ფიქრები წარსულსა და მომავალზე (დგც დგც რემიქსი)
Posted 3:00 PM by Nina in თემები Music, tavisufleba.org, მუსიკა, ნიკო ნერგაძეავტორი ნიკო ნერგაძე
ეხლა, რა ხდება. ბლოგის განახლება ძალიან დამიგვიანდა (ჯერ ასეთი რამ არ მომსვლია!). ვიჯექი და მაინცდამაინც საინტერესო ვერაფერი დავწერე. სათაური მოვიფიქრე მარტო. აი, ახედეთ მაღლა. ეგაა. ცუდი მე მგონი არ არის. არა, არც განსაკუთრებულად კარგია, მაგრამ გამოდგება. ისე, როგორც წესი სათაურს ბოლოს ვარქმევ ხოლმე. ეხლა პირიქით გამოვიდა. თან, ისე მოხდა, რომ სათაურს დანარჩენ სტატიასთან მინიმალური კავშირი აქვს. (ისე, სტატია მუსიკაზეა... რა ვიცი, ქვევით კიდევ კარგა სამ აბზაცში არ ვახსენებ და იქნება არ გინდა მუსიკაზე კითხვა და მერე რომ არ თქვა, მე პინგვინებზე მეგონა და ეს კიდევ მუსიკაზე ყოფილაო).
მოკლედ, ვიფიქრე, ვიდრე ფორმას დავუბრუნდები რამე ძველ სტატიას გადმოვაბლოგებ მეთქი. ეგრეც გავაკეთე. ცოტა შევკვეცე, მოძველებული რაც იყო გადავაკეთე (აგვისტოში ომი გვქონდა რუსეთთან და კიდევ ”ოაზისი” დაიშალა) და კონტექსტი შევუცვალე. ადრე ერქვა "ბალღამობანა: რაც შენ გიყვარს არ ვარგა". "ანაბეჭდში" გამოქვეყნდა. ეხლა ჰქვია "ფიქრები წარსულსა და მომავალზე (დგც დგც რემიქსი)". პირველი სათაური ჯობდა.
დაურემიქსებელი სტატიის აზრი იყო, რომ მკითხველისთვის ნერვები უნდა მომეშალა. ისე, გასართობად. პრინციპში, ნერვები წესით ახლაც უნდა მოუშალოს ზოგს, მაგრამ ამჯერად სხვა სოუსი გვაქვს. რომ, აი, ახალი ათწლეული იწყება და მოდი ის მუსიკოსები ვახსენოთ, ვინც გასულ დეკადაში იყო პოპულარული საქართველოში და ამ პოპულარობას მაინცდამაინც არ იმსახურებდნენ. ასე დაგვებადა ახალი სათაური.
გასულ დეკადაში პოპულარული სამი ჯგუფი, რომლებიც, ჩვენი ექსპერტული მოსაზრებით, ამ პოპულარობას არ იმსახურებდნენ არ ერითმება, მაგრამ, ფაქტობრივად, ზუსტია.
ეს მუსიკოსები რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით შევარჩიე. ჯერ ერთი, ცნობილები უნდა ყოფილიყვნენ. აბა, ისე რა აზრი აქვს. შეიძლება მივდგე Joan of Arc-ს ან Godspeed You! Black Emperor-ს, მაგრამ რეაქცია სულ ორ კაცს ექნება და ეგ კიდევ ვის ეყოფა. ასევე, ჯგუფები ბევრისთვის საყვარელი უნდა იყოს. ანუ, უბრალოდ კი არ უსმენდნენ, უნდა ამბობდნენ: აი ეს არის ჩემი საყვარელი ჯგუფიო. აბა, ისე ნახევარი თბილისი ადრიანო ჩელენტანოს უსმენს, მაგრამ რომ აგინო, გული ძალიან არავის დასწყდება. ასევე, ისეთ ხალხს უნდა უყვარდეს, მუსიკის სმენაზე რომ დებს თავს. თორემ რამდენიც გინდა იმდენია, “აეროსმითი” რომ უყვარს და სულ არ ადარდებს, რომ ბოლო 20 წელს გამოსული მათი ყოველი ახალი სიმღერა ზუსტად იგივეა, რაც წინა, ოდნავ შეცვლილი ტექსტით. ამათი მოყვარულებისთვის სულ ერთია, რას იტყვის სხვა მათ მუსიკალურ გემოვნებაზე. სულ ერთი რომ არ იყოს, რამე ნორმალურს მოუსმენდნენ.
ამას გარდა, არ შევეხები ქართულ მუსიკას, თურქულებს, გერმანულ ამაზრზენ ტექნოებს და რუსულ პოპს. ხელშეუხებელთა კატეგორიაში გადიან მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო მიმდინარეობის – ნიუ მეტალის წარმომადგენლებიც - "კორნი", "ლიმპ ბიზკიტი" და ძმანი მათნი. არც Creed-ს, Nickelback-ს და ეგეთებს ვახსენებთ. ამათ ბევრი მსმენელი ჰყავთ, რასაც ალბათ შეიძლება რაღაც რაციონალური, მეცნიერული ახსნა მოვუძებნოთ – ჩერნობილის კატასტროფის დაგვიანებული შედეგი, მასონების გლობალური შეთქმულება ან ამერიკის მთავრობის მიერ განხორციელებული საიდუმლო ექსპერიმენტი, მაგრამ, როგორც ჩანს, უბრალო მოკვდავები ამას ვერასოდეს ჩავწვდებით.
