საუკეთესო და უარესი ქვეყნები დასაქმების მსურველთათვის
Posted 3:00 PM by anano in თემები კვლევა, სამყარო, სოციალური ქსელი, ცხოვრების სტილი
ავტორი - Archil Mikelashvili
მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო მოსაზრებით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ყველაზე მძიმე ტალღამ უკვე გადაიარა, ექსპერტები აღიარებენ, რომ რამოდენიმე მიმართულებით ისევ საგანგაშო ვითარებაა. მათ შორის გამორჩეული, უდავოდ შრომის ბაზარია, სადაც კრიზისი ჯერ კიდევ ყველაზე მძაფრად იგრძნობა. ეს გლობალური ტენდენციაა, მაგრამ ცხადია, მთელ რიგ ქვეყნებში ვითარება სულაც არაა ასეთი მძიმე, პირიქით, იქ უმუშევრობის კლება უკვე შეიმჩნევა. ვფიქრობ, ინტერესს მოკლებული არ უნდა იყოს ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ რომლებიც ამ მხრივ “ლიდერები” არიან.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკულმა დასაქმების სააგენტომ Manpower ჩაატარა მეტად
საინტერესო კვლევა სახელწოდებით “დასაქმების გლობალური პერსპექტივები”, რომელიც მიზნად სწორედ ისეთი ქვეყნების გამოვლენას ისახავდა, სადაც ყველაზე საიმედო და პირიქით, ყველაზე უიმედო ვითარებაა.
ამისათვის სააგენტოს ანალიტიკოსებმა მსოფლიოს 35 ქვეყნის მასშტაბით 72000-მდე დამქირავებელი თუ HR სპეციალისტი გამოკითხეს. შეკითხვა კი შემდეგში მდგომარეობდა - ”უახლოესი 3 თვის განმავლობაში (იგულისხმება გასული წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი ავტ.) აპირებთ თუ არა ახალი თანამშრომლების აყვანას?” გამოკითხულთა იმ პროცენტულ რაოდენობას, რომელმაც ამ კითხვაზე დადებითად უპასუხა გამოაკლეს ისინი, ვინც არათუ შტატის შევსებას არ აპირებს, არამედ დასაქმებული პერსონალის დათხოვნას გეგმავს და მიღებულ იქნა ე.წ. “დასაქმების პერსპექტივის სალდო”.
კვლევის მიხედვით, დასაქმებას ყველაზე ოპტიმისტურად ინდოეთში უყურებენ (+34%), სექტორების მიხედვით აქ ამ მხრივ საბითუმო და საცალო ვაჭრობა ლიდერობს. მეორე პოზიციაზე ბრაზილიაა (+21%), სექტორების მიხედვით აქ ყველაზე აქტიური მომსახურების სფეროა (+33%), რომელიც თავის მხრივ საუკეთესოდ რიო დე ჟანეიროშია განვითარებული.