პატარა ელეგია საახალწლო ძილისპირულზედ

Posted 7:00 PM by KOMUNA in თემები , , , ,



ავტორი: დავით ზურაბიშვილი
„ვშვებით რამეს?“
ქართველობა. კაცობა. ჯიგარი. მართლმადიდებლობა. ჰელოუინი. ქალიშვილობის ინსტიტუტი. 37 მანეთად მოსკოვში. ეკლესიებს ანგრევენ. ტრადიციებს ებრძვიან. მიწა-წყალს გვიყიდიან. ბენდუქიძე იუდა... თუ იუზა?.. მოკლედ, როგორც არის. დარჩა კიდევ რამე თემა?
ჰო და რუსეთი. კრემლი. კაგებე. ეფესბე. აგენტები. მოღალატეები. განაწყენებულები. წითელი ინტელიგენცია. ყოფილი ინსპექტორები და მებაჟეები. ქურდები და კაი ბიჭები. ვერელები და ვაკელები. ჭიჭიკო და ბიჭიკო. კორკოტა, ვახო და გიგლა. მე, ბებია, ილიკო და... არა, ეს უკვე ზედმეტობაა...
ახლა გავშალოთ: წავიდა ჰე, ის ცხოვრება აღარ არი... ვენაცვალე მიშუტკას. ნეტა რადიკალური რეფორმები არ შეეჩერებინათ, იმიტომაც გაგულავდა ეკლესია. ომი კი მოვიგეთ, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია და ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ მაინც...
შემოგვახვია გველეშაპმა საცეცები. ერთი მოვჭერით, ორი დარჩა, მაგრამ მშვიდობას ვიგებთ. სახელმწიფო შედგა სინგაპურიდან დანიამდე. ბათუმი ფოთს შეუერთდება. თელავი თბილისის გარეუბანი გახდება (თუ პირიქით?), მესტიის სიღნაღიზაცია. ინვესტიციები დიოდეს, პაჩკა-პაჩკა დოლარები ცვიოდეს. ყველაზე მაგარია ევროპაში. ქუდზე კაცი და ქუდზე ქალი. აბა, გრეჩიხა ჯობდა?
„ვშვებით მეთქი რამეს?“
ამასობაში გადმოიხედავს სასახლიდან თვითონ ის, არქიტექტურისა არქიტექტურითა დამთრგუნველი და გაიდგმება შუშის ჩიტი მტკვარზე ამაყად და დაიძრება მტკვარიდან ბაღში, ბაღიდან გზაში, გზიდან უბანში, უბნიდან სახლში, სახლიდან თავში, თავიდან ცაში და შეშუშეთ, შეშუშეთ, შეშუშეთ, ამინ!.
ეს შიშველი სიმართლეა, არ გადართოთ! ჯანდაცვის მინისტრი შუა ქალაქში ჯანდაცვის მინისტრს ითამაშებს, პირველ არხზე გია იმღერებს, ჭანტურია (თუ იმღერა უკვე?), დირექტორი. ვანო კი, მერაბიშვილი, ვანოს შოუს წაიყვანს საახალწლოდ, ჯავახიშვილის. პრესის მიმოხილვას სოსო წაიკითხავს, თოფურიძე, თოქ–შოუებს ერეკლეს და შოთას ცოლები წაიყვანენ, კოდუას და უტიაშვილის. და პოლიციას ხალხისგან გაჰყოფს მხოლოდ შუშის მინა.
ჰო და ღამე შორენასთან კიდევ... კაია, მაგრამ ვინ მიგიშვებს? არველაძის ცოლია პროდიუსერი.
და წავიდა ისევ თემები: გაგება. მეობა. საპატრიარქო და თეა. ქალიშვილობის და ბიძაშვილობის ინსტიტუტები. სუფრის ნაცვლად ალაფურშეტი. გაიხარებს ბენდუქიძე იუზა... თუ იუდა?.. ახლა რუსეთი? კრემლი? პუწინი? მოღალატე და ჩასარეცხი ინწილიგენცია? ნეტა ეს რადიკალური რეფორმები მაინც მიეყვანა ბოლომდე! პარლამენტი ქუთაისში წავიდა, კოკო კი პარლამენტში შევიდა. ცოტნე დაიჭირეს, გიორგი იგინება.
„ვშვებით რამეს ბოლო-ბოლო?“
ჩვენ დავაგეთ გზები. გავანათეთ თბილისი, ავაშენეთ ქუთაისი, გავხსენით სიღნაღი. პოლიცია კორუფციის გარეშე, გამოცდები ჩაწყობების გარეშე, დედაქალაქი პარლამენტის გარეშე. სრულდება დაპირებები და მეტი რა ვქნათ? იგეგმება მორიგი შენობის დასრულებული ნაწილის საზეიმო გახნა. რადისონ ბლუ ივერია, მარიოტ ცრუ თბილისი, შერატონ ყრუ მეტეხი პალასი. ცოტა ხნით გადავალ გვერდით, ნორვეგიაში და მალე მოვალ.
მანამდე კი ყველას მინდა მოგილოცოთ ძველი წელის წასვლა, რომელიც ასი პროცენტით წარმატებული იყო და ახალი წლის დადგომა, რომელიც კიდევ უფრო მეტად წარმატებებული იქნება, რამეთუ მე ვარ ის მიწის მთხრელი, რომელიც რაც ზევითაა, ორი იმხელა მიწაშია.
“მოკლედ, ვშვებით რა... ეეეჰ, სძინავთ ამ ჩემისებს!“
რა გინდა რომ ჰქნა? ყველას სძინავს: დიდს, პატარას, მემარცხენეს და მემარჯვენეს, სძინავთ სტუდენტებს, პროფესორებს, ექიმებს სძინავთ, მასწავლებლებს, ინჟინრებს და არქიტექტორებს, მწერლებს, პოეტებს, მსახიობებს, რეჟისორებს და მხატვრებს სძინავთ, ფეხბურთელებმაც დაიძინეს დიდი ხანია, დაიძინეს გენერლებმა და პოლკოვნიკებმა, ჯარისკაცებმაც მიიძინეს,სერჟანტებმაც, სძინავთ მშენებლებს, კონსტრუქტორებს, რესტავრატორებს, სძინავთ ბაზრობის მოვაჭრეებს, დევნილებს სძინავთ, ეკონომისტებს, მეწარმეებს და ბიზნესმენებს, ოპოზიციას ხომ სძინავს და სძინავს (ამათ ჯობია კიდევ ეძინოთ), სძინავთ ექსპერტებს, ჟურნალისტებს, ენჯეოშნიკებს, მეცნიერებს, იურისტებს , ფილოლოგებს და ფოლოსოფოსებს, მეც მეძინება.
გუტ ნახტ, მაჲნ ლიბე ჰერრენ, ჲა გუტ ნახტ.


0 comment(s) to... “პატარა ელეგია საახალწლო ძილისპირულზედ”