ავტორი: Mchxapneli
“ის რაც სიყვარული გვგონია, ხშირად თანდაყოლილი სიზარმაცეა, რომელიც გვაიძულებს მუდამ გატკეპნილი, ნაჩვევი გზით ვიაროთ, მუდამ იოლი, ნაჩვევი საქმე ვაკეთოთ, მუდამ შაბლონური, ნაჩვევი ფრაზებით ვიაზროვნოთ, ხოლო იმისთვის, რომ მოსალოდნელი თვითმხილება და აქედან გამომდინარე, სინდისის ქენჯნა ავირიდოთ, სიზარმაცეს სიყვარულის ყდაში ვსვამთ” – ჯემალ ქარჩხაძე
ორი კურდღლის მადევრის ბედი რომ არ გავიზიაროთ, სჯობს “იოლი, ნაჩვევი საქმე” “მუდამ გატკეპნილი გზით” სხვა დროისკენ გავუშვათ და ამჯერად, ჩვენი ყურადღება შაბლონურ ფრაზებზე შევაჩეროთ:
“ვაი-ი, რა ხარ, რა ხარ… ვინც არ გიცნო-ობს…” – ფრაზა, რომლითაც ეჭვქვეშ აყენებენ სხვათა უნარებს თქვენი სათნოების, სისაყვარლისა და სისპეტაკის ობიექტურად შეფასებაში;
”უბედური/ბედნიერი ვის ოჯახშიც ეგ შევა” - ფრაზა, რომლიც ხშირად გამოიყენება პოტენციური საპატარძლოების შესაფასებლად და მასზე მომადლებულ თვისებათა კასკადს ერთ წინადადებაში აჯამებს.
რა პატარაა ეს თბილისი/საქართველო/სამყარო” – ფრაზა, რომელსაც იყენებენ მაშინ, როდესაც აღმოაჩენენ, რომ მათი მეგობრის მამიდა ახალგაცნობილი პიროვნების ძმისცოლია (ან მსგავსი);
“ყველამ ყველაფერი იცის” – ამ ფრაზის ფესვებიც სავარაუდოდ თბილისის მცირე ზომებით გამოხატულ განცვიფრებაში უნდა ვეძებოთ. თუმცა, მიუხედავად ასეთი დამარწმუნებელი ტონისა - ”ვინ რა იცის” ეს უკვე აღარა-ვინ იცის
“ორ წუთში/ხუთ წუთში” – ფრაზები, რომლებიც ძირითადად მაშინ გამოიყენება, როდესაც რაიმეს გაკეთებას გთხოვენ და შენ ამ თხოვნის შესრულების ვადებს აწესებ; ის ასევე გავრცელებული პასუხია შეკითხვებზე: “მალე მოხვალ?”, “რამდენ ხანში დაგირეკო?”, “მალე მოიცლი?” და სხვა.
“(ბოდიში) რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა” - ხუმრობა, რომლის კონსტრუქციაშიც ჯდება ყველაფერი, რისი უარყოფითი კუთხით ჩვენებასაც განვიზრახავთ;
“ნინიას ბაღი” - ფრაზა, სადაც ვინმე ნინიას უნიათობა მოჰყავთ არგუმენტად იმისა, რომ რაიმე მოვლენა თავისი ძალებით ხსენებულ ნინიას ბევრად აღემატება. მაგალითად: “გინდა რა, ნინიას ბაღია?”
“ჩინური” – ტენდენცია, რომ ყველაფერი გაუგებარის ილუსტრირებისათვის და ყოველგვარი ცუდის დასახასიათებლად გამოიყენო სიტყვა ”ჩინური” და აბრუნო ის საკუთარი ფანტაზიის მიხედვით. “ეს პროგრამა ჩემთვის ჩინურია”, “ჩინურ ლექსებს უფრო ადვილად გავიგებ, ვიდრე ამას”, “რა ჩინური გადაცემაა” და ა.შ.
”სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს” - ფრაზა, რომელიც გარანტირებულად შეგვხვდება ყველაფრის კომენტარებში, რაც ტრაგი-კომიკური სახისაა; ასე მაგალითად: “სურათი ქართველი დეპუტატისა, რომელიც სასოწარკვეთილად მთვრალია და ღიპამოჩაჩული ცეკვავს”, ან, “პრეზიდენტი, რომელსაც მწვანე შარვალი აცვია და სერიოზული სახით რაღაცას განიხლავს”