს, თავის დროზე უამრავი მსგავსი ”პერფორანსი” გვინახავს: ბუნებაში არარსებული ”ზიმნის” შტურმი, რომელიც კინოში შესანიშნავად დადგა ეიზენშტეინმა, მიხეილ ჭიაურელის მიერ გამოგონილი სტალინის ჩასვლა დამარცხებულ ბერლინში, ფერწერული ”შედევრები” ”ხოდოკები ლენინთან”, ”სტალინი და მამლაკატი” - სია უზარმაზარია, ჟანრები კი მრავალფეროვანი: კინო, ლიტერატურა, ფერწერა და, რა თქმა უნდა, პლაკატი.
ქვეყნის იმდროინდელმა ხელმძღვანელებმა საბჭოთა იმპერიის ხელოვნება სოციალისტურ რეალიზმად მონათლეს. სინამდვილეში მასში სოციალიზმის და, მით უფრო, რეალიზმის ნატამალიც არ იყო. აქვე უნდა დავუმატო, რომ კომუნისტურ ბელადებს მტკიცედ სჯეროდათ, რომ დრო მწყობრად, ხუთწლედიდან ხუთწლედამდე, იცვლება. ამიტომაც ხელოვნების ყველა ზემოთჩამოთვლილი ჟანრი, როგორც წესი, არა აწმყოს, არამედ წარსულს ასახავდა.
ჩვენს სატელევიზიო ეპოქაში პოსტკომუნისტური სახელმწიფოების ლიდერები უპირატესობას მყისიერ, სინქრონულ ქმედებას ანიჭებენ - შესაძლოა, მათი მრჩევლები ითვალისწინებენ მამარდაშვილი-პიატიგორსკის ცნობილ პოსტულატს დროის დისკრეტულობის შესახებ. შესაბამისად, მმართველი წრეების მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებიც დაუზარებლად უთმობს თავის ეკრანს რეპეტიციაგავლილ ”ურთიერთობას ხალხთან”, ხოლო დაქირავებული პრესა აქვეყნებს წინდაწინ დეტალებში შეთანხმებულ ინტერვიუებს. სუსტი რეჟისურით გამოირჩევა სცენები, სადაც რომელიმე მაღალი რანგის ხელმძვანელი საკუთარ კაბინეტში პირისპირ აკრიტიკებს თავის ხელქვეითს. მსგავსი დადგმების შემყურე უბრალო ადამიანები იხსენებენ სტანისლავსკის სიტყვებს: ”არ მჯერა!” მართლაც, როგორ დაიჯერებ, ვთქვათ, მედვედევისა და პუტინის ”გულწრფელ ურთიერთობას ხალხთან” ჩუკოტკიდან კალინინგრადამდე მრავალსაათიანი პრეს-კონფერეციის დროს, სადაც ყველა კითხვა და პასუხი აშკარად წინასწარ შეთანხმებულია.
საქართველოში სულ ახლახან ადგილი ჰქონდა კაზუსს, როდესაც წამყვანმა ტელევიზიებმა ფართოდ გააშუქეს გურიის ერთ-ერთ სოფელში პრეზიდენტის ვიზიტის დეტალები>>>
გაგრძელება იხილეთ აქ>>> www.tavisupleba.org/