ავტორი – მამუკა ღლონტი
პროლოგი
ეს ამბავი ერთმა ადამიანმა მიამბო. თუმცა, როცა პირველად შევხვდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჰომო- საპიენსს ვესაუბრებოდი, ვინაიდან მას პირი, ფეხები, თმები და ფრჩხილები არ ჰქონდა... მისი აზრები პირდაპირ ტვინში მომდიოდა, ამიტომ თავიდან ძალიან შევშინდი.
ამ ადამიანს არ ვიცნობდი. არც არასდროს შევხვედრილვარ. ის თვითონ მოვიდა ჩემთან, უფრო სწორად, მოფრინდა და მთხოვა, მისი მონაყოლი ყველასთვის მეამბნა _ ვისთანაც ხმა მიმიწვდებოდა. თავიდან გავბრაზდი, ასე თავხედურად რომ შემოიჭრა ჩემს საცხოვრებელში და უარი ვუთხარი. მას შემდეგ კი, რაც ამიხსნა, რომ სიზმარში მსტუმრობდა, დავთანხმდი. მაინც მეძინა და რა მენაღვლებოდა...
რამდენიმე ღამე ყურადღებით ვუსმენდი და ახლა დანაპირებს ვუსრულებ. გადავწყვიტე, დამეწერა მისი ნაამბობი, რადგან ცალკე ერთ ადამიანს რომ მოვუყვე, დიდ დროს დავკარგავ. ასე კი, იმედია, ბევრი წაიკითხავს. ვწერ ზუსტად ისე, როგორც იმ ადამიანმა მიამბო. სტილი დაცულია.
P.S სხავთა შორის, ის ახლაც ჩემს საძინებელშია.
ადამიანის ნაამბობი
მე, დაახლოებით, ორმოცი მილიონი წლის წინ დავიბადე და სხვა პლანეტაზე ვცხოვრობ. ოღონდ, ზუსტად ისეთივე ადამიანი ვარ, როგორც შენ. აქვე გეტყვი, რომ თქვენ დედამიწელები, ჩვენ დაგასახლეთ აქ, ამ პლანეტაზე. გვაინტერესებდა, როგორ განვითარდებოდით. საინტერესო არაფერი აღმოჩნდა. თქვენ ზუსტად იმ გზას გადიხართ, რაც ჩვენ გავიარეთ მილიარდობით წლის წინ. სალაპარაკო ენებიც იდენტურია. ჩემს პლანეტასაც დედამიწა ჰქვია. აქაც დაემთხვა ჩვენი აზრები. ეგ კი არა, ადამიანების სახელებიც და გვარებიც ერთნაირი გვაქვს. უბრალოდ, ჩვენ რამდენიმე მილიარდი წლით წინ ვართ და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ერთნაირად ვვითარდებით, ალბათ, საინტერესო იქნება შენთვის, გაიგო, რა გელით წინ.
მოკლედ, ორმოცი მილიონი წლის წინ, ზუსტად მაშინ, როცა მე გავჩნდი, ჩემს დედამიწაზე სამეცნიერო პროგრესი მძვინვარებდა. თუ ჩემი დაბადებისას მეცნიერებაში ახალი გარღვევა წელიწადში ერთხელ ხდებოდა, უკვე ყმაწვილკაცობის დროს, სასწაულებრივი აღმოჩენების შესახებ ყოველ ათ წუთში აცხადებდნენ. კიდევ ათი წლის შემდეგ მეცნიერები უკვე ნამდვილ სასწაულებს ახდენდნენ. ჩემი მშობლები ფიზიკოსები იყვნენ. მე იმიტომ გავჩნდი და არა დავიბადე, რომ ამ დარგში სპეციალისტი იყო საჭირო. ამიტომ აიღეს ორი დიდი მეცნიერის DNM და... მეც გავჩნდი.
დედა და მამა ერთხელ ვნახე ფოტოზე, რვა წუთის რომ ვიყავი. ჩემს დაბადებამდე რამდენიმე საუკუნით ადრე მეცნიერთა უმრავლესობას ღმერთის არ სწამდა. თავიდან ისინი მალავდნენ საკუთარ ათეისტურ შეხედულებებს, შემდეგ კი აშკარად დაიწყეს უზენაესი ძალის არსებობის უარყოფა.
