ავტორი – აკა მორჩილაძე
ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო.
შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება.
ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით.
არსებობს ახლა ძველი შესასვლელი?
ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი.
ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა.
მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის.
ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები.
იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა.
1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება.
ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ.
ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა.
არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ.
რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური.
ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები.
ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა.
სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება.
ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა.
მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო.
დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის.
ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა.
ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა.
სულ სხვა რამის დაწერა მინდა.
სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო.
პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო.
ბავშვობისა რა მახსოვს და, ადრიან დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პაწაწინა სახლში მამიდაჩემი ცხელ ხაჭაპურს ჭრის და ჩაის ძველებურ ჭიქაში ბლომად ალუბლის მურაბას მიყრის. ვფიქრობდი, რანაირია ნეტა ეს ქუთაისი-თქო. არ ვიცოდი, ვიცოდი მხოლოდ ეს სახლი.
ჩვენები ომამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, კაი დიდი სახლი ჰქონდათ გორაზე. მერე ომმა არია ცხოვრება. ბაბუაჩემი დაიძრა.
ეს გრძელი ისტორიაა და უცხოს არ დააინტერესებს.
სინამდვილეში სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა. აი, ვუტრიალებ და ვერ ვახერხებ. რაღაც ნაკუწებს ვკრეფ და მგონი, საბოლოოდ რამე გამომივა.
მე რა უნდა დავწერო ქუთაისზე. ბავშვობიდან ვყოფილვარ იქ. ქუთაისის სადგურში დიდთოვლობას გაჩხერილ მატარებელშიც ვმჯდარვარ, სათაფლიას დუქანშიც ვყოფილვარ, გელათის ამბავსაც მივხვედრილვარ, მგონი, და ბაგრატის ტაძრის თაღში რომ ლეღვის ხე იყო შეზრდილი, ისიც დამამახსოვრდა. შიგ ჩიტები ფრთხიალებდნენ. ლეღვი იყო, მგონი. ვერ ვცნობდი მაშინ, პატარა ვიყავი. საოცარი რამ კი იყო. ახლა აღარ არისო, - მითხრეს. ბაგრატი უნდა აშენდესო, მგონი, ამასაც ამბობდნენ. ის თაღში ამოზრდილი ტოტები და შიგ შეფრთხიალებული ჩიტი, მგონი, ყველაზე ლამაზი რამ არი, რაც ცხოვრებაში მინახავს.კიბეც გადასარევია. გახსოვთ, "საბუდარელ ჭაბუკში" ჩხუბი როა ამ კიბეზე? ცუდი უშანგი და კარგი გოგიტა რო ჩხუბობენ?
ქუთაისი სურათებია. სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე?