“იანვარს მოძმედ არ ვეძნელები”, ანუ “პახმელია”
Posted 1:00 PM by Nina in თემები tavisufleba.org, დღესასწაული, მალხაზ ხარბედია
მალხაზ ხარბედია
ბოლო ორი კვირა დიადი ნადიმებისა და გრძელი ნაბახუსევებისა იყო (ზოგისთვის სამი და ოთხი კვირაც გამოდგა ასეთი, რადგან ბარბარობასა და დეკემბრის შობას დაიწყეს აღნიშვნა). ამ ვეფხის ახალ წელსაც, ტრადიციულად, ვეფხურად შეუდგა თრობას სრულიად საქართველო. ნადიმები ნათესავებთან და მეგობრებთან გაგრძელდა 1-2 იანვარს, 3-ში თანამშრომლებთან და კოლეგებთან გაიარ-გამოიარეს, 4 იანვარი კი ასეთი ჰედონისტებისთვის ძალზე მძიმედ გათენდა. ამ დღეს ალბათ ყველაზე მეტი იყო დისკომფორტი, გულისრევა, გულის ფრიალი, სიკვდილზე ფიქრი, არყის ტაკების შემდეგ დაჭყანვა, ლუდზე გაგზავნა, კომპოტების გახსნა, მჟავე კიტრის წათხის მოყუდება, წყალ-ღვინოს ყლუპებით სმა, კონიაკიანი ჩაის წრუპვა, თათარიახნის ხვრეპა, ხაშის სვლეპა, სუფთა ჰაერის ყლაპვა.
წელსაც ბევრი გადაურჩა უბედურებას სახელად “პახმელია”, წელსაც ბევრმა ჩაიფიქრა (ზოგმა დაიფიცა, ან დაიგინა), რომ მეტს აღარ დალევდა. ეს იანვარი ბევრისთვის იქცა ახალი ცხოვრების დაწყების საწინდრად.
ნაახალწლევს „პახმელიის“ აჩრდილი დაძრწოდა მთელს ქალაქში, ამიტომ დღევანდელ ბლოგს მას მივუძღვნი, ამ პოეტურ-ჯოჯოხეთურ მდგომარეობას, რომელშიც ღრმა სულიერება და მელანქოლია ყველაზე ყოფით რაღაცეებს ერწყმის.
სინამდვილეში რა ხდება? რა და საშუალო, საორიენტაციო დოზა ალკოჰოლის მიღებისა მოზრდილი მამაკაცის კილოგრამ წონაზე (დაახლ. 80 კგ.) 1 გრ. ეთილის სპირტი ყოფილა. ზღვარი თურმე 100 მლ. აბსოლუტურ ალკოჰოლზე გადის, ანუ დაახლ. 250 მლ. არყის შესაბამის ალკოჰოლზე. ეს იმდენ ალკოჰოლს ნიშნავს, ანუ ეთილის სპირტის იმ რაოდენობას, რომელიც შეუძლია ბოლომდე გადაამუშაოს ადამიანის ღვიძლის ფერმენტებმა. როცა ზედმეტი რაოდენობის ალკოჰოლი ხვდება ორგანიზმში, მაშინ მუშაობას იწყებს სხვა სისტემა ფერმენტებისა, რომლებიც ეთილის სპირტის გადამუშავებას იწყებენ, მაგრამ ამ დროს წარმოშობილი ძმარმჟავა ალდეჰიდი, რომელიც გროვდება ორგანიზმში და ღვიძლიდან სისხლის საშუალებით გადაიცემა, ორგანიზმისა და ქსოვილების მოწამვლას იწვევს. ზუსტად ეს ალდეჰიდი ყოფილა „პახმელიის“ მიზეზი და ექიმებიც „პახმელიას“ ძმარმჟავა ალდეჰიდით მოწამვლას უწოდებენ თურმე.
გარდა ამისა, “პახმელიაზე” ადამიანს საგრძნობლად უქვეითდება სისხლში შაქრის შემცველობა და ხშირ შემთხვევაში იგი ნულის ტოლიც ხდება ხოლმე, რის გამოც ბევრს თავბრუსხვევა, ენის დაბმა, გულის რევა და გრძნობის დაკარგვაც კი აღენიშნება. ამასთან დაკავშირებით ერთი ჩემი ნაცნობი ურჩევდა გარშემომყოფთ: „პახმელიაზე“ ყველაზე კარგია, ერთი მოზრდილი ტორტის ნაჭერი დააყუმბაროთო. თეორიულად მართალია, თუმცა ნაბახუსევზე ტორტის ჭამის შემძლე ადამიანთა პროცენტი თითქმის ნულს უტოლდება (შაქრისა არ იყოს).
ვინ როგორ უმკლავდება ამ უბედურებას?