პასკალ კინიარი – ყოველი დილა ქვეყანაზე
Posted 7:00 PM by Nina in თემები არილი, ლიტერატურა, საფრანგეთიავტორი: არილი
მალხაზ ხარბედია
სასმელი მათთვის, ვინც უენოდ დარჩა
პასკალ კინიარი. ყოველი დილა ქვეყანაზე. ფრანგულიდან თარგმნა დავით წერედიანმა, რედაქტორი მზია ბაქრაძე. თბ. "სანი", 2002.
წიგნზე რეცენზიის წერა უკვე დაწყებული მქონდა, როცა "გარდიანის" საიტზე შესული სრულიად მოულოდნელად შემდეგი შინაარსის news-ს წავაწყდი: გაზეთის პარიზელი კორესპონდენტი იუწყებოდა, რომ პასკალ კინიარმა ფრანგულენოვანი სამყაროს ყველაზე პრესტიჟული, "გონკურების" ლიტერატურული პრემია მიიღო და სიმბოლური ათი ევროც "ჩაიჯიბა". კინიარი თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხელწერის მქონე პროზაიკოსია, დახვეწილი სტილისტი და უცნაური მთხრობელი, მწერალი, რომელიც ყოველგვარი იდეოლოგიური "სამკაულებისგან" იცავს თავის კალამს და რომელიც უკანასკნელ ხანს ქართველმა მკითხველმაც შეიყვარა წიგნით "ყოველი დილა ქვეყანაზე".
წიგნის წაკითხვამდე ალენ კორნოს ფილმი მქონდა ნანახი, ჟერარ დეპარდიეთი და ჟან-პიერ მარიელით მთავარ როლებში. პირველი, რამაც მომნუსხა, მუსიკა იყო, ჩემთვის აქამდე უცნობი სენტ-კოლომბისა და მარინ მარეს ვიოლასთვის დაწერილი მუსიკა. მეორე დღესვე შევუდექი ჩანაწერების ძიებას, მაშინ Audiogalaxy-ს სახელი ჯერ კიდევ ჰქუხდა ინტერნეტში, ჰოდა მეც ადვილად, სულ რაღაც საათნახევარში გადმოვწერე ამ ორი მუსიკოსის ყველა ნაწარმოები, რომელიც კი მოიძებნებოდა მსოფლიო აბლაბუდაში. იმავე დღეს დავაზუსტე, რომ სენტ-კოლომბის ხელნაწერი (ფრანგულად ასე ჰქვია თურმე: 67 pieces a deux violes esgales) 1966 წელს აღმოუჩენია ალფრედ კორტოს და იგი 1973 წელს გამოუციათ გერმანელებს. ერთი სიტყვით, გავუტიე, გამიტაცა ვიოლამ და იმასაც მოვკარი ყური, რომ სენტ სენტ-კოლომბს მეშვიდე სიმი მიუმატებია ამ ინსტრუმენტისთვის, თანაც საფრანგეთში პირველი ყოფილა, ვისაც მოვერცხლილ სიმებზე დაუკრავს. სენტ-კოლომბს გასული საუკუნის 60-იან წლებამდე მისივე მოსწავლეების, ჟან რუსოსა და მარინ მარეს რამდენიმე მიძღვნითა და ორიოდე ანეკდოტით იცნობდნენ, მისი ცხოვრებიდან ზოგიერთი ფაქტი ევრარ ტიტონ დუ ტილეს "ფრანგულ პარნასშიც" (1732) ყოფილა დამოწმებული.
პასკალ კინიარმა სენტ-კოლომბის მუსიკა პირველად 1976 წელს აღმოაჩინა, როცა ხორდი სავალის მიერ შესრულებული ჩანაწერები მოისმინა, 1991 წელს უკვე რომანი გამოვიდა და იმავე წელსვე გადაიღეს ფილმი, სადაც, როგორც მოსალოდნელი იყო, ხორდი სავალისვე დაკრული მუსიკა აჟღერდა.
აი, ამ მწირი ცნობების ამარა დარჩენილი დავეძებდი 1997 წლის "ინოსტრანკაში" დაბეჭდილი რომანის რუსულ თარგმანს და წელს, სრულიად მოულოდნელად "ყოველი დილა ქვეყანაზე" ქართულადაც გამოიცა.
დავით წერედიანის მიერ ბრწყინვალედ გადმოქართულებულმა წიგნმა არათუ ზემოთჩამოთვლილი ფაქტები დამავიწყა (რომელიც ამ დღეებში რის ვაი ვაგლახით აღვადგინე), არამედ თავად ფილმსაც გადაუსვა ხაზი. ნამდვილი ლიტერატურა ხომ ყოველთვის აქარწყლებს ე.წ. "რეალობის ეფექტს" და ერთი შეხედვით (უფრო სწორად ერთი წაკითხვით, ან ერთი ამოსუნთქვით) სინამდვილის ყველა ნიშანს ართმევს ოდესღაც რეალურად გამძვინვარებულ თუ ცრემლდანთხეულ მოკვდავ-პროტოტიპებს. ნამდვილი ლიტერატურა ამ მოკვდავებს "დიდ დროში" ათავსებს და იქ უკვე ფაქტები და რეალიები ძალას კარგავენ.
არადა ამ რომანში თითქოს საკმაოდაა რეალობის ეფექტის გამომწვევი დეტალები…