ერთ-ერთი ასეთი მეცნიერთაგანი დარვინი იყო. არ გაგიკვირდეს, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი დაემთხვა. მან დაადგინა, რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა და შემდეგ ყველაფერი ევოლუციას დააბრალა. ევოლუცია კი უწყვეტი პროცესია. შესაბამისად, განვითარებას ვერაფერი შეაჩერებს.
მე თორმეტი წლის ასაკში უკვე პროფესორი ვიყავი. ალბათ, გაგიკვირდა, მაგრამ მაშინ პროფესორი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი წოდება იყო. თუმცა სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ უკვე მაშინ აღარ არსებობდა არც ერთი პროფესია, გარდა მეცნიერებისა. აღარ იყვნენ მუშები, ექიმები, მშენებლები, მძღოლები და ა. შ. მათ ფუნქციებს, დიდი ხანია, რობოტები ასრულებდნენ. ადამიანები კი მხოლოდ მეცნიერებით იყვნენ დაკავებულნი. ღმერთს, ან, თუ გსურს, უზენაეს ძალას, აღარავინ ახსენებდა. ის მოდაში აღარ იყო. ჰმ, რას იფიქრებდა ღმერთი, რომ მოდიდან გადავიდოდა...
მთავარი ადამიანი დარვინი გახდა. მან ხომ პირველმა ისაუბრა ევოლუციაზე. მე მას ერთხელ ვკითხე:- თუ ღმერთი, ან უზენაესი ძალა, არ არსებობს, მაშინ ვინ ან რამ შექმნა ის პირველი, რამაც ევოლუცია დაიწყო-მეთქი? _ მე ვარ ის პირველიო,- მიპასუხა მან დამცინავად.
ყოველდღე განსწავლული ადამიანები სასწაულებს ახდენდნენ. შენ ახლა გაოცდები, მაგრამ მაშინ, როდესაც მე თორმეტი წლის გავხდი, სხვა პლანეტებზე ფრენა ჩვეულებრივი ამბავი იყო. პლანეტებით იმიტომ დავიწყე, რომ უცებ გული არ გაგისკდეს, ჩვენ უკვე სხვა გალაქტიკებშიც ვმოგზაურობდით, ჩვენი სამყაროს ბოლოც ვნახეთ და სხვა სამყაროებიც მოვინახულეთ. მახსოვს, რამდენი ვიცინე, როდესაც პირველად გავიგე, რომ ჩემი წინაპრები ყოველ დღე კბილებს იხეხავდნენ. იმ დროს 26 დღის ვიყავი. ჩვენ უკვე კბილები აღარ გვქონდა, რადგან საკვებს პირის ღრუდან აღარ ვიღებდით. მზის ენერგიით ვიკვებებოდით. არც ფრჩხილები გვქონდა და აღარც ფეხები, ვინაიდან ფრენა ვისწავლეთ. ევოლუციას თავისი წესები აქვს, რაც არ გჭირდება, ის ქრება.
იმ დროისთვის, როცა მე 47 წლის ვიყავი, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ 75 მილიონ წელს მიაღწია. მე მთელი ცხოვრება წინ მქონდა.
იმ პერიოდში ძალიან საინტერესო თემაზე ვმუშაობდი. კერძოდ კი, მინუს-სამყაროებში სიცოცხლის კვალს ვეძებდი. ვეცდები აგიხსნა, თუ რა არის მინუს-სამყარო. შენს დროში, ყველაზე პატარა ნაწილაკი ნეიტრინოა, ჩემს დროში კი ამ ნაწილაკის შიგნით იმდენი უფრო მცირე ზომის ნაწილაკი აღმოვაჩინეთ, რამდენი ქვიშის მარცვალიცაა დედამიწაზე, იმდენივე ხარისხში რომ აიყვანო. თქვენ ეს წინ გელით. შეგატყვე, ბევრი ვერაფერი გაიგე... კარგი, დავანებოთ ამას თავი. თუმცა, ერთს მაინც გეტყვი. უსასრულობას ერთი მიმართულება არა აქვს. დამისახელე მაქსიმალური რიცხვი, რამდენზეც შეიძლება გაყო ერთი! ალბათ, მიხვდი, რომ ასეთი დადგენილი მაქსიმალური რიცხვი არ არსებობს და თუ გამრავლებისას იღებ უსასრულოდ დიდ რიცხვებს, გაყოფის დროსაც, შესაბამისად, იღებ უსასრულოდ პატარა რიცხვებს... გატყობ, მაინც ვერაფერი გაიგე. მოკლედ, ზომას მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ ეს უკვე მაშინ კარგად გვესმოდა.
ჰოდა, სწორედ მაშინ, როდესაც მე მინუს-გალაქტიკებში და სამყაროებში სიცოცხლის ახალ ფორმებს ვეძებდი, მოხდა ის, რასაც ყველა ველოდით _ დარვინმა უკვდავება აღმოაჩინა...
ამიერიდან აღარავინ მოკვდებოდა. ადამიანმა საბოლოოდ დატოვა სხეული და აირის ფორმით განაგრძო არსებობა. მე ეს ამბავი აღმოჩენიდან წამის მემილიარდედში გავიგე.
დამავიწყდა მეთქვა, რომ ყველა ადამიანის გონება ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ეს სისტემა დაახლოებით ისე მუშაობდა, როგორც თქვენს დროში ინტერნეტი, ოღონდ, ბევრად უფრო სწრაფად. წარმოიდგინე, ტელეფონით როგორ ესაუბრები მეგობარს. ახლა წარმოიდგინე, რომ ტელეფონი პირდაპირ ტვინში გაქვს, ოღონდ ინფორმაციის გადაცემისას კი არ საუბრობ, არამედ ფიქრობ. გაიფიქრებ, ვინც გსურს, იწყებ გონებაში საუბარს და მას ყველაფერი ესმის იქ, სადაც იმყოფება...
მოკლედ, მთელმა კაცობრიობამ შეიტყო, რომ უკვდავება რეალური გახდა. სამი საათის და ოცდაოთხი წამის შემდეგ კი ადამიანთა უმრავლესობა უკვე უკვდავი იყო. გაგიკვირდება, მაგრამ აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც არ ისურვეს უკვდავ ფორმაში გადასვლა, მათ პროტესტი გამოთქვეს. მეც მათ რიგებში აღმოვჩნდი, ოღონდ, შეგნებულად, და არა- შემთხვევით. უკვდავების აბი, რომელიც უნდა დამელია, დავკარგე. ჰო, არ დაიჯერებ, მაგრამ, უბრალოდ, სადღაც დავდე და ვეღარ ვიპოვე. უკვდავებმა კი გადაწყვიტეს, რომ განთავისუფლებულიყვნენ ერთხელ და სამუდამოდ მათგან, ვისაც სიკვდილი სურდა. ასეც მოიქცნენ. ყველა ერთ მოშორებულ პლანეტაზე დაასახლეს, სადაც მათი შთამომავლები ახლაც აგრძელებენ ცხოვრებას. Aარც ერთი მოკვდავი არ უარყოფდა, რომ სიკვდილი სურდა. ისინი არ იმალებოდნენ, პირიქით ზოგიერთმა პროტესტის ნიშნად თვითონაც კი მოიკლა თავი. მე შემეშინდა მეთქვა, რომ უკვდავების აბი დავკარგე. სიტყვას `აბი~ სპეციალურად ვხმარობ, რომ შენ ადვილად მიხვდე ჩემს აზრს, თორემ, სინამდვილეში, აბი იყო აზრების გარკვეული წყობა, რომლის გონებაში დალაგების შედეგად აირის პატარა გამჭირვალე ღრუბლად გადაიქცეოდი. ვიფიქრე, ცოტა ჩაწყნარდეს და მერე გავამჟღავნებ ჩემს საიდუმლოს. თან მაინტერესებდა, რა მოხდებოდა შემდეგ.
მოკლედ, აბი არ დამილევია და დავიწყე უკვდავთა გარემოცვაში ცხოვრება. მაგრამ მალევე გამოაშკარავდა ჩემი ეშმაკობა და იძულებული გავხდი, მეც უკვდავებში გადამენაცვლა. უკვდავების პირველი გრძნობა ენით აუწერელია, ამიტომაც არ აღვწერ.
