სიკვდილის მდინარე

Posted 1:00 PM by Nina in თემები ,

al

ავტორი:ალექსი ჩიღვინაძე

მოქმედი პირები:

პირველი მეთევზე
მეორე მეთევზე
თვითმკვლელი

მთელი სცენა - ხიდია. ხიდზე მყოფნი, მაყურებელს ისე გადმოსცქერიან, როგორც მდინარეს. გაზაფხულის თბილი დღეა. ხეებს ღია მწვანე ფოთლები - ახალშობილის მომცრო ყურებივით ამოზრდიათ. ჰაერი გაჟღენთილია გაზაფხულის სურნელით. ხიდზე ორი მეთევზე დგას.

პირველი სცენა

პირველი მეთევზე

პოლიციის სირენის ხმას თუ გაიგებ და შენი მრგვალი ფანჯრიდან გადაიხედავ, დაინახავ გარუჯულ, ნახევრად შიშველ, გრძელფეხება სამართალდამცავებს. მათ, ათლეტური აღნაგობის, შეშინებული, გაუპარსავი, მთვრალი მამაკაცი კადილაკზე გადაუწვენიათ და ბორკილს ადებენ. ამ ქალაქში, როგორც წესი პოლიციაში ის ქალები იწყებენ სამსახურს, რომელთაც მოდელის კარიერაში წარმატებას მიაღწიეს. მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ უფლება იმსახურონ. კანონი - მხოლოდ მამაკაცებისთვის არსებობს. ისინი - მაწანწალა ძაღლებივით დაეხეტებიან ქუჩაში, უსაქმურები, სასმელის და წამლის დოზის ძიებაში. ქალებს, ყველაფრის უფლება აქვთ.

ისტორია, რომელიც ამ ქალაქში მოხდა, არცერთ სხვა ისტორიას არ ჰგავს. ისევე როგორც ეს ქალაქი არ ჰგავს არცერთ სხვას. ციხეში გატარებული ორი თვის შემდეგ, ცალხელა ჯონმა გადაწყვიტა ჭკვიანად ყოფილიყო. შეიძინა 10 ქილა ლუდი და იმ ადგილას დაჯდა, საიდანაც ყველაზე კარგად ჩანდა ქალაქიდან გამავალი რელსები. გაზაფხულის ნიავი ქროდა. მთვარეს ღრუბლები ხან აჩენდნენ, ხან არა. მატარებლები ყოველ ნახევარ საათში გრიხინით ჩაივლიდნენ გვერდზე. ის კი ყოველ ნახევარ საათში ასწრებდა ქილის გამოცლას და მეორე ქილის გახსნას. თან წარმოიდგენდა, როგორ უკეთებდა მარიამი მინეტს. 10 მატარებლის შემდეგ, მის ფეხებთან ლუდის ქილებით აწყობილი მატარებელი იდგა. ცალ-ხელა ჯონს, უკვე აღარაფრის თავი არ ჰქონდა და იქვე წარმოქმნილ ბაქანზე აპირებდა ჩაძინებას, იმ რამდენიმე ვარსკვლავის ყურებაში ცაზე რომ მოჩანდა და არაფრის დიდებით არ აპირებდა ჩამოვარდნას.

მოულოდნელად მას მძიმე ნაბიჯების ხმა მოესმა. დაეზარა მიხედვა და დაელოდა, სანამ უცნობი მისი თვალთახედვის არეში შემოვიდოდა. მაგრამ უცნობი მის უკან გაჩერდა. ჯონი იძულებული გახდა, ვარსკვალავებისთვის თვალი მოეწყვიტა და მთელი ტანით შებრუნდა. მაგრამ მის უკან არავინ იდგა.

მეორე მეთევზე

საინტერესოა... ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი უბედურება. მაგრამ ვერ მივხვდი, რისი თქმა გინდოდა, მაგ უაზრო ისტორიით?

პირველი მეთევზე

არც არაფრის... ხშირ შემთხვევაში ადამიანები, არაფერზე ლაპარაკს ამჯობინებენ. ისინი გამუდმებით ლაპარაკობენ არაფერზე. ეს არაფერი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მათთვის. მეც გადავწყვიტე ისტორიები მოვიგონო და ამ "არაფერს" თავისი ადგილი მივუჩინო.

მეორე მეთევზე

და მაინც ყველაფერს ართულებ...

პირველი მეთევზე

ვართულებ? წერო იგივეა, რომ იფრინო სიზმარში. როცა იხსენებ. როცა შეგიძლია. როცა გამოგდის. და ეს ძალიან მარტივია. არაფერსაც არ ვართულებ. რთული და მარტივი, ლამაზი და მახინჯი, ბედნიერი და უბედური, ისეთივე შეუსაბამო ეპითეტებია ცხოვრებისთვის და მათგან გამოშვებული ან მასში ჩაკეტილი ისტორიებისთვის, როგორც თევზისთვის - ორატორი ან სოპრანო... გინდა კიდევ რაღაც წაგიკითხო, კიდევ ერთი, გუშინ გაჩენილი ამბებიდან?

მეორე მეთევზე
მიდი, მოგისმენ... სხვა რა გზა მაქვს.

პირველი მეთევზე

ეს უცნაური ამბავია. უფრო ლექსია ალბათ, ვიდრე ამბავი და ეს ამბავი სიკვდილზე:

იხილეთ ვრცლად>>>

http://demo.ge/



0 comment(s) to... “სიკვდილის მდინარე”