SOS- თავდასხმა ფონდ "ინკლუზივზე"

Posted 8:45 PM by anano in თემები , , ,

   

ავტორი – Alexander

საქართველოს პრეზიდენტს
საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს
საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს
საქართველოს სახალხო დამცველს

მ ი მ ა რ თ ვ ა

ქართულ სამოქალაქო სექტორზე თავდასხმის გამო
2009 წლის 15 დეკემბერს, საღამოს 7 სათზე ფონდ “ინკლუზივის” ოფისში 5 უფორმო, შეიარაღებული ადამიანი შეიჭრა. ფონდში, ხელმძღვანელის გარდა იმყოფებოდნენ ქალთა კლუბის წევრები. უცნობმა პირებმა ისინი გააფრთხილეს არ დაეტოვებინათ ოთახი და განუცხადეს, რომ მხოლოდ “მათი უფროსი” აინტერესებდათ. ფონდის ხელმძღვანელი რამდენიმე პირმა სხვა ოთახში გაიყვანა. ამის შემდეგ, მათ ტელეფონზე დარეკეს და 8 საათისათვის ოფისში უცხო პირთა რიცხვი უკვე 12-13-მდე გაიზარდა. იქ მყოფთა მონათხრობით, შემომჭრისას მათ არ ეცვათ პოლიციელთა ფორმები (რამდენიმე მათგანმა მხოლოდ ოფისში შემოიცვა ქურთუკი შესაბამისი წარწერით), არ უჩვენებიათ ჩხრეკის ორდერი, უარი თქვეს საბუთის წარდგენასა და იდენტობის გამჟღავნებაზე.
თვითმხილველთა თქმით, მათ შეახსენეს ოფისში შემოსულ პირებს, რომ ჩხრეკას, რომელიც მეორე ოთახში დაიწყო, მოწმეები სჭირდებოდა. ყველას ჩამოართვეს ტელეფონები, ცალკე ოთახში გადაიყვანეს და რამდენიმე “პოლიციელი” მიუჩინეს. გოგონები რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკეტილი ჰყავდათ ოთახში, არ მისცეს ახლობლებთან დაკავშირების საშუალება, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას – ეძახდნენ გადახრილებს, ავადმყოფებს, სატანისტებს, დასცინოდნენ და აშანტაჟებდნენ. ემუქრებოდნენ, რომ გადაუღებდნენ და გაავრცელებდნენ სურათებს. ჩამოხიეს კედლებზე გაკრული პლაკატიც. იყო ფიზიკური ლიკვიდაციის მუქარაც, განსაკუთრებით ფონდის თანამშრომლების ეკა აღდგომელაშვილისა და თინათინ ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც დაჟინებით მოითხოვდნენ ჩხრეკის ორდერის ან რაიმე საბუთის წარდგენას. ამ მოთხოვნაზე ისინი ცინიკურად პასუხობდნენ, რომ “ორდერსა და საბუთს მხოლოდ იმას აჩვენებენ, ვისაც საჭიროა.” ამ თავდასხმის შემდეგ დაკავებულ იქნა ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაატა საბელაშვილი.

1) ვაპროტესტებთ ადამიანის ღირსების, უფლებებისა და იდენტობის შეურაცხყოფას და მოვითხოვთ დაისაჯონ ის პირები, რომლებიც ზეპირსიტყვიერ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას სჩადიოდნენ ფონდ “ინკლუზივის” თანამშრომლების მიმართ.
2) მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებამ კანონით დადგენილი რეაგირება მოახდინოს ძალადობის ყველა მსგავს შემთხვევაზე, მოიკვლიოს და დასაჯოს მსგავს შემთხვევებში მონაწილე ყველა პირი.
3) ვთხოვთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ პაატა საბელაშვილის პატიმრობის პირობებს და მისი უფლებების ზედმიწევნითი დაცვის მოთხოვნით მიმართონ საქართველოს ხელისუფლებასა და სამართალდამცავ ორგანოებს. Aასევე ვთხოვთ, მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ მსგავს შემთხვევებსა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების შესრულებას.
3) მოვითხოვთ საინფორმაციო საშუალებებმა მკაცრად დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და პიროვნების ღირსების ხელშეულებლობა და თავი შეიკავონ ყოველგვარი დეზინფორმაციის და შესაბამისად გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
4) მოვითხოვთ დაუყოვნებლივ შეწყდეს ფონდის თანამშრომლების დევნა, თვალთვალი და ფსიქოლოგიური ზეწოლა.
5) ვთხოვთ საქართველოს სახალხო დამცველს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოს ფონდი ინკლუზივის დარბევის საკითხს და მონიტორინგი განახორციელოს პაატა საბელაშვილის ყველა სამოქალაქო უფლებების ზედმიწევნით დაცვაზე.

იხილეთ ვრცლად...

http://gaytb.blogspot.com/



0 comment(s) to... “SOS- თავდასხმა ფონდ "ინკლუზივზე"”