ვარ კეთილი ჩეჩენი

Posted 10:31 PM by anano in თემები , , ,

   

ავტორი - gorgiladze

ვარკეთილის მეტროსადგური, ნანახი თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ. ღვთისგან მივიწყებული ადგილია.  სანამ ესკალატორამდე მიხვალ, “პადზემკაა”, სადაც ვაზისუბნელებისა და

ვარკეთილელებისთვის საუკეთესო მიდამოა დაბადების დღის საჩუქრის საყიდლად მეგობრისთვის: ჩაის სერვიზი, ყავის ჭიქები, ფუმფულა სათამაშოები, საფულეები. სხვა რაღაცებსაც ნახავთ.  ქსეროქსის აპარატებიცაა, ხამსა თევზიც, პრესის ჯიხურიც.  ოღონდ ინატრე, სულო და გულო.  მერე მეტროპოლიტენის ტერიტორია მოდის. აქ “ფულის ჩასარიცხი” დანადგარი დიდი ხანია მოიტანეს, მაგრამ მგონი არცერთ დღეს არ უმუშავია. აქ მოლარეები ფულს სუნით ცნობენ და ხურდასაც სწრაფად გიბრუნებენ. ესკალატორზე როცა დგახარ, ვიღაც, “პრისტავკასთან” მჯდომი, “დიდი გამყინვარებით” განებივრებს.

ვაზისუბანში მეტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს. აგერ უკვე ოცდაათი წელი იქნება (ალბათ კიდევ ოცდაათ წელს გასტანს სამუშაოები), ამიტომაც, ვაზისუბნელები, მეზობელი ვარკეთილელების მეტროსადგურით ვსარგებლობთ. დღეს მომიწია მეტროთი მგზავრობა. ზემოთ ნახსენები “სამოთხის ბილიკი” სრულად გავიარე. როგორც წესი, პირეველივე ვაგონში არ შევდივარ ხოლმე. ბევრი ხალხი გროვდება და სუნთქვა ჭირს. დღეს პირველ ვაგონში შევედი, მივასწარი, გადიოდა. კიდევ ერთი ჩვევა მაქვს – ვაგონში არასოდეს ვჯდები ორი მიზეზის გამო: “აბივკები” ყოველთვის დასვრილია. მეორეს რაც შეეხება, ერთი სადგურის შემდეგ მაინც მომიწევს ადგილის მოხუცისთვის დათმობა. ამიტომაც სულ ფეხზე ვდგავარ.

ერთი ჩვევაც მაქვს: სულ ხალხს ვაკვირდები . შესახედაობაზე, ჩაცმულობაზე (ჩემი კვლევის მიხედვით, “დოლჩე და გაბანას” და “არმანს” ყველაზე კარგად სწორედ თბილისში ეყიდება “საქონელი”).  ვდგავარ ჩემთვის, “თბილისელებს” ვაკვირდები. ერთიც გავიხედე და  თავსაფრიანი ქალი დავინახე. მაქსიმალურად გრძელ კაბასა და თავსაფრის  მოხვევის სტილზე ეტყობოდა მუსულმანი იყო. ხელჩანთა ეჭირა. მერე მის გვერდით მდგომ კაცს გავხედე. გრძელი წვერი ჰქონდა, ჟღალ ფერში გადადიოდა და ცისფერი თვალები. ტყავის ქურთუკი ეცვა. მივხვდი ჩეჩნები უნდა ყოფილიყვნენ. მათ დათვალიერებას მოვრჩი და ისევ დანარჩენ “თბილისელებზე” გადავედი.

ცოტა ხანში, ამეკვიატა აზრი, რომ ის ორი ჩეჩენი (კაცი და ქალი) ტერორისტები იყვნენ და ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ. პირველ რიგში, ვინანე, რომ სწორედ პირველ ვაგონში შემოვედი: “ახლა უყურე და დატკბი, როგორ აგწევენ ჰაერში ვაჟბატონო” – ვეუბნებოდი ჩემს თავს. თვალს არ ვაშორებდი “ტერორისტებს”.  ჩემი ჭკუით ყველაფერს ფარდა ავხადე: ქალს რომ ხელჩანთა ეჭირა, იმაში ბომბი იყო. გრძელი კაბის შიგნით დამაგრებული ჰქონდა ტროტილის კოლოფები. კაცი ტყავის ქურთუკის უკან ავტომატს მალავდა. რამდენჯერაც გაინძრეოდნენ, იატაკზე დასაწოლად ვემზადებოდი. ჯერ ისიც ვიფიქრე დანიშნულების ადგილზე ადრე ხომ არ ჩავიდე – მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. მე, რაინდს, მამაჩემის შვილსა და ბაბუაჩემის შვილიშვილს ეს არ მეკადრება – მეთქი.

საბოლოოდ, ჩამოვედი დანიშნულების ადგილზე. მთელ დღეს იმ ჩეჩნებზე მეფიქრებოდა. შინ რომ დავბრუნდი, საინფორმაციო ჩავრთე და ველოდი, თუ როდის გადმოგვცემდნენ: “დღეს, თბილისის მეტროპოლიტენში მოხდა ტერორისტული აქტი . . .”.   ეს იყო შერლოკ ჰოლმსის ერთადერთი მცდარი გამოძიება

იხილეთ აქ

http://gorgiladze.wordpress.com/



0 comment(s) to... “ვარ კეთილი ჩეჩენი”