აბა, ვინ?
თავიდან ექვსეული გავაკეთე და ძალიან გრძელი გამოვიდა. მერე "კოლდპლეი" და "ოაზისი" გავაერთიანე და მაინც გრძელი იყო. ამიტომ გორან ბრეგოვიჩი და "რედ ჰოტ ჩილი პეპერსი" ამოვაგდე და საბოლოოდ სამეულად გადავაქციე. ამოგდებულებს კიდევ იმიტომ ვახსენებთ, რომ ნერვები მოგეშალოს, მაგათ რაღას ერჩოდიო. ბოლოს აი, ასეთი სამეული გამოვიდა:
3. Oasis
რას ვერჩი: ყველა წესის მიხედვით აქ Coldplay უნდა ჩაგვესვა. ჯგუფი ყოვლად აუხსნელი მიზეზების გამო, რა ხანია, სუპერბენდად გადაიქცა. ეს მიუხედავად იმისა, რომ მათი მუსიკა დიდწილად Bends-ის დროინდელი Radiohead-ის დაუნი ბიძაშვილია. "კოლდპლეის" სტილს ბევრი (ჯერჯერობით მარტო მე) სლიპ-როკს ან ვეჯაინა-როკს უწოდებს. ამის მიუხედავად, მესამეზე მაინც "ოაზისია".
რატომ? ჯერ ერთი იმიტომ, რომ Viva La Vida-ში რამდენიმე არცთუ ურიგო სიმღერაა, "ოაზისმა" კიდევ ბოლო ნორმალური სიმღერა გასულ საუკუნეში დაწერა. ამასთან "ოაზისის" ფანები განსაკუთრებულად კუდიყავარზეგადებულები და გამაღიზიანებლები არიან. მათთვის ნერვების მოშლა უკეთესი საქმეა. ისე დააგოგმანებენ ამ "ოაზისს", ისე აიყვანენ ხოლმე ცაში ფორუმებზე და პირად საუბარში, გეგონება, მართლა კარგი ჯგუფი იყოს. თან მერე ბრიტპოპსაც ისე ახსენებენ, თითქოს ეს ულტრათანამედროვე მიმდინარეობა იყოს. 15 წელია, ბრიტპოპი მოკვდა, მაგრამ ბევრი ქართველისთვის ის ჯერაც ცოცხალია. გაბღენძილობაა პრობლემა, თორემ ისე, ვის არ მოსწონებია ოთხმოცდაათიანების ისერა ჯგუფი.
ეხლა საქმე: კარგი, პირველ ორ ალბომს არა უშავს, მაგრამ მერე? 1997 წლის Be Here Now მოსაწყენი, პრეტენზიული, გადაპრიალებული ნეხვი იყო, რომელიც თავიდან კრიტიკოსებმა ადიდეს და ცაში აიყვანეს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, მანამდე Morning Glory ჰქონდათ გალანძღული, ის კი შემდეგ მაინც პოპულარული გახდა. ჰოდა, ახლაც, ემანდ არ შევცდეთო, და აქეს. გამოსვლის პირველ ორ კვირაში ალბომის მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა - რეკლამისა და დიდი მოლოდინის ხარჯზე, მაგრამ იმ ორი კვირის მერე, აღარც არავის უყიდია. ალბომის გამოსვლიდან ერთი წლის შემდეგ Melody Maker-ი წერდა, Be Here Now ნომერი პირველი დისკია, რომელსაც მომხმარებლები მეორადი დისკების მაღაზიაში აბარებენო. შემდეგი ალბომებიც, შეიძლება ძალიან ცუდი და საზიზღარი არ ყოფილა, მაგრამ არც კარგი იყო. ერთი სიტყვით რომ დაახასიათო "ოაზისის" ბოლო 15 წლის შემოქმედება, ეს სიტყვა იქნება – არანაირი. ამას დავამატოთ ისიც, რომ დიდი ორიგინალურობით ჯგუფი არც არასდროს გამოირჩეოდა. პლაგიატში ბრალდებებს ძმები გალაჰერები ხშირად არც უარყოფდნენ. აი, ყველაზე უარესი ვთქვათ. იცით, საიდან აწაპნა ნოელ გალაჰერმა "ოაზისის" მეორე სინგლის, Shakermaker-ის მელოდია? "კოკა-კოლის" სარეკლამო ჯინგლიდან. მართლა. მერე იმ ჯგუფმა, ვინც ორიგინალი დაწერა, "ოაზისს" უჩივლა და მოუგო კიდეც. მერე ნოელი ამტკიცებდა, მუსიკა მაგათ კი არა, "ბიტლზს" მოვპარე, მელოდია Flying-იდან ავიღეო (ინსტრუმენტალია Magical Mystery Tour-ში, თავისთავად დიდი ვერაფერი შვილი).
ნიკო, თუ ასეთი ცუდია, აბა რატომ არიან ასე პოპულარულები? ბრიტანელები, ზოგადად, თავისებური ხალხია…