თავიდან, ათი წლის განმავლობაში, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა. მე ვმუშაობდი და დიდი წარმატებებიც მქონდა. პირველად მაშინ შევშფოთდი, როცა ჩემს ორმოცდამეჩვიდმეტე დაბადების დღეზე ერთადერთი და სუკეთესო მეგობარი არ მოვიდა (ის ორი მილიონი წლის შემდეგ გამომეცხადა და ბოდიში მომიხადა დაგვიანებისთვის), მაშინ მივხვდი, რომ დრომ მნიშვნელობა დაკარგა. ჩვენ უკვდავნი ვიყავით, ამიტომაც აღარსად გვეჩქარებოდა. ერთხელ სამსახურში ასოცი წლით დამაგვიანდა და უფროსმა უმუშევარი დამტოვა. ოთხასოცი წელი ვეძებდი ახალ სამსახურს. ძალიან ვნერვიულობდი, შემდეგ კი გავიფიქრე- რად მინდა სამსახური, რისთვის? მე ხომ უკვდავი ვარ. არ მშია, არ მცივა, სახლიც კი აღარ მჭირდება... თუმცა, ფული თუ არ მექნება, ტელეფონის გადასახადი რითი გადავიხადო?..
მალე ეს პრობლემაც ფეხებზე დავიკიდე. რა საჭიროა ინფორმაცია, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა არა აქვს.
ახლა ისევ უკან დავბრუნდეთ, სანამ უკვდავნი გავხდებოდით. მინდა გითხრა, რომ ჩვენს დედამიწაზე ჩვეულებრივად ბავშვის ჩასახვის უფლება მხოლოდ ძალიან გამოჩენილ ადამიანებს ჰქონდათ. დარვინი სწორედ ასეთი გახლდათ, ამიტომ მისი შვილი ბუნებრივი სქესობრივი აქტის ნაყოფია. ბავშვის დაბადებიდან ორი თვის შემდეგ კი დიდი ტრაგედია დატრიალდა. დარვინის მეუღლე დაიღუპა. მას სწორედ მაშინ, როდესაც ბავშვს ასეირნებდა, მეტეორი დაეცა თავზე. ამ შემთხვევამ ყველა შეძრა. ალბათ,Bსწორედ ამ მომენტიდან დაიწყო დარვინმა უკვდავებაზე ფიქრი. შემდგომში დარვინმა საკუთარი ცოლის კლონიც შექმნა, მაგრამ მასთან სექსუალური სიამოვნების მეტი ვერაფერი განიცადა და საცოდავი კლონი გაანადგურა, ჩუმად მოწამლა.
დარვინის ცხოვრებისეულ ინტერესს მხოლოდ მეცნიერებაზე და შვილზე ზრუნვა წარმოადგენდა. ის მთელ დროს მხოლოდ მისთვის საყვარელ საქმეს და ადამიანს უთმობდა. შვილზე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა, ცივ ნიავს არ აკარებდა. უმაღლესი კატეგორიის განათლება მისცა. ის მასზე ზრუნვას უკვდავების შემდეგაც აგრძელებდა, მანამდე, სანამ ჩვენს პლანეტაზე ვირუსი არ გავრცელდა.
ალბათ, ფიქრობ, უკვდავებს რა ვირუსი უნდა შეყროდათ, ან, კიდევაც რომ დაავადებულიყვნენ, რისი შიში უნდა ჰქონოდათ. რა შეიძლება დაემუქროს უკვდავს? პირველი სიმპტომები თავად დარვინს გამოუვლინდა. მან, როგორც ყოველთვის, ასორმოცდაათიათას წელიწადში ერთხელ, შვილი მოიკითხა. მასთან ტელეფონით საუბრის დროს კი საშინელმა აზრმა გაუელვა თავში. ის მიხვდა, რომ შვილზე ზრუნვას აზრი აღარ ჰქონდა, მისი ძე ხომ უკვდავი იყო. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდა, დარვინის მზრუნველობა, რჩევები და დარიგებები უსარგებლო გახდა. ევოლუციის კანონებით კი ყველაფერი, რაც არ გჭირდება, ქრება. M
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, დარვინმა და, შემდგომში, ჩვენც, სიყვარულის გრძნობა დავკარგეთ. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ დამიჯერე, უკვდავებს სიყვარული არ სჭირდებათ. აზრი არა აქვს სიყვარულს, რა საჭიროა?! არავინ კვდება. არავის არსად ეჩქარება. დრო თავზე საყრელია, იმდენია, რომ სად წაიღო, არ იცი.H
ჰო, მართლა, დროზე გამახსენდა. ერთხელ 6 მილიონი წელი მეძინა, განა იმიტომ, რომ დაღლილი ვიყავი. არა, უბრალოდ, ვიფიქრე, დროს გავიყვან მეთქი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ იმას, რაც არ მთავრდება, ვერ გაიყვან. მას შემგდეგ, აგერ, უკვე 78 მილიონი წელია, თვალი არ მომიხუჭავს.
