ავტორი – mrsmarch
ყველაფერი არც ზედმეტად რთულად და არც ზედმეტად მარტივადაა იქ, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, სადაც შეუძლებელია ქუჩაში ნებისმიერ გამვლელთან თუნდაც ერთი საერთო ნაცნობი არ აღმოაჩინო და სადაც ძალიან, ძალიან უყვართ ჭორაობა.
სწორედ ასეთი ქალაქია თბილისი. ქალაქი, სადაც ადამიანები ერთმანეთს იცნობენ, სადაც ძნელია დამალო რეალური სახე, სადაც სულ ადვილად შეიძლება მოგაკერონ არასასურველი იარლიყი, ქალაქი რომელშიც დავიბადე და გავიზარდე…
უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, რომ ეს ქალაქი ერთდროულად მიყვარდეს და მძულდეს. სიყვარულის მიზეზი თავისთავად ცხადია, როცა თითქმის ოც წელიწადს ატარებ ერთსა და იმავე ადგილას, სადაც გყავს მეგობრები, ახლობლები, საყვარელი ადამიანები. შეუძლებელია არ გიყვარდეს ადგილი, რომელსაც საკუთარი ხუთი თითივით იცნობ და უამრავი მოგონება გაკავშირებს. მძულს იმიტომ, რომ ზედმეტად ცნობისმოყვარე, ერთმანეთის აზრს აყოლილი, თვალთმაქცი, ჭორიკანა და ფარისეველი ადამიანი ცხოვრობს.
რა თქმა უნდა, ასეთები ყველგან არიან, მაგრამ ეს თბილისია! პატარა ქალაქი, სადაც პატარა “უწყინარი” ჭორიც მეხის გავარდნასავითაა და მასაც დიდი აურზაურის მოტანა შეუძლია. ამიტომაც თბილისს “ახალი ამბები” და “მხიარული ისტორიები” არასოდეს აკლია.
ამ პატარა და საყვარელი ქალაქის მაცხოვრებლები ველური ცხოველებივით არიან ჩასაფრებული ერთმანეთის პირად ცხოვრებას და ვაი იმ საცოდავის ბრალი ვისზეც რამე საინტერესო ინფორმაციას მოიპოვებენ. იწყება გაუთავებელი ჭორაობა, გაოცებისა და აღშფოთების გამომხატველი სიტყვების რახა-რუხი. სულ რამდენიმე დღე და მთელი თბილისი “შეძრულია ამ საშინელი ახალი ამბით” (“წარმოგიდგენია? ესენი საყვარლები ყოფილან”, ან “იმას იმის გამო ცოლ-შვილი მიუტოვებია”, “ის ქალიშვილი არაა” და ა.შ) ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში ისაა, რომ ხშირად, თავად ჭორის გამავრცელებლები უფრო საშინელი, ბევრად უფრო გარყვნილი წარსულის მქონე ადამიანები არიან-ხოლმე…
ყველაზე დიდი ხმაური და პოპულარობა სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ჭორებზე გვხვდება. ძალიან იზიდავთ სხვისი გარყვნილების თუ წესიერების შეფასება და განხილვა. გადავწყვიტე რამდენიმე ფორუმიდან საინტერესო აზრები გადმომეკოპირებინა და შემდეგ მათზე ჩემი კომენტარებიც დამერთო. თავიდან ვიფიქრე იქნებ მერე ამ პოსტების ავტორებს ეწყინოთ რატომ დააკოპირა ჩემი პოსტი და გამოაქვეყნაო, მაგრამ მერე დავფიქრდი და თუ ადამიანი ფორუმზე წერს ესეიგი მისი საჯაროდ გამოთქმის არ ერიდება, შესაბამისად არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს მათ აქ გადმოტანაში. ვინმემ საავტორო უფლების დარღვევაში რომ არ ჩამითვალოს უბრალოდ ბრჭყალებით დავკმაყოფილდები….
http://mrsmarch.wordpress.com/