სიყვარულის გრძნობის გაქრობის შემდეგ დავკარგეთ გადაადგილების სურვილი. ეს მე თვითონ დღემდე წარმოუდგენლად მეჩვენება. რა შუაშია სიყვარული და გადადგილების სურვილი? დამიჯერე, თურმე პირდაპირ კავშირშია. აღმოჩნდა, რომ, თუ არ გიყვარს, ერთი მეტრითაც არ გადაადგილდები. Aრადა, მანამდე რას ვმოგზაურობდი! მე ხომ აირის ღრუბელი ვარ და იქ დავფრინავდი, სადაც მინდოდა. უამრავი გალაქტიკა და სამყარო ვნახე. მაგრამ შემდეგ ამ ვირუსის გამო მოგზაურობის სურვილი მთლიანად დავკარგე.
ვირუსი კი განუწყვეტლად იცვლიდა სახეს და გადაადგილების სურვილის დაკარგვის შემდეგ ჩვენ მისალმების სურვილი დავკარგეთ, ანუ ერთმანეთს აღარ ვესალმებოდით. ისე, მართალი გითხრა, არც მანამდე ვიკლავდით თავს ერთმანეთთან ურთიერთობით. მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო.
დარვინი ჭკვიანი კაცია და მიხვდა, რომ უნდა ებრძოლა ვირუსთან. მან განგაში ატეხა, მაგრამ უშედეგოდ. მას არავინ არაფრად აგდებდა, ვინაიდან ის რამდენიმე ასეული წელი არავის ესალმებოდა. ბოლოს კი ვირუსმა საბოლოოდ მოგვიღო ბოლო...
ჩვენ ინტერესი დავკარგეთ. ჰო, ინტერესი. ყოველგვარი ინტერესი ყველაფრის მიმართ...…მე ინტერესი საბოლოოდ ჯერ არ დამიკარგავს. ალბათ, იმიტომ, რომ ყველაზე ბოლოს შევიქენი უკვდავად, მაგრამ ვგრძნობ, როგორ მძლევს დაავადება. მეც მალე დავკარგავ ყოველგვარ ინტერესს და, ჩემი თანამოქალაქეების მსგავსად, უმოძრაოდ დავეკიდები ცაზე. მანამდე კი ცოტა დრო მაქვს და ამიტომაც გიყვები ამ ისტორიას. ჩემი დედამიწის ყველა ადამიანი დღემდე უმოძრაოდ ჰკიდია. ისინი აბსოლუტურად არაფერს აკეთებენ. მეც ასე ვიყავი დაკიდებული, მაგრამ ვინაიდან ინტერესი ჯერ კიდევ მქონდა, ვცდილობდი, რაიმე მეკეთებინა. ამიტომაც დავიწყე დაკვირვება ჩემს დედამიწაზე მცხოვრებ სხვადასხვა მწერებზე, ცხოველებზე, ქვეწარმავლებზე, თევზებსა თუ ცხოველებზე და გავოცდი, როცა მივხვდი, რომ ისინი ევოლუცირებდნენ. ნუთუ დარვინი მართალი იყო?
ეპილოგი
აქ ჩემი სტუმარი გაშეშდა. მე მივხვდი, რომ მან ინტერესი დაკარგა და, თავისი თანამოძმეების მსგავსად, უმოძრაოდ დაეკიდა ჩემს საძინებელში. ვერაფრით ვერ გამოვიყვანე ამ მდგომარეობიდან...
შემდეგ კი საათზე დავიხედე. სამსახურში ათი წუთით ვაგვიანებდი.
მამუკა ღლონტი.